logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სპეცრაზმელს სიტუაციურად უწევს გადაწყვეტილების მიღება და დრო არ იძლევა საშუალებას, მინისტრს დაუკავშირდეს
- +

7 ნოემბერი. 2019. 16:08

 

„ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ მსჯელობისას განმარტებებს ისეთი ადამიანები აკეთებენ, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ასეთი ოპერაციების შესახებ, უბრალოდ პოლიტიკური ქულების დაწერა სურთ“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსს დავალება მისცა, რომ პანკისში სპეცოპერაცია დასაკავებელ პირთა დაჭრის ან ლიკვიდაციის გარეშე უნდა ჩატარებულიყო და რომ დავალება სოდ-ის უფროსის მიმართ ზეპირსიტყვიერად გასცა და რაიმე დოკუმენტი არ შედგენილა.

 

მისი თქმით,  სპეცრაზმელს სიტუაციურად უწევს გადაწყვეტილების მიღება და არც დრო, არც ქვემდებარეობის სტანდარტი არ იძლევა საშუალებას, მინისტრს დაუკავშირდეს

 

„სამწუხაროა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ მსჯელობის დროს განმარტებებს ისეთი ადამიანები აკეთებენ, ვისაც წარმოდგენა არა აქვთ ასეთი ოპერაციების შესახებ ან უბრალოდ პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სურთ. არადა, ასეთი სპეცოპერაციების დაგეგმვას და შემდგომში განხორციელებას თავისი სპეციფიკა გააჩნია, რომელიც აპრობირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ასე შემდეგ. სწორედ ამ ქვეყნების მაგალითების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სპეცრაზმელს სიტუაციურად უწევს გადაწყვეტილების მიღება და არც დრო და არც ქვემდებარეობის სტანდარტი არ იძლევა იმის საშუალებას, უშუალოდ მინისტრს დაუკავშირდეს. ბრძანება ხშირ შემთხვევაში გაიცემა ზეპირად, უშუალოდ ან სპეცკავშირის მეშვეობით და ლიკვიდაციის ბრძანება არც ერთი მეთაურის უფლებამოსილებაში არ შედის. ამიტომ ძალიანაც ნუ გავერთობით ბლოკბასტერების ყურებით. რეალობა კინო არაა!“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner