logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: ეს არის ჩვენი ქვეყნის ხსნა და გადარჩენა, არ მივიღებ არანაირ განსხვავებულ აზრს!
- +

23 სექტემბერი. 2019. 01:55

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„არ მივიღებ არანაირ განსხვავებულ აზრს, არ მაინტერესებს პოლიტიკური ქვეტექსტები, სიმპათიები და ანტიპათიები, ეს არის საუკუნის, უფრო სწორად საუკუნეების პროექტი; ეს არის ხსნა და გადარჩენა ჩვენი ქვეყნის, რომელსაც აქვს პრეტენზია და აქვს რესურსი, იყოს მაღალინტელექტუალური სივრცის ნაწილი, ფეხი აუწყოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.

 

რასაკვირველია, იდეის გაჩენის დღიდან ვარ ინფორმირებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის შესახებ, მაგრამ რაც დღეს პრეზენტაციაზე ვნახე, იყო სრულიად შოკისმომგვრელი.

 

ამხელა მასშტაბის (როგორც მოცულობის, ისე შინაარსობრივი დატვირთვით) პროექტი განათლების სისტემაში არ განხორციელებულა მას შემდეგ, რაც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა.

 

170 ათასი კვადრატული მეტრის ფართზე იქნება სასწავლო კორპუსები, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი, ბიბლიოთეკა… ასევე იგეგმება ადრონული თერაპიის ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის, ლაბორატორიების და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტების მშენებლობები.

 

საქართველოში პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის საპატიო პრეზიდენტი იქნება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი,

 

სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს. ჩვენს ახალგაზრდებს (და არა მხოლოდ) ექნებათ შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაში მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება.

 

კიდევ ერთი ამბავი, რაც მახარებს, ისაა, რომ ეს უნივერსიტეტი მდებარეობს ქუთაისთან ახლოს, ადგილზე, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს მსოფლიოში-ქუთაისიდან ბაღდათისკენ მიმავალ გზაზე, ულამაზეს გარემოში.

 

სამი დღის წინ გავუშვი ჩემი უფროსი შვილი სასწავლებლად ევროპაში და ყველა მშობელმა, ვისი შვილიც უცხოეთში სწავლობს, კარგად იცის რა სირთულეებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული.

 

ჰოდა, გილოცავთ ყველას, ვისაც გიხარიათ ეს ამბავი და მათაც ვისაც არ უხარია, მაგრამ ზუსტად ვიცი, მათი შვილებიც ისწავლიან აქ“, - წერს თოქმაჯიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner