logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ვფიქრობ, ის დროა, რომ IRI-ს სათაო ოფისმა საველე სამუშაოებისთვის სხვა რეალიზატორ ადგილობრივ ორგანიზაციაზე იფიქროს
- +

15 ივლისი. 2019. 18:17

 

 

ექსპერტი გია აბაშიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ IRI-ის ბოლო კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

აბაშიძის შეფასებით, არავის სურს ამ „კვლევების“ ტირაჟირებით, საზოგადოებაში ცრუ აღქმების, მოგონილი რეალობის შექმნის მცდელობით, გაღვივდეს უარყოფითი განწყობები ამერიკული ორგანიზაციებისადმი:

 

„რ2“-ისადმი ნებსით თუ უნებლიეთ „გაჟონილ“ კვლევებზედ:

როგორ უნდა დავწერო, ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით, აქაურ „ჟირინოვსკის“, კლოუნ შალიკოს „საკრალურად“ 41% და იგივე 41% აქვს მიწერილი დავით უსუფაშვილს. დავიჯერო, მისმა რეიტინგმა ასე რადიკალურად იმატა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? თავად უხერხულში ხომ არ იქნება ამ „მაჩვენებლით“ ბატონი დავითი?

 

ვხედავთ ასევე, რომ რევანშისტი ნაცმოს დეგრადაციასთან ერთად, ხდება მათთან აფილირებული ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობოს თვითდაზიანება - ცრუ, მოჩვენებითი რეალობის შექმნის მცდელობა ფრიად დამაზიანებელია. ადრე თუ გვიან ფართოდ აშკარავდება. როგორაა ის საქმე, რომ თუ ყველა ბოლო არჩევნებში ნაცმოძი აგებს და საერთაშორისო დამკვირვებლები ერთსულოვნად ამბობენ - იყო დარღვევები, ხარვეზები მაგრამ შედეგებზე ვერ აისახებოდა და ამ დროს ასეთ კვლევებში ნაცმო „ზენიტშია“?

 

„რ2“-ის საფეიკნიუსერი „დაზგიდან“ არაერთხელ გვინახავს „იპსოს რასია-უკრაინას“, „CRRC“-ის ე.წ. კვლევები, „ჩეთემჰაუსის“ ბრენდის ქვეშ შეფუთული ვინმე გერასიმოვას აბსურდული შეფასება და ა.შ. მერე კი არჩევნებმა სულ სხვა მოცემულობა დაგვანახეს. ვფიქრობ, ის დროა, რომ IRI-ს სათაო ოფისმა საველე სამუშაოებისთვის სხვა რეალიზატორ ადგილობრივ ორგანიზაციაზე იფიქროს.

 

ამას დიდი ხანია აქ მომუშავე უცხოელი მიმომხილველებიც ამბობენ კულუარულად. ნამდვილად არავის სურს ამ „კვლევების“ტირაჟირებით, საზოგადოებაში ცრუ აღქმების, მოგონილი რეალობის შექმნის მცდელობით, გაღვივდეს უარყოფითი განწყობები ამერიკული ორგანიზაციებისადმი. ორი ქვეყნის - აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ეს ნამდვილად არ სჭირდება არც ახლა და არც მომავალში“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner