logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – გელა მუხაშავრია აღარ არის
- +

29 ივლისი. 2020. 15:19

 

 

ცნობილი ექიმის გელა მუხაშავრიას გარდაცვალების გამო ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ძალიან ცუდი ამბავი გავიგე ცოტა ხნის წინ – ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – გელა მუხაშავრია აღარ არის.

 

1994 წლის 3 დეკემბერს შევხვდით პირველად – მე საკაცეზე მძიმედ დაჭრილი 3 დეკემბრის ტერაქტის შემდეგ და გელა სხვა ქირურგებთან ერთად.

 

გულის მხარეს ჭრილობებთან ერთად, რომლებიც შედარებით ადვილად მოგვარდა, უბრალოდ ერთი ტყვია დარჩა ამოუღებელი გულთან სიახლოვის გამო, ერთი უმძიმესი ჭრილობა მქონდა წელს ქვემოთ, ე.წ. დუნდულაზე – ტყვიამფრქვევის ტყვიამ სწორი ნაწლავიც დააზიანა და დუნდულა საერთოდ დაფლეთილი და დამწვარი იყო. ეს ებარა გელას და არც ოპერაციის მერე მომშორებია გვერდიდან მთელი 1 თვე. ვინც იცის, ასეთი დამწვარი ჭრილობები უცბად ვერ იკერება და დროსთან ერთად ურთულესი, ძალიან მტკივნეული მანიპულაციებია საჭირო. გელა არა მხოლოდ უმაღლესი დონის პროფესიონალი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო არნახული იუმორით. ყველა მის შემოსვლაზე სახე მეჭყანებოდა, რომ ვიცოდი, რა ტკივილის გავლა მომიწევდა დამწვარი კანის მოსაშორებლად – გელა შემხედავდა და რა ხარ ასეთი გაუზრდელი, გამარჯობა მაინც მითხარი, რო მეჭყანები და პირდაპირ ტრაკს მიშვერო. ამიტყდებოდა სიცილი და ასე სიცილ–კისკისით მიკეთებდა უმძიმეს გადახვევას, თან ცრემლებს ძლივს იკავებდა, ხომ ვგრძნობდი. პალატაში სანამ შემოვიდოდა, მისი როხროხი მესმოდა – ტეტჩერის ტრაკის საქმეზე ვარ მოსულიო. ერთადერთი პაციენტი ხარ, სახეზე ვისაც ვცნობო, ასე მეუბნებოდა. დაბადების დღეზე პალატაში საჩუქრად მუჭისხელა ქალის ქანდაკება მომიტანა – გულდაღმა იწვა, გადასაფარებელი ოდნავ ფარავდა გელას საყვარელ ორგანოს, მჩუქნის ამ ქანდაკებას და მეუბნება – მარცხენა მხარეზე დააწერე, აქ იყო გელაო, – თან თვალებზე ძლივს შეკავებული ცრემლები უბრწყინავდა.

 

რომელი ერთი გავიხსენო. სიცილის „სმაილიკებს“ არ ვსვამ – სამგლოვიარო სტატუსია მაგრამ ახლაც, ამას რომ ვწერ, ცრემლები მომდის და თან ვხარხარებ.

 

გელამ გადამატანინა ის საშინელი დღეები იქ და როცა სახლში დავბრუნდი, სწორედ გელას წყალობით სულ ვამბობდი – საავადმყოფოში გატარებული დღეები „პაეზდკასავით“ მახსოვს იმასთან შედარებით, რაც მერე მელოდა-მეთქი.

 

ძალიან, ძალიან მაგარი კაცი დაგვაკლდა ყველას!“ - წერს ირინა სარიშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner