logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია: „მთავარი არხი“ მოქმედებს არა როგორც მედია, არამედ როგორც ვირტუალური რეალობის სიმულატორი
- +

14 აგვისტო. 2020. 13:58

 

 

„ოპოზიციურმა სპექტრმა შეიმუშავა ახალი სტრატეგია, ნებისმიერი კრიმინალური აქტივობის თუ ტრაგედიის პოლიტიკურ დანაშულად შეფუთვა და მასთან ხელისუფლების აფილირება“, - ამის შესახებ „POSTV“-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო წინასაარჩევნო სამზადისში იმყოფება, ოპოზიციურ ძალებს კი ფიზიკურად არ შეუძლიათ, პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ ამომრჩევლებს, მათი მთავარი მოქმედების არეალი გადადის საინფორმაციო მედიუმში. შესაბამისად, ოპოზიციური არხები ცდილობენ, მაქსიმალურად შემაძრწუნებელი რეალობის დახატვას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანას, რათა მაყურებლის გონებაში მოახდინონ მათი დელეგიტიმაცია.

 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ ღიად უპირისპირდებოდნენ ჯანდაცვის სექტორს, ცდილობდნენ, დაეგდოთ ექიმების და სახელმწიფოს ავტორიტეტი, პანდემიასთან ბრძოლის ყველა მეთოდი გამოეყვანათ არაეფექტურად და მოსახლეობა დაეეჭვებინათ სახელმწიფოს ქმედებებში, თითქოს პრობლემასთან გამკლავების ნაცვლად, სახალხო ინტერესების სრული უგულებელყოფა ხდებოდა. ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, რადგან ვიხილეთ, რომ სახელმწიფომ პანდემიასთან ბრძოლას ეფექტურად გაართვა თავი, ამიტომ ოპოზიციურმა სპექტრმა შეიმუშავა ახალი სტრატეგია, ნებისმიერი კრიმინალური აქტივობის თუ ტრაგედიის პოლიტიკურ დანაშულად შეფუთვა და მასთან ხელისუფლების აფილირება. „მთავარი არხი“ მოქმედებს არა როგორც მედია, არამედ როგორც ვირტუალური რეალობის სიმულატორი, აწარმოებს ალტერნატიულ გამოძიებებს, ფაქტების სრული უარყოფით აცხადებს კონკრეტულ ადამიანებს დამნაშავეებად, ცდილობს გამოძიების მიმართ უნდობლობის გაჩენას, ტრაგედიების მონეტარიზაციას და მათი პოლიტიკური ნიშნით კონვერტაციას.

 

ეს კატასტროფული სიტუაცია მედიაში მოიტანა აბსოლუტური გამოხატვის თავისუფლების ფეტიშმა, იმ მიდგომებმა, რომ თითქოს ჟურნალისტი თავის საქმიანობაში ხელშეუხებელია და არავინ უნდა ჩაერიოს და დაარეგულიროს სატელევიზიო ჰიგიენა. სახალხო დამცველისგან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან და საჯაროდ პოზიციონირებული ლიბერალებისგან ვისმენთ აბსურდულ მტკიცებებს, რომ მედია თვითრეგულირებადი ორგანოა და მასში არანაირი ტიპის ჩარევა და შესწორება არ უნდა შედიოდეს, მაშინაც კი, როდესაც ის კონკრეტულ ადამიანებს ღირსებას ართმევს და ტრაგედიებით პოლიტიკურ ვაჭრობას ეწევა. ეს უკვე მედია ვერცერთი საზომით ვეღარ არის, ესენი ნაცების პრესცენტრები და პიარსააგენტოები არიან“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner