logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: რეფორმები და გიორგი გახარიას ფაქტორი ქმნიან წინაპირობას, რომ ზრდის ტემპი გაიზრდება და მომავალ წელს მშპ 6-6,5%-ის ფარგლებში იქნება
- +

31 ოქტომბერი. 2019. 13:11

 

 

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2019 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რომ არა 20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, ეკონომიკური ზრდა მეტი იქნებოდა.

 

„წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტალის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთანავე, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.

 

2019 წლის სექტემბერში, ეკონომიკურ ზრდაზე კვლავ პოზიტიურად ზემოქმედებდა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში წმინდა ექსპორტის დინამიკაც, რაც ექსპორტის 11.1%-იან ზრდაში აისახა, ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ასევე, მნიშვნელოვნად - 15.7%-ით არის გაზრდილი.

 

აღსანიშნავია მშპ-ის ზრდის კუმულატიური, ანუ სამი კვარტალის მაჩვენებელიც, რამაც 5% შეადგინა, აღემატება არა მხოლოდ გასული ორი წლის ზრდის ტემპს, არამედ ბოლო ხუთ წელიწადში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა მიუთითებს წლის დასაწყისიდან აკრეფილ პოზიტიურ ტრენდზე, რომელიც სსფ-ის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე ისედაც მაღალია და აქედანაც ჩანს, რომ, რომ არა 20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც ტურისტულ ინდუსტრიაზე - ნეგატიურად, ხოლო ივლის-აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში ზრდის ტემპის შენელებაში აისახა, ეკონომიკური ზრდა მეტიც იქნებოდა.

 

პირველი სამი კვარტალის ზრდის ტენდენცია იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სექტემბერში ეკონომიკის ზრდის წლიური პროგნოზი უცვლელად - 4.6%-ზე დატოვა, რაც უპირველესად იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე გაკეთდა, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით და გლობალურ პოლიტიკაში გამოწვეული დაძაბულობის გამო.

 

მისიის ბოლო შეფასებით ფისკალური რეფორმა სულაც რეგიონალურ დონეზე ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად არის აღიარებული, როგორც გადასახადის გადამხდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნით, ისე ბიუჯეტის პროგნოზირებისა და გადასახადების მობილიზების თვალსაზრისით, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ მიმართულებაზე მიუთითებს.

 

სწორედ მიმდინარე რეფორმების შედეგია, რომ ოქტომბერში წამყვანმა სარეიტინგო კომპანია S&P global reiting-მა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით BB-მდე გააუმჯობესა, სტაბილური პერსპექტივით, რაც პირველ რიგში ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ასახავს.

 

მიმაჩნია, რომ მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ეკონომიკის მზარდი დივერსიფიკაცია, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, რასაც ემატება პრემიერ გახარიას ფაქტორი, ქმნის იმის კარგ წინაპირობებს, რომ ზრდის ტემპი არა თუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება და უკვე მომავალ წელს სავარაუდოდ საპროგნოზოზე მაღალ - 6-6.5% ფარგლებში იქნება“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

საქსტატმა დღეს 2019 წლის სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner