logo_geo
eng_logo
დათო გოგიშვილი: ჩვენნაირი „სტრატეგიული პარტნიორები“ „კონა ლარად“ გამოუსვიათ!
- +

17 მარტი. 2016. 00:13


 

პუბლიცისტი დათო გოგიშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას აფასებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საქართველოს დიდ ხანს არ მოუთმენს. ლავროვის გაღიზიანება საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მთელს ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.


გოგიშვილის თქმით,  სანამ საქართველო ინტიმური შინაარსის ვიდეოებით ერთობა, ჩნდება ეჭვი, რომ ორი უდიდესი სახელმწიფო- რუსეთი და აშშ „გარიგდნენ."


 

„ვიდრე გურჯისტანში პირადი ინტიმური ცხოვრების ფარულად გადაღებული კადრებით ტკბებიან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოსთან მიმართებაში გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და თითი დაუქნია საქართველოს პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს.

 

 ვიდრე გურჯისტანში იმას არკვევენ, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ სიბინძურის გადაღებისა და გავრცელებისათვის, ფაქტია, რომ ამერიკელები და რუსები სირიაში რაღაც საკითხებზე გარიგდნენ. არცერთი ლოგიკით, რუსეთის ინტერესებისათვის საზიანოდ, ესე სირცხვილეულად რუსეთი სირიიდან არ წავიდოდა, როგორც ეს უნდა ესე გაასაღოს ზოგიერთმა ,,ანალიტიკოსმა,,. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკურად საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისათვის ამის მოსმენა ძალიან მტკივნეულია, რადგან თინა ხიდაშელი და გიორგი მარგველაშვილი მოცემულ მომენტში საქართველოს წარმოადგენენ. მე პირადად გრიგორი კარასინის განცხადება ძალიან უჩვეულოდ რადიკალური მომეჩვენა. რუსეთის ესოდენ მაღალი რანგის დიპლომატის მხრიდან ამ სიმწვავისა და სიხისტის შემცველი განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ გაკეთებულა.

 

დასასრულ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ქართული საგარეო პოლიტიკის ერთ მარაზმზე. ღმერთს ერებისათვის მიწების განაწილების პროცესში ქართველებმა ყველაზე გვიან რომ მიაკითხეს და ღმერთმა თავისი წილხვედრი მიწა რომ უბოძა საქართველოს, აი ეს ფოლკლორი და ზეპირსიტყვიერება ვაშინგტონში ბუხართან სასაცილოდ არ ყოფნით ბატონებო! და ჩვენნაირი „სტრატეგიული პარტნიორები" იმდენი გაუწირავთ და გამოუსვიათ „კონა ლარად" რომ კალკულატორიც ვერ დათვლის. ასე, რომ ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს!

დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, არსებობენ მხოლოდ მუდმივი ინტერესები. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ბოლო ორი თვეა სერგეი ლავროვს და ჯონ ქერის საეჭვოდ ტრფობანარევი რევერანსები აქვთ ერთმანეთის მიმართ, რაც დაგვირგვინდა სირიის ზავით. ჩემი მოსაზრება ასეთია: როგორც მინიმუმ საეჭვოდ გარიგდნენ!  დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს..."- აღნიშნავს გოგიშვილი. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner