logo_geo
eng_logo
ვახტანგ შაქარიშვილი: მთავარია ვინ ვისი კურთხევით იხელმძღვანელებს! 28 ოქტომბერს გამოჩნდება
- +

22 სექტემბერი. 2018. 20:53

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რომელნი ქერუბუმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით ანუ პოლიტ-რელიგიური ფარისევლები

 

ე.წ ფეიქ ნიუსს მთელმა მსოფლიომ ბრძოლა დიდი ხანია გამოუცხადა. ამერიკის პრეზიდენტი ამას აკეთებდა არჩევნებამდეც და ამას აგრძელებს დღემდე.

 

მიშას შვილები და გერები ყოველდღიურად რაღაც ახალ და განსაკუთრებულ „კრეატივს” იჩენენ და უფრო და უფრო გულისამრევი ხდება ფეიქზე დაფუძნებული კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ზოგი შეგნებულად ერთვება ამაში, ზოგიც კი უგუნურებით და უცოდინრობით, ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით საბრალონი არიან.

 

არ მოუსმენიათ ადამიანისთვის და არც ის წაუკითხავთ რაც „სკანდალური” სათაურების ქვემოთ წერია. თუმცა, რომც მოესმინათ და წაეკითხათ ვერას გაიგებდნენ იმიტომ რომ ზოგის ურთიერთობა ეკლესიასთან „თუ დაგხმარებია დაწერე, ამინ“ პოსტების „გაშეარებით“ შემოიფარგლება, ზოგისთვისაც შავი ჯიპი ხდება სარწმუნეობაში ეჭვის შეტანის მიზეზი. აქვე გამოჩნდა ხალხი ვისაც სასწაულებრივად აეხილა თვალი და სხვის ჯინაზე იცავენ იმას რასაც გუშინ დაუღალავად ებრძოდნენ.

 

ყველამ კარგად იცის რაც იგულისხმა და ადრესატიც პირდაპირ დაასახელა სალომე ზურაბიშვილმა. ამას სანამ ის იტყოდა ეკლესიის დაფუძნებიდან არის დაწერილი და დაუწერელი წესიც.

 

ჩემთვის, როგორც მართმადიდებლური ეკლესიის ერთი, სხვაზე უფრო მეტად ცოდვილი წევრისთვის, აღმსარებელი და მაზიარებელი ადამიანისთვის მეუფე პეტრე ეკლესია არ არის, არც ერთ ცალკეულ სასულიერო პირზე ეკლესია არ დგას და მითუმეტეს ბაჩო ახალაიას მეხოტბე ადამიანზე, გინდ მიტრა ეხუროს და გინდ ორი გამშვენებული ჯვარი ეკიდოს გულზე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ჩემი მოძღვარი ხშირად შემაგონებს ხოლმე, რომ შეუძლებელია ერთი ხელით ღმერთს ადიდებდე, მეორე ხელით კი გმობდე შენივე საქციელებით, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის მეორე.

 

კაცმა წირვა დააყენა, უდიდესი საიდუმლოება აღასრულა, მერე ამბიონზე გამოვიდა წყევლა და ადამიანების შეურაცხყოფა დაიწყო, ეს რაში წერია თუ მეტყვის ვინმე, გავჩუმდები.

 

ისიც მოვისმინე ქართული ჟურნალისტიკის საჩინო წარმომადგენლებისგან, აბა 2012-ში სასულიერო პირები პოზიციას ღიად რომ აფიქსირებდნენო?!

 

რომ გავმიჯნოთ, ჩემი მოძღვრის და ჭეშმარიტი მონაზვნების ერთ ისტორიას მოგიყვებით:

 

2012 წლის ოქტომბერში მონასტრის საძმომ, მონაზვნებმა და მორჩილებმა ვისაც ყოველივე აქაურზე უარი აქვს ნათქვამი და ტყეში ცხოვრობს, ყველამ აიღო პირადობის მოწმობა, ჩამოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთეს ის, რასაც მათ სწორედ სარწმუნოება და ეკლესიის წესი კარნახობდა, ყოველგვარი აფიშირების და პროპაგანდის გარეშე. ეს ხალხი არასოდეს ჩარეულა პოლიტიკურ რუტინაში, არც რუსთავი 2 ის სტუდიები აუტალახებიათ არც მანამდე არც მას შემდეგ. ასე იტყვიან, ღმერთმა არ ქნას კიდევ მიგვიწიოს, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ სარწმუნოება და ჩვენი ხალხიო!

 

ახალი არაფერი ხდება, ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთმა უღალატა და რა გასაკვირი ამხელა ცოცხალ ორგანიზმში კარგიც შეგვხდეს და ცუდიც?!

 

მთავარია ვინ ვის მოუსმენს და ვისი კურთხევით იხელმძღვანელებს!

28 ოქტომბერს გამოჩნდება“, - წერს შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner