logo_geo
eng_logo
„მისი ცხოვრება ტრაგიკული ეპოქის სიმძიმით იყო დახუნძლული“ - ქრისტეფორე მესამეს დაბადებიდან 143 წელი გავიდა
- +

27 მარტი. 2016. 13:09


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ქრისტეფორე მესამე დაბადებიდან 143 წელი გავიდა. პატრიარქის შესახებ ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს: 




„143 წლის წინ, 1873 წლის 15(27) მარტს შორაპნის მაზრის სოფელ ვერტყვიჭალაში დაიბადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე მესამე.

 

თავის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში იხსენებდა: "შვიდი წლისას გარდამეცვალა მამა, დავრჩით ოთხი ძმა და ორი და მოხუცი პაპის ამარა სიღარიბეში... დედის ძმამ, საყვარელა გაჩეჩილაძემ წამიყვანა წევაში და მიმაბარა იქაურს სამრევლო სკოლაში, რომელიც გახსნილი ყო ნეტარხსენებულ გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ. მან შემოიღო ასეთი წესი, ვინც ათ წელიწადს იმსახურებდა მასწავლებლად, მას მღვდლად აკურთხებდა.

1882 წელს პაპამ ჩამიყვანა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, მიმიღეს მესამე განყოფილებაში"...

 

 

1895 წლის 8 აპრილს იგი აკურთხეს მღვდლად და გაიგზავნა კასპიის ოლქში, 1897 წელს გადმოიყვანეს გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში,1898 წლიდან იტრიის ეკლესიის წინამძღვარია, 1905 წელს იგი თავმჯდომარეობდა ქართველი სამღვდელოების კრებას, სადაც მიიღეს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორისადმი მიმართვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე. 1905 წლის შემოდგომიდან დეკანოზი ქრისტეფორე თბილისის პროგიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელია.

 

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დეკანოზი ქრისტეფორე უპირისპირდებოდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორეს. აქვეყნებდა წერილებს ჟურნ."ახალ სიტყვაში."

 

 

1922 წელს იგი გამორჩეულ იქნა ურბნელ ეპისკოპოსად. 18 მარტს შესრულდა მისი ხელდასხმა სვეტიცხოველში, კურთხევის წინ წარმოთქმულ სიტყვაში მან ბრძანა: "ძნელია დღეს ღვთისა და ერის სამსახური. მსოფლიო ომმა სრულიად გადაატრიალა ტრადიციული შეხედულებანი. ძლიერნი ტახტნი მეფეთანი დაიმსხვრნენ. ძველი ტირანია მოისპო, მაგრამ "შეკრებასა ღვარძლისასა აღმოფხვრეს იფქლი" და იფქლი უფროს, ვიდრე ღვარძლი. განსაკუთრებით ეკვეთნენ სარწმუნოებას. დღეს სარწმუნოება მიაჩნია ნასწავლსა და უსწავლელს ადამიანის დამამცირებელ და უკან ჩამომრჩენ ფაქტორად. ასეთი გარემოება გვაძლევს შესაფერისად აღვიჭურვოდ და ვიმოქმედოთ. მართალია, ეკლესია ქრისტესი ურყევია თავისი საფუძვლებით, მაგრამ ეკლესიის მოქმედება, ხან მარტივდება, ხან კი რთულდება და ფართოვდება ცხოვრებისდაგვარად. გონებრივი, ზნეობრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვალებადობა აღიბეჭდება ეკლესიის ცხოვრებაზეც.

ასეთი საზოგადოებრივი ცვლილებანი მოითხოვს ეკლესიისა და მის მსახურთაგან ცხოვრებასთან შეფარდებულ მოქმედებას, ერთგვარ შეგუებას და ალღოს აღებას. ერთ წერტილზე გაჩერება ნიშნავს უკან ჩამორჩენასა და ერთგვარ სიკვდილს"...

 

 

ეპისკოპოსი ქრისტეფორე არ იზიარებდა საკათოლიკოსო საბჭოსა და უწმიდესი ამბროსის პოზიციას საბჭოთა ხელისუფლებისადმი და მოითხოვდა კონფროტაციის, ლოიალური კურსით შეცვლას. ხელმძღვანელობდა ეკლესიაში "განახლებისა და რეფორმების ჯგუფს"...

1927 წლის 27 ივნისს მეოთხე საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ქრისტეფორე არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქად. მან სცადა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ეკლესიისადმი მიმართული წნეხის შერბილება, მაგრამ უშედეგოდ, ხელისუფლება კიდევ უფრო აძლიერებდა ანტირელიგიურ ისტერიას, რამაც უწმიდესი ქრისტეფორეს იმედგაცრუება გამოიწვია, ახლა იგი დაუპირისპირდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და ამხელდა მათ ბარბაროსობას... ხელისუფლებამაც დაიწყო მისი შევიწროება, 1932 წლის 10 იანვარს იგი გარდაიცვალა, დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

 

 

ძნელია ერთმნიშვნელოვნად შეაფასო მისი საქმიანობა, უწმიდესმა ქრისტეფორემ თავის თავზე აიღო საზოგადოების დიდი ნაწილისათვის არაპოპულარული მისიის შესრულება ხელისუფლებისა და ეკლესიის კონფროტაცია, შეეცვალა ლოიალობითა და თანამშრომლობით. მას გულწრფელად სწამდა, ხელისუფლებასთან კომპრომისების გარეშე საქართველოს ეკლესიას სრული განადგურება ემუქრებოდა, კომპრომისებს ყოველთვის ახლავს მძაფრი კრიტიკა, ოპონირება, მას როგორც ეკლესიის საჭეთმპყრობელს ჰქონდა წარმატებებიც და წარუმატებლობაც, ერთი დღე მოსვენებით არ უცხოვრია მისი ცხოვრება ტრაგიკული ეპოქის სიმძიმით იყო დახუნძლული...

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი,ამინ", - წერს ისტორიკოსი.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×