logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: ძალიან მინდა, საქართველოში გვქონდეს ხარისხიანი ჟურნალისტიკა, რომელიც იცავს პროფესიულ სტანდარტებს
- +

27 ივლისი. 2019. 20:02

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში „Freedom House“-ის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელის განცხადებას ავრცელებს და აქვე შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:

 

„...მნიშვნელოვანია ახალი ამბები ობიექტურად იყოს მიწოდებული, სადაც ამბის ყველა მხარეა წარმოჩენილი. ჟურნალისტები, უმეტეს შემთხვევაში, ამას არ აკეთებენ. ხშირად, პოლიტიზებული, პოლარიზებული მედია გამოცემები, განსაკუთრებით ტელევიზიები, ამბის გარკვეულ მხარეს აჩვენებენ და ეს პრობლემაა. თუ ერთი აზრის ჩახშობა მოხდება - ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის, რომელიც ამ პოზიციას წლების განმავლობაში ატარებდა, საზოგადოებაში ერთით ნაკლები ხმა იქნება. თუმცა, ვთვლი ამას წითელ ხაზად? არა, რადგან საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ადვილად შესაძლებელი იქნება ეს მოსაზრებები სხვაგვარად გამოიხატოს. ეს არ მაშფოთებს. ეს რომ იყოს დახურული მედია გარემო, სადაც შეუძლებელი იქნებოდა სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვება და ჟურნალისტებს რომ ავიწროებდნენ, ამ შემთხვევაში მდგომარეობის შეცვლა რთული იქნებოდა. საქართველოს მედია გარემო იძლევა ცვლილებების საშუალებას და აზრთა სხვადასხვაობა ხალხისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, ობიექტურ ინფორმაციას არავინ იღებს და ეს პრობლემის ნაწილია“, - ამბობს მარკ ბენეტი, „Freedom House“-ის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი.

 

პირადად მე, მის ამ განცხადებაში, ჩვენი მედიის ხარისხზე, მის მიკერძოებულობასა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე გამოთქმული აზრი უფრო საყურადღებო მგონია, ვიდრე იმ ფაქტის აღიარება, რაც ყველასთვის ისედაც ცხადია - საქართველოში მედია გარემო თავისუფალია. ყოველგვარი აზრისთვის [სამწუხაროდ ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი ან პირდაპირ ტყუილზე დაფუძნებულისთვისაც კი] არსებობს გავრცელების თავისუფალი სივრცე.

 

ეს საკმარისი არ არის. ძალიან მინდა, საქართველოში გვქონდეს ხარისხიანი ჟურნალისტიკა, რომელიც იცავს პროფესიულ სტანდარტებს. მედია ძლიერი იარაღია და მისი უპასუხისმგებლოდ გამოყენება არათუ უბრალოდ არასწორი, საშიშიც კია. ჟურნალისტის მიზანი არ უნდა იყოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, აგრესიის გაღვივება, ფაქტებით მანიპულირება, არამედ ამბის ობიექტურად (ყოველმხრივ) წარმოჩენა. მედიას, რომელიც ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს, აუცილებლად ექნება საზოგადოების ნდობა!“ - წერს ხულორდავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner