logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: კომერციული რისკები მთავრობამ არ უნდა დააზღვიოს
- +

1 აგვისტო. 2019. 16:45

 

„კომერციული რისკები მთავრობამ არ უნდა დააზღვიოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს და დეტალურად საუბრობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და სახელმწიფოს ვალდებულებებზე პორტის მშენებლობაში.

 

„ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს, წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის. ამას მოწმობს თუნდაც ანაკლიის კონსორციუმის ბოლო განცხადებები, სადაც პროექტის ხელისშეშლაში ხელისუფლებაა დადანაშაულებული. გასაგები მიზეზების გამო, ამ ნარატივს, იტაცებს ოპოზიციური სპექტრიც და ხდება მუდმივი პოზიციონირება მთავრობის მხრიდან პროექტის ხელოვნურ და მიზანმიმართულ ხელისშეშლაზე. ამის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მთავრობის მხრიდან კომერციული რისკების აღებისგან თავის შეკავება სახელდება. ამასთანავე, ირწმუნებიან, რომ თითქოს ტვირთბრუნვის დაზღვევის რისკებს საერთაშორისო პრაქტიკაში დიდწილად მთავრობები აზღვევენ. ამ საინფორმაციო ომისას, არა თუ ექსპერტების, არამედ მოსახლეობისთვისაც, რომელიც დაინტერესებულია პროექტის წარმატებაში, ძნელი გასაგები ხდება, რატომ არ აზღვევს მთავრობა კომერციულ რისკებს და რეალურად სად არის პრობლემა.

 

ამ თემისთვის არაერთი ანალიტიკური სტატია მიმიძღვნია და ამჯერად, მხოლოდ რისკების დაზღვევას შევეხები. ნიშანდობლივია, რომ ანაკლიის პორტის განვითარებაზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული კონკურსი და არც კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულებაზე გამართული მოლაპარაკებები, არ ითვალისწინებდა პროექტში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ვალდებულების აღებას. კონკურსის პირობებში თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ სახელმწიფო ამ პროექტში, მიწების გადაცემის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და რკინიგზის გაყვანის გარდა, ფინანსურ მონაწილეობას არ აპირებდა. აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. ამ მიწების გამოსყიდვაში სახელმწიფომ დახარჯა 60 მილიონ ლარამდე.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - კონკურსის პირობის თანახმად, კონსორციუმის მიერ, უნდა მოძიებულიყო კომერციული ინვესტორი, რომელიც მოახდენდა პროექტის სრულ დაფინანსებას, უზრუნველყოფდა როგორც პორტის ოპერირებას, ასევე ტვირთების მოზიდვასაც, ანუ მთელ კომერციულ მხარეს, ბუნებრივია, კომერციული, მათ შორის ე.წ ტვირთბრუნვის რისკის (Traffic Risk) ჩათვლით.

 

2016 წლიდან დღემდე კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები, მგონი, უკვე 6-ჯერ შეიცვალა, კერძოდ, სამუშაოების დაწყების ვადა თუ იყო 2017 წლის 31 დეკემბერი, ბოლო ცვლილებით - 2019 წლის ბოლომდე გადავადდა და ამ ცვლილებით, ინვესტორს ჯამში არ დაერიცხა 11 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო.

 

ამ პროექტის ირგვლივ განვითარებულ ისტორიაში საინტერესოა კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი. 2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად მთავრობას წარედგინა ხელშეკრულებაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტი (8-პუნქტიანი) და გასაგები რომ გახდეს აქვე შევნიშნავ, რომ აღნიშნული წინადადებები რისკების დაზღვევას ეხება, რაც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველ სატენდერო პირობებში.

 

მიმაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი კომერციული რისკების დაზღვევა სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს, რადგან იგი ეხება როგორც ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევას, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს, ასევე 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფას, რასაც ბანკები კრედიტის გამოყოფის სანაცვლოდ ითხოვენ. საერთაშორისო ბანკების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, ისინი ითხოვენ დამატებით გარანტიებს, მაგრამ ამავდროულად ეს იყო და არის თავად კონსორციუმის პრობლემა. როდესაც საერთაშორისო პრაქტიკაზე ხდება აქცენტების გადატანა, ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევა ხდება, მაშინ თუ ტენდერი სულ სხვა პირობებით არის განხორციელებული, სადაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა და ვალდებულებები ამ ნაწილში წინასწარ არის განსაზღვრული. თუ მთავრობამ უნდა დააზღვიოს კომერციული რისკები, მაშინ პროექტიც სხვა პირობით უნდა გაგრძელდეს. მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ იმ დამატებით 8 პირობიდან, 7-ზე შეთანხმების მზაობა უკვე გამოაცხადა, რაც პრინციპში მთავრობის მხრიდან საჯარო იგივე პოლიტიკური რისკების დაზღვევას გულისხმობს. მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებების დაუშვებლობას და ა.შ.

 

ყოველივე აღნიშნულის ფონზე, ცოტა გაუგებარია, თუ მთავრობის მხრიდან რა სახის ხელისშეშლაზე საუბრობენ კონსორციუმის წარმომადგენლები. ფაქტი ერთია, მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის მიუხედავად, კონსორციუმმა ამ დრომდე ვერ შეძლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობის მიღება 400 მილიონი დოლარის სესხის გაცემაზე და ვერც 120 მილიონი დოლარით შეძლო საკუთარი კაპიტალის შევსება. ამჟამად კონსორციუმს ბანკებთან საბოლოო მოლაპარაკებებისათვის დამატებითი დრო 2019 წლის 1 ივლისის ნაცვლად ისევ გადაუვადდა 2019 წლის ბოლომდე.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე ვიცე-პრემიერმა, მათ შორის, მაღალი ტრიბუნიდან და საერთაშორისო პარტნიორებთან დაადასტურეს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ისიც ითქვა, რომ მთავრობა დაინტერესებულია მის მიერ დონორებთან და კონსორციუმთან ერთად პროექტში ჩადებული ძალისხმევა არ დაიკარგოს და კონსორციუმმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner