logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: გამოკითხვის შედეგები საზოგადოების ერთგვარი პასუხია ოპოზიციის ქცევაზე
- +

29 მაისი. 2020. 12:21

 

 

„კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება, თუნდაც იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას გააჩნდა უფრო ძლიერი ქვეყნების ფონზე, მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი, ფაქტორი აღმოჩნდა მმართველი პარტიის მიმართ ნდობის გაზრდის კუთხით. ხელისუფლების პოლიტიკის ცენტრში იდგა ადამიანი და მისი ინტერესები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და კომპანია „GORBI“-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.

 

მისი თქმით, გამოკითხვის შედეგები საზოგადოების ერთგვარი პასუხია ოპოზიციის ქცევაზე, კორონავირუსის პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობდნენ შერყეული პოზიციების აღდგენას.

 

ანალიტიკოსი მიიჩნევს, მმართველი გუნდის მიმართ მოსახლეობის ეს განწყობა ფორმირდებოდა იმ უპრეცედენტო საინფორმაციო ომის ფონზე, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ ოპოზიციის მომსახურე მედიასაშუალებები თუ სხვადასხვა ჯგუფი.

 

„დიდი უკუგდება - ოპოზიციის ჟრიამულს ე.წ. „პოლიტპატიმრების“ ციხიდან გამოშვების გამო, რომლებმაც ლამის არჩევნებზე გამარჯვება იზეიმეს, ცივი წყალი გადაესხა, მას შემდეგ, რაც გაზომვადი ინდიკატორებით გამოვლინდა, რომ საქმე საზეიმოდ კი არა, იმაზე უარესად აქვთ, ვიდრე შეიძლებოდა წარმოედგინათ. კომპანია „GORBI“-ს მიერ ჩატარებული საკმაოდ რეპრეზენტატიული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, საპარლამენტო არჩევნები რომ ახლა ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერდა გამოკითხულთა 55%, მაშინ როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 12% და „პატრიოტთა ალიანსს“ 6%. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ამბიციები მხოლოდ 3%-ით არის დაკმაყოფილებული. ფაქტობრივად, ვიღებთ დაახლოებით იმავე კონფიგურაციის პარლამენტს, რაც ახლა გვაქვს.

 

კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება, თუნდაც იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას გააჩნდა უფრო ძლიერი ქვეყნების ფონზე, მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი, ფაქტორი აღმოჩნდა მმართველი პარტიის მიმართ ნდობის გაზრდის კუთხით. ხელისუფლების პოლიტიკის ცენტრში იდგა ადამიანი და მისი ინტერესები. დიდი წარმოსახვის უნარი არ სჭირდება იმის წარმოდგენას, როგორ იმოქმედებდა თუნდაც მარნეულსა და ბოლნისში მომხდარი ინციდენტების დროს „ნაციონალური მოძრაობა“. ხელისუფლებამ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომით მოახერხა სიტუაციის დარეგულირება.

 

ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ავხსნა, რა დგას გამოკითხვის შედეგების და ციფრების უკან, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილს გამოთქვამს (63%). რაც მთავარია, მოსახლეობის ეს განწყობა მმართველი გუნდის მიმართ ფორმირდებოდა იმ უპრეცედენტო საინფორმაციო ომის ფონზე, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ ოპოზიციის მომსახურე მედიასაშუალებები თუ სხვადასხვა ჯგუფი. გამოკითხვის შედეგები არის ასევე საზოგადოების ერთგვარი პასუხი ოპოზიციის ქცევაზე კორონავირუსის პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე, როდესაც მოსახლეობის ძნელბედობის დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკური ქულების დაწერაზე ზრუნავდნენ და იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობდნენ შერყეული პოზიციების აღდგენას.

 

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ერთი გამოკითხვის საფუძველზე შორსმიმავალი დასკვნები გავაკეთო, რადგანაც წინ მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი გველოდება. არსად წასულა მოსახლეობის ის პრობლემები, შფოთვები და მოლოდინები, რაც კვლევაში კეთილსინდისიერად არის მოცემული (კორონავირუსის შედეგად მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და სხვა). ამ პრობლემების მოგვარების ხარისხზე ბევრად იქნება დამოკიდებული ამომრჩევლის არჩევანი“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner