logo_geo
eng_logo
რუსუდან წერეთელი: „რუსთავი 2“ არასოდეს იყო ხელისუფლებისგან დაჩაგრული - პირიქით, მილიონობით ვალს ჩუქნიდა სახელმწიფო!
- +

22 ივლისი. 2019. 14:59

 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აქა ამბავი „რუსთავი 2-ის“ ტრიუმვირატისა...

 

„თევზი თავიდან ყროლდება“ - ასეა სწორედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაშიც. ეს ამბავი კი 1994 წელს ქალაქ რუსთავში დაიწყო. მაშინდელმა ქალაქის მერმა სოსო არეშიძემ რუსთავისთვის ადგილობრივი ტელევიზიის შექმნა გადაწყვიტა. ამ დროისთვის რუსთავში  რამდენიმე პატარა ტელევიზია უკვე არსებობდა, თუმცა ლიცენზიის გარეშე.  ქალაქის მერის ეს შესანიშნავი იდეა, რუსთაველი ერასტი კიწმარიშვილის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მეშვეობით განხორციელდა. მალევე, ქალაქის მერის დამხარებით,  შესაძლებელი გახდა რუსთავში მაუწყებლობის ლიცენზიის აღება, რომელიც ამ სამეულის შექმნილ ფირმაზე - „გამა+“ გაფორმდა.  მოგვიანებით, ახალდაარსებულ ქალაქის ტელევიზიას ქალაქის მერი  პირველ სამონტაჟოს ე.წ. „აჟეებს“ ყიდულობს.

 

ადგილობრივი ტელევიზიის შექმნის მთავრი არსი იყო ქალაქში მიმდინარე ახალი ამბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქება, თუმცა, ეს ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ქალაქის მერი მისივე ინიციატივით შექმნილ ტელევიზიაში ნეგატიურ კონტექსტში სულ უფრო და უფრო, ხშირად უსამართლოდაც, ხვდებოდა.  საბოლოოდ ურთიერთობები გართულდა.

 

დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობის იდეა ძალიან მოეწონათ იმ დროს ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოებულ უნივერსიტეტელ ახალგაზრდებს - ფიქრია ჩიხრაძესა და მის მეგობრებს. მათ შევარდნაძეს  მე-12 მეტრული სიხშირის არხი გამოსთხოვეს, რომლითაც მაუწყებლობა მთელ საქართველოზე იყო შესაძლებელი.

 

ჩვეული მეთოდით, „რუსთავი 2“-ის გუნდი უნივერსიტეტელ მეგობრებს მაუწყებლობის ლიცენზიას „გამა+“-ზე აფორმებინებს. აქედან იწყება „რუსთავი 2“-ის ტრიუმვირატის თბილისური ოდისეაც. მაუწყებლობა წყდება რუსთავში და სასწრაფო წესით გადადის თბილისში.

 

აპრობირებული მეთოდით, გათბილისელებული „რუსთავი 2“-ის სამიზნე უკვე საქართველოს პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე ხდება. უკმაყოფილო შევარდნაძე ახალგაზრდა მეგობრებს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის გამო საყვედურობს.  პრეზიდენტისგან „ყურაწეული“ ახალგაზრდები საქმის გასარჩევად კიწმარიშვილთან გარბიან, რომლისგანაც საკმაოდ ცინიკური პასუხი მიიღეს: „იურიდიულად, თქვენ, ტელევიზიის ლიცენზიის მფლობელთა შორის არ მოიხსენიებითო“. 

 

განაწყენებული ფიქრია ჩიხრაძე და მისი თანამოაზრენი საკუთარი გავლენის მეშვეობით ახერხებენ და „რუსთავი 2“-ს ანძიდან რთავენ. ამ დროს კიწმარიშვილი აღნიშნულ სიტუაციას ისევ სათავისოდ იყენებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.   „რუსთავი 2“-მა მჯდომარე აქცია გამოაცხადა და  საერთაშორისო სკანდალის აგორება შეძლო. ხელისუფლება იძულებული გახდა, „რუსთავი 2“-ისთვის მაუწყებლობა აღედგინა. საქმე სასამართლოშიც გადავიდა, მაგრამ უშედეგოდ, გამარჯვებული კვლავ „რუსთავი 2“ აღმოჩნდა, რომელიც უკვე ხელისუფლებაში გავლენიან  მფარველს  - ზურაბ ჟვანიას სახით პოულობს. ჟვანიამ „რუსთავი 2“-ის გადარჩენა კიდევ ბევრჯერ შეძლო. 

 

ასეთი ავანტიურით მოვიდა „რუსთავი  2“  „ვარდების რევოლუციამდე“. ამის შემდეგ კი მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ყველასთვის ცნობილია.

 

„რუსთავი 2“ არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებისაგან დაჩაგრული. ეს არის ის ნიღაბი და პოზა, რომელსაც დღემდე წარმატებით ირგებს არა მარტო მთლიანად ტელევიზიის ახლანდელი გუნდი, არამედ მისი ყოფილი დამფუძნებლებიც. კომპანია არც არასდროს იხდიდა გადასახადებს და ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა მილიონობით ვალის ჩამოწერა. 

 

P.S. ისე, საინტერესოა, რაღა ახლა მოუნდათ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს წილის მიღებით სამართლიანობის აღდგენა, აქამდე რატომ ხუჭავდნენ ამ უსამართლობაზე თვალს?! და თუკი წილი ამ ტელევიზიიდან დღეს ვინმეს ეკუთვნის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის გარდა, მაშინ რატომ არ  ეკუთვნის  ის ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს ან თუნდაც ფიქრია ჩიხრაძეს და მის ყოფილ თანაგუნდელებს?!“ - წერს წერეთელი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner