logo_geo
eng_logo
რუსუდან წერეთელი: „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულმა ვაჭრობამ უკვე აბსურდული სახე მიიღო
- +

31 ივლისი. 2019. 15:34

 

 

ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებულმა ვაჭრობამ, ქიბარ ხალვაშსა და აქიმიძე-დვალს შორის, უკვე აბსურდული სახე მიიღო.

 

დამფუძნებლები ამჟამინდელი დე-ფაქტო მფლობელისგან ლამისაა საკონტროლო პაკეტს ითხოვენ, მაშინ, როდესაც ეს წილი თავის დროზე უკვე გაყიდული აქვთ და მატერიალურადაც იხეირეს, ამავე დროს მათი პრეტენზიების ვადა ამ არხის მიმართ სამართლებრივად ხანდაზმულია.

 

აშკარაა, ამ ვაჭრობით და აქიმიძე-დვალის მართვაში ჩართვით, გარკვეული ძალები ცდილობენ, ტელეკომპანიას ოპოზიციური იმიჯი შეუნარჩუნონ, მაგრამ ამ ერთსვლიანი კომბინაციით ისინი აშკარად ცეცხლს ეთამაშებიან. თავის დროზე, მსგავსი კომბინაციის შედეგად მიღებულმა კოჰაბიტაციამ ქვეყანა რა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა, ყველასთვის ნათელია.

 

ზემოთ აღნიშნული განზრახვა, თავისი სიმარტივის გამო, არ შეიძლება არ იყოს ცნობილი ერთი მხრივ დამფუძნებლებისათვის და მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობისათვის“ და ამ სავარაუდო მოცემულობიდან გამომდინარე ადვილი გასათვლელია მათი ნაბიჯებიც – აქიმიძე-დვალი 40%-იანი შემოთავაზების სასტარტო პოზიციიდან გააგრძელებენ ვაჭრობას, თუმცა, დამფუძნებლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სამზარეულოდან ჟონავს ინფორმაცია, რომ უკიდურეს შემთხვევაში ისინი ამ წინადადებას დასთანხმდებიან და მეტიც, საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ თანამონაწილეობასაც შესთავაზებენ ქიბარ ხალვაშს.

 

საინტერესოა, ამ ფონზე, მხარეებმა, ხალვაშმა და აქიმიძე-დვალმა თუ განიხილეს საერთოდ იმ კოლოსალური საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, რომელიც „რუსთავი 2“-ს ამჟამად ააქვს?

 

რა პერსპექტივას მივიღებთ ასეთ შემთხვევაში?

 

აქიმიძე-დვალის წარსული საქმიანობის სტილიდან გამომდინარე, ისინი, ქიბარ ხალვაშისაგან განსხვავებით აქტიურად ჩაებმებიან ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის წარმართვაში, ამ პროცესში მათი მოკავშირეები აშკარად იქნებიან „რუსთავი 2“-ის ძირძველი ჟურნალისტები და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებთანაც ამ დუეტს სულიერი ნათესაობის გარდა კეთილდღეობით გატარებული ცხოვრების წლები აკავშირებთ. ამასთანავე, კომპანიის ვალების ჩამოწერის მიზნით ისინი ისეთივე წარმატებით განახორციელებენ ხელისუფლების „დატერორებას“, როგორც ეს დღემდე ხდება.

 

თუ როგორი იქნება ეს სარედაქციო პოლიტიკა, ადვილი წარმოსადგენი უნდა იყოს და შესაძლოა, ამ გამარჯვებამ ფრთები შეასხას ამ კოალიციას უფრო რადიკალური საინფორმაციო პოლიტიკის წასამართავად.

 

ასეთ მოცემულობაში, ძნელი წარმოსადგენია, ქიბარ ხალვაშმა შეინარჩუნოს მართვის ბერკეტები და მივიღოთ სააკაშვილის „ტექნიკური რევანში“, აბსურდული რეალობა, როცა ქონება სხვისია, მას კი მდგმური მართავს.

 

ეს ყველაფერი იმ საბედისწერო შეცდომის მსგავსია, რომელიც ერთ დროს შევარდნაძემ დაუშვა, როცა დემოკრატიის იმიჯის შესანარჩუნებლად „რუსთავი 2“ „მოქალაქეთა კავშირის“ „რეფორმატორულ ფრთას“ დაუთმო და ამით, როგორც აღმოჩნდა, საკუთარ განაჩენს თვითონ მოაწერა ხელი.

 

ერთი შეხედვით, ეს შეცდომები თითქოს, ჩვენი საზოგადოების სადარდებელი ნაკლებად უნდა იყოს, მაგრამ ერთხელ ასეთი გაუთვლელი თვითდაჯერებულობა ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას და დიდი ხნით მოგვაქცია მოძალადე და ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფის ტყვეობაში“, - წერს რუსუდან წერეთელი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner