logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა სრულიად ახალი სტანდარტი
- +

28 ნოემბერი. 2019. 16:27

 

 

„ქართული ოცნების“ მზის ჩასვენების შესახებ არსებული ეჭვები ძალიან ნაადრევი და სულელურია“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

 

მისი თქმით, ივანიშვილი ყოველთვის ასით ნოლს უგებს უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ ოპოზიციურ სპექტრს.

 

„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუყურე. სოციალურ ქსელშიც დიდი ჟივილ-ხივილია ატეხილი ამ ინტერვიუზე და, ძირითადად, ცინიკური და პრაგმატიზმისგან დაცლილი კრიტიკა ისმის. ასეთი ირონიული კრიტიკა ბუნებრივიც არის იმდენად, რამდენადაც კონსტრუქციული და შინაარსობრივი კრიტიკა ძალიან რთული საქმეა, რაც, სამწუხაროდ, ოპონენტებს არ შეუძლიათ. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქმეზე ლაპარაკი მათი ძლიერი მხარე არ არის და არსებით მსჯელობას არც მოველოდი. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს კაცი ყოველთვის ასით ნოლს უგებს უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ მთლიან ოპოზიციურ სპექტრს“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

ანდრია გვიდიანი ივანიშვილის გამოსვლის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას უზიარებს facebook-მომხმარებლებს.

 

„ახლა რაც შეეხება საკუთრივ ინტერვიუს და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას. რამდენიმე შთაბეჭდილება დამრჩა და მინდა გაგიზიაროთ.

 

პირველი - ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანი აქტუალობას არ კარგავს. ეკრანზე მისი ერთი გამოჩენაც კი საკმარისია, რომ მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის თუ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილი საზოგადოების მთავარი სასაუბრო თემა ივანიშვილის გამოჩენა ხდება. მიმაჩნია, რომ ეს გარემოება პოლიტიკოსის შეფასების თვალსაზრისით ერთ-ერთი განმსაზღვრელი და, ვფიქრობ, ძირითადი ფაქტორია.

 

მეორე - გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მას მთლიანი პოლიტიკური კონიუნქტურის სიღრმისეული ანალიზი აქვს გაკეთებული. პრობლემები, მიღწევები, მათი გამომწვევი მიზეზები, თუ შედეგები სრულად აწონ-დაწონილი და შინაარსობრივად გააზრებული აქვს.

 

მესამე - ნათლად გამოჩნდა, რომ ამ დროის განმავლობაში გადადგმული ყველა ნაბიჯი, თუ მიღებული გადაწყვეტილება ზედმიწევნით გათვლილი და კონკრეტულ ანალიზზე აქვს დაფუძნებული.

 

მეოთხე - მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ რაციონალურ, ინფანტილიზმისგან სრულად დისტანცირებულ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას.

 

მეხუთე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს საკმაოდ ბევრი აქვს ნაფიქრი სამომავლო გეგმებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამ გეგმებთან მიმართებით კი, საფუძველი უკვე ჩაყრილია და, როგორც ზევით ვთქვი, ამ ყველაფერს გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯები განსაზღვრავს.

 

მეექვსე - აქამდეც ვიცოდი, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილი უდავოდ დიდი მოთამაშეა, რომელსაც დიდი მიზნები და კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.

 

მეშვიდე - „ქართული ოცნების“ მზის ჩასვენების შესახებ არსებული ეჭვები, ერთი მხრივ, ძალიან ნაადრევი, ხოლო, მეორე მხრივ, სულელურია.

 

მერვე - ნებსით თუ უნებლიეთ ივანიშვილი სარგებლობს ოპოზიციის უნიათობით, სისუსტით, კონკრეტული ხედვების არარსებობით და სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. შესაბამისად, ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ არათუ რევოლუციას მოუწყობენ, არამედ ვერაფერს დააკლებენ მანამ, სანამ არ დაბრუნდებიან კონსტრუქციულ და ჯანსაღ რთულ პოლიტიკურ სივრცეში.

 

ასე რომ, მიუხედავად საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტისა და უკმაყოფილებისა, ყველაფერი წინ არის. ოპოზიციური პარტიების აქტივისტების მიერ საზოგადოების სახელით ლაპარაკი უშედეგოა და, ბუნებრივია, ეს ვერ გახდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორი. მოკლედ რომ ვთქვა, „იშო ნი ვეჩერ...“ - წერს ანდრია გვიდიანი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner