logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: ძალიან მინდოდა, თავი შემეკავებინა და აღარ გამეხსენებინა ის საზარელი მოვლენები, რომელიც 2010 წელს, თბილისის 53-ე სკოლაში მოხდა...
- +

19 დეკემბერი. 2019. 12:25

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან მინდოდა, თავი შემეკავებინა და დღეს აღარ გამეხსენებინა ის საზარელი, ტრაგიკული მოვლენები, რომელიც 2010 წელს, თბილისის 53-ე სკოლაში მოხდა... არ მინდოდა, რადგან... მაპატიე, ლალი ლეკიშვილი - მაგრამ უნდა გავიხსენო მაინც, რადგან დღეს, ხმის ჩახლეჩვამდე ისინი „აპროტესტებენ“ ანგელოზი მოზარდის თვითმკვლელობას, რომლებიც წლების წინ, ძმები ალექსიძეების მიმართ ჩადენილი გაუგონარი გულგრილობის და დანაშაულის შემოქმედნი იყვნენ!

 

53-ე სკოლის დირექტორი ის უნამუსო, გარეწარი, ფაშისტი ტარას შავშიშვილი იყო, რომელიც მერე, პატრიარქის დაცვის უფროსმა ოხანაშვილმა საპატრიარქოში მიიყვანა და რომელსაც დიდი ძალისხმევით „ათეთრებდა“ ერთ-ერთი ნაც-ტელევიზიის ყველაზე ნაც-გამპრავებელი სახე!

 

ძმები ალექსიძეები - მიხეილი და ზაზა ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბავშვები იყვნენ, 14 წლის მოზარდი ბავშვებისთვის დამახასიათებელი სიცელქითაც და სიკეთითაც, ეგაა მხოლოდ, მაშინ ნაც-რეჟიმის მიერ ნორმად დამკვიდრებულ ფაშიზმს ვერ ეგუებოდნენ! ვიღაცამ რაღაც დააშავა სკოლაში, დირექტორმა კი, რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ „დანაშაულის“ ჩამდენის ვინაობა აუცილებლად ზაზა და მიკა ალექსიძეებს უნდა სცოდნოდათ და დაესახელებინათ! ბავშვებმა არც იცოდნენ და არც დაასახელეს... ამის გამო ამ ბავშვებს გადაეკიდა არა მხოლოდ ფაშისტი დირექტორი, არამედ სკოლის მთელი პედკოლექტივი და ისე „აბულინგეს“ ეს ბავშვები, მთელი ქვეყანა შეიყარა! ეს საზარელი პროცესი კი იმით დასრულდა, რომ ეს ძმები სკოლიდან მგლის ბილეთით გარიცხეს და საქართველოს არც ერთი სკოლა მათ აღარ იღებდა! ჩემმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სტეფანე კორინთელმა, რომელიც ქარელის სასულიერო გიმნაზიის რექტორია, რომ შეიტყო ეს ამბავი, დამირეკა და მითხრა - მომიყვანეთ ეს ბავშვები და მე მივიღებ სკოლაშიო! შემდეგ, უწმინდესი ჩაერია, რადგან ამ ბავშვებს ძალიან კარგად იცნობდა - ისინი წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნები და მგალობლები იყვნენ... მიიღო და გულში ჩაიკრა ისინი... თუმცა, მოზარდის გატეხილ გულს და მოზარდების მყიფე ფსიქიკას ასე ადვილად აღარ ეშველა!.. ბავშვებმა სწავლას თავი დაანებეს, საკუთარ სამყაროში ჩაიკეტნენ.. განსაკუთრებით მძიმედ ეს ამბავი ზაზამ გადაიტანა და ეს მუდამ მომღიმარი ბავშვები რადიკალურად შეიცვალნენ - მათ თვალებში სხივი, სინათლე ჩაქრა...

 

...ამ ბავშვებისთვის „ლამაზი ეპითეტები“ არ დაუკლია არავის ყოფილი ხელისუფლების რეჟიმიდან! მათგან მონსტრები შექმნეს... და მიუხედავად ამ ბავშვების კლასელების, მეგობრების დიდი ძალისხმევისა, უამრავი საპროტესტო აქციისა (ინტერნეტში დღესაც იძებნება ბავშვების მიერ დადგმული „პერფორმანსები“, სადაც თავიანთი სკოლის ფაშისტ დირექტორს და მასწავლებლებს ამხელდნენ!!!)... ყველა პროტესტი დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“...

 

...აღარ მინდა გავიხსენო, რა გადაიტანა ალექსიძეების დედამ, ლალი ლეკიშვილმა! აღარ მინდა არც იმის გახსენება, თუ რა დღეები ედგა ლოგინად ჩავარდნილ ბავშვების მამას, ექიმს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებით იტანჯებოდა! აღარ მინდა გავიხსენო ისიც, რას განვიცდიდი, როცა სამების ტაძარში მივდიოდი და თეთრ სტიქარში გამოწყობილ ამ ნათელ ბავშვებს ვეღარ ვხედავდი!..

 

...გავიდა წლები... თითქოს ყველამ მიივიწყა ეს საშინელი ტრაგედია... მშობლების და ჩვენს - ამ ოჯახის ახლობლების გარდა! რადგან იმ წლებში გადატანილი საშინელება შავ ზოლად გასდევდა მათ ცხოვრებას! მიკამ თითქოს შეძლო და გადალახა ეს ტკივილი, გარედან მაინც ასე ჩანდა, ზაზამ კი... ზაზამ ვერ შეძლო და თებერვლის ერთ საშინელ დღეს ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.. და მასთან ერთად დაიმარხა მისი დედის, ლალის ცხოვრებაც... მისმა მშობლებმაც იქ შეწყვიტეს მზის ყურება, სადაც ზაზამ, დილის 6 საათზე, თოკით თავი ჩამოიკიდა! უწმინდესის კურთხევით, ზაზა უზიარებელი არ წავიდა იქ, სადაც ტარას შავშიშვილის და მისი ბანდის წევრების ადგილი არასოდეს იქნება... იქ, უფალთან!..

 

...ლალიმ ერთხელ ცრემლიანმა მითხრა - საპატრიარქოში ტარასი რომ დავინახე, მეგონა, სატანა მელანდებოდა და ვიკივლეო... სდია იმ ძაღლთაპირს, თუმცა, ის არაკაცი დაემალა! ერთხელ კი შემთხვევით ქუჩაში შეხვდა და თვალებზე ლიბრგადაკრული მივარდნია, სახეს ახოკავდა... მეტი ვერაფერი შეძლო დიაბეტის უმწვავესი ფორმით დაავადებულმა ქალმა!

 

...ლალი დღეს დღეებს, საათებს და წუთებს ითვლის ზაზას გარეშე... გული მეგლიჯება, როდესაც სპეციალურად ზაზასთვის შექმნილ გვერდს ვუყურებ აქ... ლალის მინაწერს - „256 დღე, 17 საათი და 6 წუთი ზაზას გარეშე!“

 

...და დღეს, ამ დანაშაულისთვის არავინაა დასჯილი იმ ხელისუფლებიდან, რომელმაც მოზარდები ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირა! მეტიც - ხმამაღლა გვიკითხავენ მორალს ფაშისტები, მკვლელები, მდედრი თუ მამრი ჩიკატილოები! დაისაჯა მხოლოდ ზაზას დედა... მზეჩამქრალი დედა... ზაზას ძმა... მამა...

 

...ნაც-სექტანტებო - თქვე სულით მახინჯებო! არ გაბედოთ ხმის ამოღება! თქვენ არ ხართ საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც უფლება აქვს, ლუკას სიკვდილისთვის ვინმეს პასუხი მოსთხოვოს! მანქურთებო, ანგელოზი ბავშვის სიკვდილსაც რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებს არგებთ შარვალ-კოსტიუმივით! თქვე ფაშისტებო! მდედრო და მამრო ჩიკატილოებო! ზაზა ალექსიძის ცოცხლად დამარხულ დედას გაეცით ჯერ პასუხი, თქვენი მკვლელები დასაჯეთ და მერე მოითხოვეთ სამართალი! თუმცა, ამას როგორ იზამთ - ის დაწყევლილი „მწვანე სკოლაც“ თქვენი ჯიშის და სექტის წევრებისაა... იმ არაადამიანების, რომლებიც მზად არიან, მოზარდები კედლების გაფერადებისთვის ციხისთვის გაწირონ!

 

ჩვენ, საზოგადოების იმ ნაწილმა კი, რომელსაც ასეთ ძალადობაზე თვალი არასოდეს დაგვიხუჭავს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლუკას სიცოცხლისთვის უმკაცრესად აგოს პასუხი ყველამ, ყველამ, ვინც უნდა იყოს ის, რომ აღარასოდეს გაუჩნდეს სურვილი 15 წლის მოზარდს, თქვას „ამ ცხოვრების დედაც!“...

 

P.S. რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკე ზაზა ალექსიძის დედას, ლალის... ხმაჩახლეჩილი, გულგაპობილი, მზედაბნელებული ლალი საავადმყოფოდან, სიკვდილის მომლოდინე ძმის სიცოცხლის დასასრულს ელის ისევ... „მე უკვე სიკვდილთან ვმეგობრობ, შორენა... მე სიკვდილი სიცოცხლეში ჩამისახლა და არ მიდის არსადო“... ზაზას ამბავი არანაკლებ განიცადა ლალის ძმამ, რომელსაც პირველი ინფარქტი ჯერ კიდევ 2010 წელს დაემართა იმ დღეებში, როცა ეს ზაზა და მიკა მანქურთებმა გაწირეს!.. ვეღარც გამოჯანმრთელდა მას შემდეგ...

 

ვერაფრით ვანუგეშე ლალი... ცრემლგამშრალმა მითხრა, - იმ დროს, როცა მიკა და ზაზა გაწირა ტარას შავშიშვილმა, მისი მოადგილე, ვინმე შორენა გამყრელიძე-ნოდარიშვილისა მისი მოადგილე იყო, ორი კვირის დანიშნული და ბავშვებს საერთოდ არ იცნობდა, მაგრამ სასამართლო პროცესებზე, ცრუ მოწმედ წარსდგა და ყველაზე დიდი აგრესიით ამ ბავშვებზე სწორედ ეს ქალბატონი საუბრობდა... მივედი და ვუთხარი - კი მაგრამ, 2 კვირაა, რაც სკოლაში დაინიშნეთ და რა იცით, ჩემი შვილები 1 წლის წინ როგორები იყვნენ და რას ცელქობდნენო... მაგრამ „ასე სჭირდებოდა მშობლიურ რეჟიმსა და პარტიას“ და „ახსოვდა“! ჰოდა, აი, ეს ქალბატონი, თურმე, იმ ავადმოსაგონარ „მწვანე სკოლაში“ მუშაობს დღეს...“ - წერს სიხარულიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner