logo_geo
eng_logo
თაკო ჩარკვიანი: რაღაცეებს არც მოვყვები, რადგან ამდენის თქმის უფლებასაც არ მომცემდა მამა
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:30



პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მამის - ჯანსუღ ჩარკვიანის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ურთიერთობის შესახებ გაჩენილ შეკითხვებზე განცხადებას ავრცელებს.

 

„მათ ყურადღებას მივიპყრობ, ვინც მგონია, რომ დიდი ხანია, მრავალი წელია, სრულიად დეზინფორმირებულნი არიან და ეს დასაძრახი არ არის, ვინაიდან მე თვითონ და ბევრი ჩემს გარშემო - სრულიად სხვა ინფორმაციას ვფლობდით გარკვეული პერიოდის მანძილზე. ახლაც მეუბნებიან, არავის უპასუხო „facebook"-ზე, ვინც უდიერად დაწერს ამ მწუხრის ჟამსო, რადგან ჯანსუღი მთელმა საქართველომ იტირაო და აქვთ ჩემს მეგობრებს ამის თქმის უფლება, რადგან მე სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება ის „ცრემლიანი ოკეანე", რასაც მთელი ქვეყანა ჰქვია და მიწამდე თავს ვუხრი მთელ ქვეყანას - ვპასუხობ მავანს მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ჩემი ჯანსუღი იტყოდა: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი" - მე ვთვლი, რომ რაც ვიცი, ის უნდა ვთქვა: მაშ ასე - მე ჯანსუღის ურთიერთობას დაწვრილებით აღარ მოვყვები ზვიად გამსახურდიასთან, იმ უმძიმესი რეჟიმის დროს, რადგან ყველამ იცის, რომ 1977 წელს მწერალთა კავშირიდან ერთადერთმა ჯანსუღმა არ მოაწერა ხელი ზვიადის გარიცხვას და ვინ მოთვლის კიდევ, რამდენი რამ - თავდებობა 2-ჯერ (ჯანსუღი იყო მისი თავდები), კოკო გამსახურდიამ დაწერა კიდევაც: „ზვიადმა მითხრა, რამე რომ გაგიჭირდეს, ჯანსუღს მიაკითხეო". დიახ, ასეთი ურთიერთობა იყო... პირველი კრებული, როცა ზვიადი ციხიდან ახალი გამოსული იყო, მამამ გამოუცა (მაშინ ჯანუკი გამომცემლობა „საქართველოს" ხელმძღვანელობდა). დიახ, გამოსცა ზვიადის თარგმანი - ბოდლერი ვერლიბრად, ეს მაშინ, როცა, მერწმუნეთ, არავინ არ აპირებდა გაგანია კომუნისტების დროს, დევნილი გამსახურდიას წიგნის გამოცემას - პირველი „ეგზემპლიარიც", ზვიადმა ჯანსუღს აჩუქა და, გამომცემლობა „საქართველოში" მამას საწერ მაგიდაზე - დაასველეს, როგორც იტყვიან, პურ-მარილით, კარგად მახსოვს, რაღაცნაირ გაშლილ ხორცისფერ ქაღალდზე ე.წ. „საიუბილეო" ძეხვი იდო და კონიაკი, რომელიც პოეტმა ჯემალ ჩახავამ და ჟანი სიხარულიძემ ამოიტანეს და უბედნიერესი ვიყავი (ჩემს მეგობარ მაია გოგორიშვილთან ერთად, რადგან ამ ფაქტს ვესწრებოდით სრულიად შემთხვევით, ჯანუკისთან კონსერვატორიიდან ასულები, (ხშირად მივდიოდი ხოლმე), ეს ერთი პატარა მაგალითია, რაღაცეებს არც მოვყვები, რადგან ამდენის თქმის უფლებასაც არ მომცემდა მამა. უბრალოდ ახლა, მაშინდელი ზუსტი ატმოსფეროს გადმოსაცემად დამჭირდა (მხოლოდ ამიტომ). დიახ, მერე იყო 1988 წლის მიტინგები და (კადრებიც გახსოვთ ალბათ, დევს სოც. სივრცეში 1988 წლის კადრები - ზვიადის მიერ გაკეთებული მიტინგი, თავად გამსახურდიას თხოვნით ჯანსუღს მიჰყავს), მაშინ ყველა ერთად იყო. მე ერთხელ ვთქვი, რომ ერთად ყოფნა არ გვაპატიეს ამ პატარა ქვეყანას-მეთქი. დიახ, ჯანსუღი 1956 წლიდან (9 მარტის მიტინგიდან დაწყებული, 1972 წელს - „ტყვია მიზანში მოსახვედრია", 1978 წელს 14 აპრილს, თუ ჟურნალ „ცისკრის" რედაქტორობის დროს, მაშინ როცა ხელისუფლებამ მე-8 პოლკს „დაახვრეტინა" მთელი ტირაჟი (სადაც ჯანსუღმა მწერალ რეზო ჯაფარიძის სრულიად ანტი და საბჭოეთის ძირგამომთხრელი წერილი დაბეჭდა), იქვე ჯანსუღის პოემა „რწმენის კედელი" დაიბეჭდა და ამას მოჰყვა უშიშროების პოლკოვნიკის გ. კარბელაშვილის წერილი, რომელიც საკავშირო კანცელარიაში გაიგზავნა, სადაც ეწერა: „პოეტი ჯ. ჩარკვიანი ტაო-კლარჯეთის შემოერთებას ითხოვსო", ვინაიდან ჯანსუღის ლექსში ასეთი სტრიქონები იყო: პატრონი უნდა „ვეფხისტყაოსანს", პატრონი უნდა კლარჯეთს, ტაოსაც, პატრონი უნდა მესხეთ-ჯავახეთს, მაგრამ თუ სისხლი არ განვაახლეთ და ყველაფერი ასე დავმარხეთ, ხომ ყველაფერი დაგვავიწყეს და ხომ ყველაფერი აგვიტალახეს" (და ამას წერდა ჯანსუღი 1969-70 წლებში - ღმერთო ჩემო, გარეთ ფოთოლიც არ შრიალებდა თავისუფლების)...

 

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მაშინ ძალიან დაეხმარნენ რეზო ჭიჭინაძე და მსახიობი არჩილ გომიაშვილი, რუსებისთვის სათაყვანებელი „ოსტაპ ბენდერის" როლის შემსრულებელი და მამაჩემის მეგობარი და როგორც იტყვიან სახალხო არტისტების ჩართვით აღარ მიეცა ამ წერილს მწვანე გზა, თუმცა აქ ისე ათრიეს, რომ პირველი ინფარქტი სწორედ მაშინ მიიღო და (ექიმ გულიკო ჩაფიძესთან და ექიმ ანზორ მელიასთან მისი დიდი მეგობრობა აქედან დაიწყო სიცოცხლის ბოლომდე). ჯანსუღის ძალიან მძიმე ცხოვრების მანძილზე ეს 8 აპრილის სახალხო პროტესტი (მოედნის გაწმენდა გააპროტესტა) იყო თუ თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტის გაპროტესტება თუ დისიდენტ ირაკლი წერეთლის (რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ) თავდებობა და ბოლომდე მის გვერდით დგომა, ცხოვრების ყველა ეტაპზე მებრძოლი ვაჟკაცი იყო, თავისი ჟურნალ „ცისკრით", რომელიც ფლაგმანი იყო უდავოდ და თავისი გენიალურ პოეზიას ამ ბრძოლით ყოველთვის ჩრდილს აყენებდა, რადგან უშიშროება სწორედ ხმის ამოღებას არ გპატიობდა და არ გპატიობს, და ამიტომაც ბევრმა სიჩუმე ამჯობინა (მე, ცხადია, არავის განვიკითხავ, მძიმე დრო იყო, რეჟიმი), ახლა კი საკვანძო მომენტს მივადექით, რისთვისაც საუბარი დავიწყე. დიახ, ამ ერთად ყოფნის და მთელი ცხოვრება გვერდით დგომის და მფარველობის შემდეგ (სიკეთის გარდა არასოდეს ზვიად გამსახურდიასთვის ჯანსუღს არაფერი გაუკეთებია, თან არ დაგავიწდეთ, რომ ისინი მეზობლებიც იყვნენ ჯაფარიძის ქუჩაზე და ქ-ნი მირანდა ფალავანდიშვილი და ბებია ოჯახებით მეგობრობდნენ) და ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე როცა გამსახურდია ავირჩიეთ პრეზიდენტად (დაახლოებით 2-3 კვირაში) იწყება რაც იწყება - საშინელი, შემზარავი სატელეფონო ზარები (არა მარტო ჩვენთან, მწერლებთან, რეჟისორებთან, მსახიობებთან და ა. შ.) დილით 6-ზე, ღამე 4-ზე, ცხადია, რეკავენ და გვეუბნებიან, რომ გამსახურდია ამას გიზამთ, იმას გიზამთ, გაგასახლებთ... იწყება კატასტროფა, მე დედას მეგობარი ზვიადის მომხრეებისგან ვიცი, რომ სალანძღავი ზარები მათი მისამართითაც იყო და მჯერა, ცხადია, როცა უკვე პიკს მიღწია ამ უბედურებამ, დედამ გამოთქვა სურვილი გამსახურდიასთან გასაუბრების (დედა - ლიტერატორი ირმა ჩხეიძე, რომელსაც ორივე ნაშრომი-დისერტაცია ეკუთვნის ბ-ნ კონსტანტინე გამსახურდიაზე, ის ზვიადთან ერთად ლიტ. ინსტიტუტში მუშაობდა და მას გამსახურდია დიდ პატივს სცემდა), რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდა გასაუბრება, რადგან მას, დედას უთხრეს, რომ ზვიადს მასთან საუბარი არ სურდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი გვჯეროდა, რადგან გამსახურდია არ გამოსულა და მაშინ არ გაუპროტესტებია ეს „ქალები", რომლებიც აწყობდნენ ასეთ თავდასხმებს (ქუჩაში დახვედრა, ცემა და ა. შ.). ჩვენ ვერ ვხვდებოდით, ნელ-ნელა აგრესია გორდებოდა გამსახურდიას მიმართ. ცხადია - მე ერთხელ ვთქვი კიდევაც სახლში „რა სჭირს ამ კაცს, რატომ არ აჩერებს ამ ქალებს-მეთქი და ყოველ დღე სულ უფრო მძაფრდებოდა გამსახურდიას მიმართ აგრესია, რადგან ეს „ქალები" მისი მომხრეების სახელით მოქმედებდნენ და დაიწყო და დაიწყო... აქეთ ჩვენ ერთი მხარე შეფურთხებულ-ტალახშესხმული, იქით მეორე მხარე, კვლავ არსაიდან ხმა, არსით ძახილი - აკაკი ბაქრაძე, ჯანსუღი რუსთაველის საზოგადოებიდან ცდილობენ, ზვიადს დაკავშირებოდნენ. მოხერხდა, სატელეფონო საუბარი შედგა - ბ-ნი აკაკი ესაუბრა და ჯანსუღი, ძალიან თბილად ისაუბრეს, შეთანხმდნენ შეხვედრაზე, დილით 10-ზე მოვალთო - „კი, ჯანუკი, ჰო, ჯანუკი", (ჯანსუღს შინაურები ასე ვეძახდით), აი, ასე ისაუბრეს ტკბილად მოგვიანებით... დილით კი დაუკავშირდნენ - ბ-ნმა ზვიადმა, წითელ ინტელიგენციასთან საუბარი არ მსურსო - მორჩა, კავშირი გაწყდა... დაიწყო საპროტესტო აქცია უნივერსიტეტთან, სრულიად უწყინარი დემოკრატიული მოთხოვნებით (შეგიძლიათ ჩახედოთ). გამსახურდიასთან კავშირი კვლავ არ არსებობს (მოგვიანებით წლების შემდეგ, ზვიადის მომხრეებისგან ვიგებთ, რომ იქით მხარეს ზუსტად ისეთივე მუშაობა მიდიოდა, როგორც მეორე მხარეს, ენის მიტანები, ამან შენზე ეს თქვა, იმან ის თქვა, ამ დროს იგივე აქეთ ხდებოდა, გაგრძელდა აქცია ტელევიზიასთან და დაცხრილეს ჩვენი სახლი, მამუკამ შეგვყარა აბაზანაში (ყველაზე დაცული და ყრუ ადგილი ის იყო), მთელი ჩვენი მეზობლები მოგვიანებით ჩვენთან იყვნენ, მე პირადად, მხოლოდ იმას ვნატრობდი, იმ მომენტში, რომ გამსახურდია მალე წავიდეს-მეთქი, სახლში ამოვიდა სამხედო ფორმით კაცი და გვითხრა: დედას უთხრა - ქ-ნო, სულ გააფრინა ამ გამსახურდიამ (ბოდიშს ვიხდი ციტირებისთვის) და დაცვა გამოგზავნა შესაშინებლადო - ორ დღეში ან რამდენიმე დღეში, ჩვენთან მოვიდა თავის ფეხით გამსახურდიას გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე, ვიმეორებ, გამსახურდიას გენ. პროკურორი რაზმაძე (რომელსაც ახლდა ბ-ნი ანზორ ბურჯანაძე- ნინო ბურჯანაძის მამა და მოგვცა ანუ გადმოგვცა ის ავად სახსენებელი სია, სადაც დასაჭერი რეჟისორების, მწერლების, მეცნიერების გვარები იყო გაწერილი, თან დააყოლა, ქალაქი უნდა დატოვოთ, შენ, ელდარ შენგელაიამ, ლანა ღოღობერიძემ და კითხულობს გვარებს... ალბათ, 70 კაცი იქნებოდა, უნდა წახვიდეთ, რადგან თქვენს დასაჭერ სანქციას მთხოვს პრეზიდენტიო, რაზეც ჯანსუღს საშინელი პროტესტი ჰქონდა, მე და დედა კი ვამბობდით „რა კარგი კაცი ყოფილა ეს რაზმაძე და რა გონიერი, რომ ამას არ კადრულობს-თქო". შეიძლება, ახლა გულუბრყვილოდ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ რა პოლიტიკური გამოცდილება გვქონდა, არც არაფერი. ჩვენ კი არა, დამეთანხმებით, ალბათ, რომ არც გამსახურდიას ჰქონდა მართვის გამოცდილება, წლების შემდეგ (მე და კოკო გამსახურდიას რამდენჯერ გვისაუბრია, რომ კოკომ შესანიშნავად დაწერა ბ-ნ რაზმაძის ფენომენზე) დამეთანხმეთ, რომ მისი ანუ გამსახურდიას დანიშნული კადრი იყო, თითქმის უკლებლივ ყველა, გადატრიალების სათავეში ვინც იყო, მანამდე მისი მომხრეები იყვნენ თითქოს არა? მისი ანუ გამსახურდიას კადრი იყო, ხომ ასეა და ჩვენ საიდან მივხვდებოდით, საიდან? საიდან მივხვდებოდით ამ სპეცსამსახურების სპექტაკლებს. ჩვენ რა ვიცოდით, ვინ ცხრილავდა სახლს, საიდან გვეცოდინებოდა, რა პოლიტიკური გამოცდილებით? ეს ხომ ლეგიტიმური კითხვაა? მივედი ფინალამდე - დიახ, სწორედ ქ-ნი ლეილა ცომაია და კიდევ რამდენიმე ვითომ გამსახურდიას მომხრე ე. წ. „კარვის ქალი" ფინანსდებოდა რუსეთის უშიშროებიდან და ახლაც იგივე კაცი აგრძელებს მათ დაფინანსებას, დიახ, ახლა უკვე მაქვს და გვაქვს ინფორმაცია, რომ არ იყვნენ ის ვითომ ზვიადის „მომხრე კარვის ქალები" შემთხვევითი ადამიანები და მათ შორის იყო ეს ქალბატონი ლეილა ცომაია. ისინი იყვნენ კარგად გაწვრთნილი სპეცსამსახურები, დიახ, სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ... გამოუვიდათ, თანაც მაგრად გამოუვიდათ. ორივე მხარეს შეეშალა და ავყევით, დიახ, ერთი მხარე დამნაშავე არ არსებობს, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ, რაღა გვჭირს, კიდევ შეიძლება იგივე სპეცსამსახურებით და მათი ინფორმაციით იკვებებოდეს გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა და მეთოდურად მუხლჩაუხრელად ანგრევდეს ამ ქვეყანას? სადღაც წავიკითხე კომენტარებში - პოეტური ლეილა ცომაიას სამოქალაქო პროტესტი იყო მთაწმინდაზე პლაკატით ამოსვლაო (ძალიან პოეტურია და „კეთილშობილური", ღია საფლავთან - სასახლესთან პროტესტი მე უფრო კაგებეშნიკური ტიპური ხელწერა მგონია, სადაც ნომენკლატურის გარდა ეწერა პლაკატზე: კეკეს, ჭაბუას და გრიბოედოვს ვაპროტესტებო - ეს ორი ადრეც ვიღაცებისგან გაგონილი მქონდა და ჭაბუა ამირეჯიბი („თუთაშხიას" შემქმნელი) რატომ? ეს რაღაც ახალია, როგორც ჩანს? ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა მეთქვა, ახლა კი, ამიერიდან ის მაინც მეცოდინება, რომ მე რაც ვიცოდი, ის ინფორმაცია არაინფორმირებულ ადამიანებს გულწრფელად მივაწოდე და ამის შემდეგ „კარვის სპეცსამსახურების ქალების" მოწონება მათი ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების საქმე იქნება - მე კი აქამდე ჯანსუღს ვუფრთხილდებოდი, მეშინოდა, მოხუცია და არ მომიკლან თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, აკი ასეც მოხდა, მან ღია ეთერში თქვა, დიახ, რუსეთი მარტო ახლა არა, ის დიდი ხანია ოკუპანტიაო და თავისი კვიმატური ენით იხუმრა: „ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები" და სიცოცხლის ფასად დაუჯინეს ეს სიტყვები ლეილა ცომაიას ნაირმა სპეცსამსახურელებმა, ახლა კი, თუ განმეორდება საქართველოს წინააღმდეგ უკვე კარგად ნაცნობი ასეთი უღირსი, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციები, მზად ვარ, მოგართვათ ვეებერთელა კვლევა და ჟურნალისტური გამოძიება ქ-ნი „დემოკრატი", ვითომ ეროვნულ მანტიაში გამოწყობილი დიდი ხნის სპეცსამსახურელი ლეილას ცომაიას დამფინანსებლის და მისი გუნდის შესახებ, ვინაიდან თუ არ გამოვააშკარავეთ, ვხედავ, საქართველო ვერ დაისვენებს. მე მომიტევეთ თითოეული სიტყვა, რამეთუ გულწრფელია.

 

ბოლოს ჯანსუღის სიტყვებით დავასრულებ: „ოღონდაც ფრთხილად, ძვირფასებო,

ფრთხილად ოღონდაც,

ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს

ბებერი,

რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება

თქვენი გოლგოთა და აღარავინ

არ იქნება მიმტევებელი.

პატივისცემით, თაკო ჩარკვიანი", - ნათქვამია თაკო ჩარკვიანის განცხადებაში.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner