logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: დათარეშობენ მკვლელები!
- +

10 იანვარი. 2017. 03:58


 


გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმიანება:


„ეს ძალად მაცხონე, ვითომ კეთილშობილი ადამიანები, გულისამრევი!

 

ერთ ლოყაში გალაწუნებული და მეორე ლოყამიშვერილი ამდენი ჭეშმარიტი ქრისტიანი თუ ჰყავდა საქართველოს, მაშინ ყოფილიყო მიშა და ვეკალით, ვეუპატიურებინეთ, ჩაველპეთ ციხეში, რა საჭირო იყო ამხელა ამბავი?

 

ქრისტიანები კი არა, სინამდვილეში, მერკანტილური, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე გადარეული, უკეთეს შემთხვევაში, თავის გამოჩენის სურვილით ანგაჟირებული „ადამიანები" ხართ თქვენ!

 

„ვგმობთ ძალადობას!" - და აფახულებენ თვალებს - ბევრი მართლა იდიოტი და ბევრი ვითომ იდიოტი.

 

ჯერ ერთი, რატომ არის ერთი მოქალაქის ჩხუბი და სახელმწიფოსგან საკუთარი ხალხის ხოცვა, გაუპატიურება, ციხეში ამოლპობა, ცოლ-შვილის გაფუჭება, ქონების წართმევა და ა.შ. ერთიდაიგივე, ეს ერთ დონეზე რატომ განიხილება? ან კიდევ, ნაწამებ ადამიანებს რომ სთხოვთ მიტევებას, აბა, ერთი კაცი დამისახელეთ, ვინც ამას ეტყოდა, აპატიე, რა მოხდა მერე, ბოლო-ბოლო, კაცები ხართ, არ გიჩხუბია?!

 

ძალადობას რომ ვგმობთ, ამოწყვეტილი ოჯახები, ამიტომაცაა, რომ დათარეშობენ მკვლელები და კიდევ აქეთ ვალს გვადებენ, რომ ცოცხლები ვართ. ძალადობას რომ ვგმობთ, ამიტომაცაა, რომ ველოდებით კანონის აღსრულებას, რომელზეც სახელმწიფო, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, თორემ ბოლო-ბოლო, მუშტი კი არა, ერთი ტყვია მაინც მოიძებნებოდა ასი ათასობით გაუბედურებულ ქართველში.

 

ვიღაცა ნამდვილად ცდილობს, დიპლომატიურად, ნელ-ნელა, ჭკუითა და გონიერებით (ისევე, როგორც 2012 წელს), საბოლოო გამარჯვებას მიაღწიოს და მე ასეთ ხალხს ვუჭერდი და ვუჭერ მხარს, მაგრამ - ვერ აკეთებთ, არ აკეთებთ, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა! მთელი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ, ხელისუფლებას და ეს რა არის, კიდევ უარესი საშინელება მოხდება. აღარაფერს ვამბობ, ამ პრეცედენტს როგორ გამოიყენებს ორად გახლეჩილი მკვლელების ბანდა ერთმანეთთან ანგარიშსწორებისთვის.

 

და ბოლოს: ხომ მითქვამს, რომ თითქმის, არ არსებობს რეისი, როცა რომელიმე არამზადა არ მხვდება. ძლივს გამომდის, რომ ზედაც არ შევხედო და ისიც იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს. თუმცა, ერთხელაც, მიმიტყუნა თავშეკავებამ და დათო ბაქრაძეს რა ჟესტიც ვაჩვენე, იცით. იგივე იყო რატი გაჩეჩილაძის საქციელი. ქალი კაცს ხომ არ გავლახავდი? მაგრამ ზუსტად ვიცი, რას ჩაიდენდენ ლაშა და გიორგი შარაძეები. რასაკვირველია, ჩემს ძმებს ვერაფრით გავამტყუნებდი, მაგრამ კმაყოფილი ვერ ვიქნებოდი და არა იმიტომ, რომ სხვაზე კეთილშობილი ვარ, არამედ, იმიტომ, რომ კანონით დასჯილი მკვლელი არაა საწყალი და ფიზიკურად, ვინმეს მიერ ჩაქოლილი - გინდა არ გინდა, უკვე მსვერპლია. მსხვერპლად ყოფნა კი ძალიან დიდი პატივია ამ პირუტყვებისთვის.

 

ჩემთვის, მთავარია, რომ ჯერ გამოძიებამ, მერე სასამართლომ დაამტკიცოს, რომ გურამ შარაძე მოკლეს სააკაშვილის შეკვეთით, რომ დაგეგმა დათა ახალაიას ბანდამ, გაისროლა ამა და ამან... მათი ციხე არ მეწყინება, მაგრამ სად იქნებიან, ნაკლები მნიშვნელობა აქვს. გურამ შარაძის მკვლელის სახელზე მეტი დასჯა, ჩემთვის, ბუნებაში არ არსებობს!

 

მოთმინებით ველოდები, გამოძიება მიმდინარეობს. შესაძლოა, ხვალ გაიხსნას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. დარწმუნებული ვარ, შედეგი დადგება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, არ ვიცი, ვის გავულაწუნებ და აბა, თქვენ იცით, ჩამსვით ციხეში და პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით მაგებინეთ!" , - წერს რუსუდან შარაძე.


 

right_banner
არქივი
right_banner