logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: მინდა, ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელიც თავის სიმბოლოებს პატივს სცემს...
- +

15 იანვარი. 2018. 10:01



საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის  „კვირას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ხომ გქონიათ ოცნება, რომლის განხორციელებაც დიდი სურვილის მიუხედავად ვერ შეძელით? მეც მაქვს ერთი ასეთი და გული მწყდება.

ჩემთვის 14 იანვარი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე! ამ დღის შესახებ, სამწუხაროდ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ არაფერი იცის... უფრო მეტიც, საზოგადოებაში მწირი ინფორმაციაა არა მხოლოდ მისი ისტორიის, სხვა ეროვნული სიმბოლოების, მაგალითად საქართველოს გერბის და ჰიმნის შესახებ. ეს საკითხი მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ძალიან მაწუხებს და რამდენიმე წლის წინ ჩავიფიქრე, დროშის დღესთან დაკავშირებით გამეკეთებინა პროექტი, რომელიც რამდენიმე აქტივობას მოიცავდა. ამ პროექტის მთავარი მიზანი კი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, ეროვნული სიმბოლოებისადმი პატივისცემის გაღრმავება და ეროვნული „ტემპერატურის" აწევა იყო.

დიახ, მე მინდა, რომ ამ დღემ ტრადიციულად, ყოველწლიურად მოიცვას მთელი ქვეყანა და ის ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცეს.

მე მინდა, ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელიც თავის სიმბოლოებს პატივს სცემს და სადაც ეს დღე ისე უღომღამოდ, როგორც წელს,ან გასულ წლებში, არ ჩაივლის...

ჩემი პროექტის ფარგლებში ათასი რამ მქონდა მოფიქრებული. მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო დროშის კვირეულის გამოცხადება, სადაც მსურდა, ჩართულიყვნენ როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კერძო პირები და სხვა.

მინდოდა პარლამეტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ადრეული დროშების გამოფენის მოწყობა (თავისი ანოტაციებით), ფოტომასალის თბილისის ქუჩებში, ვთქვათ ავტომოსაცდელებში განთავსება, სოციალური კამპანიის განხორციელება, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებას მოუწოდებდა ამ ეროვნულ დღესასწაულზე სახლის აივნებიდან დროშები გადმოეკიდათ, ასევე პატარა ზომის დროშების დარიგება ქუჩებში გამვლელებისთვის, მძღოლებისთვის სპეციალური საქართველოს დროშის გამოსახულების სტიკერების დარიგება ავტომანქანებზე ნებაყოფლობით მისაკვრელად (ასეთ აქტივობებში სტუდენტების, ასევე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების აქტიური ჩართვა).

ასევე, იმ კულტურის დამკვიდრება, რომ მოქალაქეებმა აივნებიდან ეროვნულ დღესასწაულებზე საქართველოს დროშა გადმოკიდონ, რომ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებმა სასწავლო და სამუშაო პროცესი დროშის აღმართვით და ჰიმნით დაიწყონ (თუნდაც ეროვნულ დღესასწაულებზე), მინდოდა კონცერტის გამართვა. სოციალური რგოლების დამზადება და დედაქალაქის მასშტაბით მათი სარეკლამო მონიტორებზე გაშვება. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის დროშის შეკერვა და მერე პერფორმანსის დადგმა - მისი რომელიმე შენობიდან გადმოკიდვა (შესაძლოა აქ ქართველი სპოტრსმენებიც ჩართულიყვნენ)... ამავდროულად ამ ყველაფრის სწორი პიარი მედიით და სოციალური ქსელებით...კიდევ ბევრი რამ მინდოდა...

ვიცი, ამ ყველაფერს მე - ერთი ცალი ადამიანი ვერ მოვერეოდი და ვერც მოვერიე, ამას სისტემური მუშაობა და ჩართულობა სჭირდება (ისევე, როგორც სხვა ბევრ თემას).

შესაძლოა, სხვას სხვა და ჩემზე კარგი იდეებიც ჰქონდეს, თუმცა მთავარი არ არის იდეა. მთავარი მისი შესრულებაა.

მჯერა, ოდესმე ამ ყველაფერს მე თუ არა, ვინმე აუცილებლად განახორციელებს. სწორედ ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველა ასეთ დღეს ძალიან სათუთად უნდა მივუდგეთ. ეს ჩვენი, ყველას სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი და არ არის აუცილებელი მხოლოდ სახელმწიფოს შევყუროთ ხელებში.

ძალიან მინდა, ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მისი მოსახლეობის ამბოლუტურ უმრავლესობას თუ არა, მის დიდ ნაწილს ეცოდინება თავისი ქვეყნის სიმბოლოები და მათი ისტორია.

ძალიან მინდა, ვცხოვრობდე ქვეყანაში სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე სახალხო დღესასწაული გახდება და თვითოეული ჩვენგანი სიყვარულით, დიდი პატივისცემით დავიბნევთ გულზე ბროშურას, ან გადმოვკიდებთ აივნიდან დროშას და აუცილებლად მოვუყვებით, ჩავუნერგავთ მომავალ თაობას, თუ რატომ არის ეს დღე მნიშვნელოვანი და რატომ უნდა სცენ პატივი საკუთარი ქვეყნის სიმბოლოებს.

 

ყველას გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

იმედი მაქვს მომავალში უფრო მეტად დავაფასებთ ამ დღეს და ჩვენს ქვეყანას, რომელიც სწორედ ამ ღირებულებებზე დგას!" - წერს ხოსიტაშვილი.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner