logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ტაძარში მოკლე კაბით და გრძელი ქერა თმით ხშირად შემოდიოდა ახალგაზრდა, რომელიც დიდი ალბათობით იყო ბიჭი...
- +

14 ივნისი. 2019. 17:52

 

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამების ტაძარში მოკლე კაბით და გრძელი ქერა თმით საღამო ხანს ხშირად შემოდიოდა ხოლმე ახალგაზრდა, რომელიც დიდი ალბათობით იყო ბიჭი... მიდიოდა ხატებთან, სანთლებს ანთებდა და ლოცულობდა... არც მე და არც იქ მყოფ უამრავ ადამიანს არ გვიფიქრია, მივვარდნილიყავით, გაგვეკიცხა ან რაიმე შეურაცხმყოფელი გვეთქვა... მასთან მისვლის და გასაუბრების დიდი სურვილი გამჩენია, მინდოდა, მისთვის მომესმინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, თავს ვიკავებდი, რომ ჩემი მისვლით მას უხერხულობა არ ეგრძნო… ამ ადამიანს, შეუფერებლად ჩაცმის მიუხედავად, ტაძრიდან არავინ აგდებდა, შეურაცხყოფას არავინ აყენებდა, მას შეეძლო ტაძარში მოსვლა, ლოცვა და თუ სურვილი ექნებოდა, სასულიერო პირებთან გასაუბრებაც...

 

ქრისტიანობა შემწყნარებლური რელიგიაა, ქრისტე სწორედ ჩვენთვის, ცოდვილი და დაცემული ადამიანებისთვის გაეკრა ჯვარზე. მაცხოვარმა გვიჩვენა უდიდესი მაგალითი და მოგვიტანა სიყვარულისა და შემწყნარებლობის რელიგია, რომელიც ამასთანავე მოგვიწოდებს მივემსგავსოთ ღმერთს, დავიცვათ მისი მცნებები, ვეცადოთ არ დავეცეთ ცოდვით და თუ შევცოდავთ, არ დავრჩეთ ცოდვაში და მოვინდომოთ მისგან თავის დაღწევა.

 

ტოლერანტობა ქრისტიანობის და ქრისტიანების მახასიათებელია, ამავდროულად ქრისტიანობა ყოველთვის ებრძვის ცოდვას, მაგრამ არა ცოდვილებს. შემწყნარებლობა არ ნიშნავს თვალი დავხუჭოთ და არაფერი მოვიმოქმედოთ როდესაც სიწმინდეს ლახავენ, ამორალურ ქმედებას ნორმად წარმოაჩენენ და უზნეობას მისაღებად აცხადებენ. ჩვენ არ ვემტერებით და არ ვავიწროვებთ არავის, თუმცა, მოძალადე და აგრესიულ იდეოლოგიას, რომელიც ხალხისთვის ძვირფასს და სათაყვანებელს ბღალავს, შეურაცხყოფს და ცოდვის პროპაგანდას ეწევა, მდუმარედ არ უნდა შევხვდეთ. დაუშვებელი და მიუღებელია ამორალური ცხოვრების წესის პროპაგანდა.

 

საუკუნეთა მანძილზე ქართველები თავს არავის დასხმიან, მაგრამ მომხდური მტრისაგან საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშობლოს, ოჯახს და სარწმუნოებას ყოველთვის მამაცურად იცავდნენ. ამ სიწმინდეების დაცვა დღეს ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა. თავს არავის ვესხმით და არ ვუზღუდავთ უფლებებს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ბიწიერების ნორმად წარმოჩენა და მისი პროპაგანდა. ჩვენს დროში აქტიურად მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და იდეოლოგიურად წინ აღვუდგეთ მომხდურს. ჩვენი წმინდანად შერაცხული გმირები თუ უბრალო მეომრები ყოველთვის იცავდნენ საკუთარ სამშობლოს და ფასეულობებს, ისინი არსად შეჭრილან და არავინ დაუზიანებიათ, მხოლოდ აგრესორებს და დამპყრობლებს უწევდნენ წინააღმდეგობას და ბრძოლაში ვაჟკაცურადაც იმარჯვებდნენ. დღეს ომი იდეოლოგიის სახით მიმდინარეობს. ჩვენ არავის ვებრძვით და არსად ვიჭრებით, ქრისტიანული ფასეულობების დაცვას ვცდილობთ. იდეოლოგიური ომის მოთავენი კომფორტულ ადგილებში არიან მოწყობილნი და თითქოს ჭადრაკის თამაშს უყურებენ, ისე ერთობიან დედამიწით... პაიკების რაოდენობა კი შეუზღუდავია ყველგან…

 

ღმერთმა ინებოს ჩვენს ერში ქრისტიანული ფასეულობების და ღირებულებების განმტკიცება! ღმერთმა ინებოს ჩვენი ცხოვრებით აღვასრულოთ მისი ნება! ღმერთმა მოგვცეს ძალა, მივემსგავსოთ მას!“ - წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner