logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ოპოზიციის კიჟინი ტურიზმის რუსულ ბაზარზე მიბმის შესახებ მხოლოდ უპასუხისმგებლო განცხადებები იყო
- +

5 აგვისტო. 2019. 21:10

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ანგურიძის თქმით, დაკარგული შემოსავლები ქმნის ნეგატიურ მოლოდინს და ეს აისახება მათ შორის ლარის კურსზეც:

 

„ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ ოპოზიციის კიჟინი ტურიზმის რუსულ ბაზარზე მიბმის შესახებ მხოლოდ უპასუხისმგებლო და დესტრუქციული პოლიტიკური განცხადებები იყო.

 

სამწუხაროდ, დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ გვაქვს ზრდის ტემპის სრული შეჩერება და ტურისტული ვიზიტების ჯამური ზრდა მხოლოდ 1%-ს შეადგენს, რაც წინა თვეების ინერციის დამსახურებაა. 2019 წელს ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის ტემპი, რომლითაც ხასიათდებოდა ტურიზმის სექტორი.

 

იმის ნაცვლად, რომ ზრდის ტემპი გვქონოდა 20% მაინც, როგორი გათვლაც გვქონდა, რადგანაც ივლისიდან იწყებოდა პიკური სეზონი, ამის ნაცვლად მივიღეთ ზრდის პრაქტიკულად გაჩერება.

 

განსაკუთრებით ეს შესამჩნევია აჭარაში, სადაც ვიზუალურადაც მკაფიოდ ჩანს ტურისტის შემცირება. აჭარაში ივნისთან შედარებით ივლისში ექვსჯერ შემცირდა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი, განსაკუთრებით რუსეთიდან.

 

ყურადსაღებია ივნისის მონაცემები, რადგანაც ამ თვის სტატისტიკა ყველაზე კარგად გვაჩვენებს ტურიზმის ზრდის დინამიკას სანქციებამდე. 2018 წელთან შედარებით 2019 წლის ივნისის მონაცემები აჭარაში გაზრდილია 40 პროცენტით. 140 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა აჭარაში 2018 წლის ივნისში, ხოლო 2019 წლის ივნისში გვყავდა 195 ათასი ვიზიტორი (სარფი და ბათუმის აეროპორტი).

 

სეზონის პიკი იწყება ივლისიდან, როცა 2018 წელს აჭარაში გვყავდა 220 ათასი ვიზიტორი. 40 პროცენტიანი თეორიული ზრდის შემთხვევაში 2019 წლის ივლისში აჭარაში პირდაპირ ჩასული ტურისტების რაოდენობა 300 ათასს გადააჭარბებდა. ამის ნაცვლად კი 2019 წლის ივლისში მივიღეთ მხოლოდ 234 ათასი ტურისტი, რომელიც აჭარაში ჩავიდა. ცხადია, რომ ეს შემცირება ვიზუალურადაც შესამჩნევია და ფინანსურადაც.

 

მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული სექტორის შემცირება იწვევს შემოსავლების კლებას, რაც ყველაზე მწვავედ აისახება მოსახლეობაზე. დაკარგული შემოსავლები ქმნის ნეგატიურ მოლოდინს და ეს აისახება მათ შორის ლარის კურსზეც.

 

მნიშვნელოვანია, რომ სტატუს-კვო აღდგეს და მოიხსნას ის სანქციები და ნეგატიური ფონი, რაც აკარგვინებს საქართველოს ტურისტებსა და შემოსავლებს“, - წერს ოთარ ანგურიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner