logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა
- +

15 ოქტომბერი. 2019. 12:15

 

 

 

„შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც შრომის კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება.

 

მისი თქმით, ახალი რეგულაციის შემოტანის მიზანია გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობები.

 

„საბაზრო ურთიერთობების ოთხი ძირითადი სახეობიდან (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის ბაზრები) შრომის ბაზარი, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია. ახალი რეგულაციის შემოტანის მიზანია გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობები, ბალანსი დამქირავებელთა და დაქირავებულთა ინტერესებს შორის იმგვარად, რომ ამან ხელი შეუწყოს მთლიანი ეკონომიკის უფრო სწრაფ, დინამიკურად განვითარებას. ბუნებრივია, შეუძლებელია ეკონომიკის დაბალანსებულ განვითარებაზე საუბარი, მსჯელობა დაბალანსებულ სახელმწიფო ბიუჯეტზე, თუ ასევე არ გვექნა რეალურად დაბალანსებული დამსაქმებელთა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესები.

 

სახელმწიფო წლებია, აწარმოებს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკას, საქართველოში ბიზნესი გათავისუფლებულია სოციალური გადასახადისგან, ხოლო მოგების რეინვესტირების შემთხვევაში მისი მოგების გადასახადისგან განთავისუფლებამ ბიზნესს ბოლო წლებში უკვე მილიარდ ლარზე მეტი დაუზოგა.

 

მეორე მხრივ, ქვეყანაში დინამიკურად იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საშუალო ხელფასი. 2012 წლის შემდეგ, შესაბამისად, 1,5-ჯერ და 1,25-ჯერ. შესაბამისად, ამ ასპექტითაც შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს.

 

ბუნებრივია, შრომითი რეგულაციების დარეგულირება ითვალისწინებს ორ ასპექტს: შესაბამისი ევროდირექტივების დაცვას და საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე შესაძლებლობებს. ისინი არ მოიცავენ მხოლოდ შრომითი პროცესის ხანგრძლივობას და ანაზღაურების სიდიდეს. ისინი მოიცავენ აგრეთვე შრომის პირობებს, ზეგანაკვეთურ მუშაობას, მინიმალურ ანაზღაურებას, უმუშევრობის დახმარებას და ა.შ. ყველა ეს საკითხი ექვემდებარება თანმიმდევრულ, დროში შეზღუდულ, მაგრამ არა მყისიერ, ერთჯერად გადაწყვეტას.

 

დარწმუნებული ვარ, ბიზნესი და დაქირავებით დასაქმებულთა ინტერესების დამცველები და სახელმწიფო შეძლებენ ისეთი მიდგომის შემუშავებას, რომელშიც მაქსიმალურად იქნება დაცული მშრომელთა, დამქირავებელთა და მთელი საზოგადოების ინტერესები. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ცვლილებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ტვირთი არ დააწვეს კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო ბიუჯეტს“, - წერს სოსო არჩვაძე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანება, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner