logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: ევროპარლამენტის კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას
- +

18 სექტემბერი. 2018. 14:21

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, ევროპარლამენტის კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას. ამის შესახებ ხულორდავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„დღეს ვიწყებთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას. ევროპარლამენტის დელეგაციას ბრიტანელი ევროპარლამენტარი საჯად კარიმი ხელმძღვანელობს. ამ დღეებში ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის დამოკიდებულებაზე. ამ დამოკიდებულებას ყველაზე ნათლად სწორედ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობა ასახავს. კომიტეტი, როგორც მუდმივმოქმედი ორგანო, რეგულარულად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას და საკუთარ შეფასებებს განცხადებაში ასახავს, კომიტეტის განცხადებები კი მუდმივად მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ძალისხმევას მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, გააუმჯობესოს ეკონომიკური მაჩვენებლები, გაზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობები ევროკავშირთან, გაზარდოს დასაქმების და უკეთესი ხარისხის განათლების მიღების პერსპექტივები ჩვენს ქვეყანაში.

 

კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და მუდმივად უსმენს როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ახალი ინიციატივების თაობაზე.

 

კომიტეტი მუშაობას ხვალ დაასრულებს. რეზოლუციის მიღების შემდეგ ტრადიციულად შედგება კომიტეტის თანათავმჯდომარეების პრესკონფერენცია", - წერს ხულორდავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner