logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე: დღეს ყველა ოჯახმა გაიმარჯვა, ვისაც სიმართლე სწყუროდა
- +

5 ივნისი. 2019. 15:12

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა და თავისი უფლებების დამცველებს მადლობა გადაუხადა.

 

„იშვიათი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში! რომელმაც თავად გადაწყვიტა, დამდგარიყო სასტიკად დამამძიმებელ გარემოებაში მოკლული ბავშვის დასაცავად და არ შეუშინდა არანაირ დაბრკოლებას.

 

იცოდა, რომ სისტემას დაუპირისპირდებოდა და ურთულესი გზის გავლა აირჩია უშიშრად და შეუპოვრად.

 

ნესტან ლონდარიძე - ადამიანი, რომელმაც თავისი სათქმელი უთხრა ყველა უწყებას და დაანახა, რომ სიმართლის გზით სიარული, ეს უკვე გამარჯვებაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ალეკო ცქიტიშვილი!

 

ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინათ შვილი დაეღუპა თბილისის ზღვაზე. შვილმკვდარი მამა!

 

ქალბატონო ნესტან და ბატონო ალეკო!

 

მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისთვის თქვენ და თქვენს გუნდს, რომლებიც არ შეუშინდით არანაირ წინააღმდეგობას და ვერავინ და ვერაფერმა ვერ მოახდინა გავლენა თქვენზე და თქვენს ორგანიზაციაზე.

 

დღეს თქვენ გაიმარჯვეთ!

 

დღეს ყველა ოჯახმა გაიმარჯვა, ვისაც სიმართლე სწყუროდა!

 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სიმართლის გზაზე“, - წერს სარალიძე.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა, რასაც უკვე 17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

 

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×