logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დარწმუნებული ვარ, გორის სირცხვილი არასოდეს დაემართება სალომე ზურაბიშვილს!
- +

6 ივნისი. 2019. 12:57

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დექ მტკიცედ და შეურყევლად“ - წარწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზე.

 

სალომე ზურაბიშვილს აბულინგებენო...

 

ორივე მხარე - „დამბულინგებელიც“ და ამ „ბულინგით“ აღშფოთებულებიც არ ითვალისწინებენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს:

 

სალომე ზურაბიშვილს აქვს ქართული ფესვები და ფრანგულმა დიპლომატიურმა სკოლამ მყარი ნერვული სისტემა ჩამოუყალიბა.

 

გაიხსენეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი თავშეკავებული კომენტარები და აუღელვებლობა.

 

თუ ეს აღარ გახსოვთ, მაშინ დააკვირდით მის შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურებთან და დაინახავთ სიმშვიდეს, რომელსაც თავდაჯერებულობა განაპირობებს.

 

ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ ჩადში სახელმწიფო გადატრიალების დროს, დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად სადმე კი არ გაქცეულა, საცხოვრებელი სახლის ეზოდან მშვიდად ადევნებდა თვალს ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა კოლონას, რომელიც ქალაქიდან გადიოდა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა კოლონას, რომელიც ქალაქში შედიოდა.

 

ახლა გაიხსენეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე სამარცხვინოდ დაოთხილი გაიქცა და გორის ცენტრში მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

პირველ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი და მეორე შემთხვევაში ბერნარ კუშნერი საფრანგეთის სახელმწიფოს წარმოადგენდნენ და თავს უფლებას ვერ და არ მისცემდნენ, სიმხდალე გამოეჩინათ.

 

დარწმუნებული ვარ, გორის სირცხვილი არასოდეს დაემართება სალომე ზურაბიშვილს. და არა იმიტომ, რომ ფრანგული დიპლომატიური სკოლა არ მისცემს დაფრთხობის უფლებას, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტს გაცნობიერებული აქვს: იგი სახელმწიფოს მეთაურია!

 

აი, სწორედ ამ პოზიციიდან უყურებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი პროცესებს და ვისაც ჰგონია, ოდესმე მოახერხებს მის „დაბულინგებას“, ვეტყვი, რომ დიდი იმედგაცრუება ელის.

 

სალომე ზურაბიშვილი არ არის სააკაშვილივით კომპლექსებით შეპყრობილი ადამიანი, იგი გრძნობს პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე და ამიტომაც მშვიდად უყურებს მის მიმართ გამოთქმულ კეთილგანწყობას თუ კრიტიკას, თუნდაც მწვავე კრიტიკას და ლანძღვასაც კი.

 

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ევროპულ ოჯახში ადგილის დასამკვიდრებლად სწორედ ევროპული ოჯახის წევრი გაგვიწევს ღირსეულ მეგზურობას.

 

გვიმეგზურებს მშვიდად, აუღელვებლად და მომხიბვლელი ღიმილით, რომელიც ძალიან უხდება“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×