logo_geo
eng_logo
ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

21 იანვარი. 2020. 14:47

 

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ახლა ის თავს კარგად გრძნობს და კურიოზულ ამბავს იხსენებს:

 

„მოკლედ, დღეს არ ვიყავი კარგად. თავი, გული, ისა, ესა. ყველაფერი. იმდენად ცუდად ვიყავი, დილიდან პიჟამოთი დავბოდიალობდი სახლში. ისე დავმძიმდი, რომ ჩაცმის თავიც არ მქონდა, მაგრამ გადაცემა გადაცემაა და უნდა წავსულიყავი სამსახურში. ჰოდა, ავდექი და გახდისა და ისევ ჩაცმის ენერგია აღარ მქონდა, ავდექი და ამ პიჟამოზე ზემოდან ჩავიცვი შარვალი და წავედი სამსახურში. გზაში და მერე სამსახურში კიდევ უფრო ცუდად გავხდი. წამოვწექი დივანზე. შემოვიდა პროდიუსერი თიკო ლევანიშვილი. ფერი არ მომწონსო და მიმასაჟებს ხელისგულებს. მერე შემოვიდა ლელა რევიშვილი, რომელსაც ზოგადად არ სჯერა, რომ მე ოდესმე მოვკვდები, მაგრამ ამჯერად შეშფოთდა ჩემი სახის დანახვაზე. არიქა, ატყდა ამბავი, რომ ვკვდები. ინგა გრიგოლია, რომელიც თავადვე ძლივს გამოჯანმრთელდა, შეშფოთებული შემოვიდა. ჩემი ავადმყოფობისადმი სკეპტიკურად და ცინიკურად განწყობილი დიანა ტრაპაიძე უკვე ვეღარ მალავდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და შეწუხდა. ასე სწრაფად და დროულად არადროს მისულა სადმე ნინო ჟიჟილაშვილი. ამ სამყაროში ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ალინა ჩხაიძე, რა თქმა უნდა, იქვე გაჩნდა. ვითარებას აკონტროლებდა ნანა აბურჯანიძე. საზღვარგარეთიდან შეუწყვეტლად რეკავს ვატო წერეთელი. გაივსო ოთახი ხალხით. გაიღო კარი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც შემოგვიერთდა. იწყო ხალხმა დენა ჩვენს ოთახში. სასწრაფომ შემიხსენი ღილები, მკერდზე რაღაცები უნდა დაგიმაგროთო. ფეხებიც გვაჩვენე, მანდაც რაღაცებს დავაყენებთო... გამომდინარე იქიდან, რა ხალხი ესწრებოდა ამ ამბავს, თან ყველანი ტელეფონებით შეიარაღებულნი, ვიკითხე, ეს ფეხებზე დამაგრება აუცილებელია-მეთქი? კიო, დაბეჯითებით მიპასუხა ექიმმა. და აი აქ გამოჩნდა ჩემი პიჟამო და დაიწყო ინგას, დიანას და სხვების ხორხოცი. ყრუდ ისმოდა სიტყვები - „ორი შარვალი“ „ორი შარვალი“. მოიმარჯვეს ტელეფონები. არსებობს მტკიცებულებებიც.

 

ერთი დეტალიც - ახლა აქედან სასწრაფოს მანქანამდე საკაცით უნდა წაგიყვანოთო. აი, მანდ უკვე წამოვხტი, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამ შენობიდან საკაცით არ გავალ-მეთქი...

 

მერე კიდევ იყო რაღაცები, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს. ახლა კარგად ვარ. გმადლობთ მოკითხისთვის, ყურადღებისთვის“, - წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner