logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე გასული 12 წლის განმავლობაში
- +

15 აგვისტო. 2019. 14:42

 

 

„ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

 

მისი თქმით, ინვესტიციებში სულ უფრო მზარდია ევროკავშირის ქვეყნების წილი.

 

„საქსტატმა“ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რაც 2,7 პროცენტით მეტია წინასწარ მონაცემზე. ასევე, დაზუსტდა 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის მონაცემებიც. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ და მას გასულ წლებს ვადარებთ, მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე არა ცალკეული წლის, არამედ ჯამური ეფექტით უნდა შეფასდეს. აღნიშნული მონაცემების ზერელე ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიან პერიოდში, 2004-2012 წლებში 9,171 მლრდ  ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი 9,483 მილიარდი. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9-წლიან პერიოდში.

 

კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და ათვლა 2001 წლიდან დავიწყოთ, 2001 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში სულ 9,508 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით კი საქართველოში 10,036 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. თითქმის 6 წელიწადში - უფრო მეტი, ვიდრე იქამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე.

 

რაც შეეხება 2018 წელს, ის იმითაც არის აღსანიშნავი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში. ნიშანდობლივია, რომ დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 41.0 პროცენტით და 140 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა 62.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა და წინა წელთან შედარებით 20.1 პროცენტით გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ ინვესტიციებში სულ უფრო მზარდია ევროკავშირის ქვეყნების წილი. ქვეყნების მიხედვით 2018 წელს აზერბაიჯანის შემდეგ (246.4 მლნ აშშ დოლარი), ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ნიდერლანდებიდან 208.4 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან - 178.8 მლნ აშშ დოლარი.

 

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ, თუ გასულ წლებში ინვესტიციების შემოდინება ძირითადად ხდებოდა არასამეწარმეო სექტორებში და, როგორც წესი, შედარებით დაბალ ტექნოლოგიურ დარგებში, რაც ამცირებდა ინვესტიციის ეკონომიკაზე ზეგავლენის ეფექტს, იცვლება ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებლებიც. დღეს, როდესაც ჩვენი ეკონომიკის ზრდის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი, ინვესტიციებთან ერთად, წმინდა ექსპორტის მზარდი დადებითი დინამიკაა, მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დამატებით ღირებულებას ეკონომიკაში.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სულ უფრო იზრდება ინვესტიციები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამიტომაც აქვს აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლას ძალზე დიდი მნიშვნელობა. აშშ და ევროკავშირი არიან ლიდერები უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, სავსებით სწორია, როდესაც საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვას, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელებას და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს“, - წერს სოციალურ ქსელში ცუცქირიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner