logo_geo
eng_logo
ღალატია დუმილი ამ სიბინძურეზე! - ქართველი ემიგრანტის პასუხი ნიკა გვარამიას
- +

6 ოქტომბერი. 2018. 13:08

 

ქართველი ემიგრანტი მანუჩარ პირველი (კაჭახიძე)  სოციალურ ქსელში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის იმ პოსტს ეხმაურება, რომელიც ნიკა გვარამიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მიუძღვნა.

 

„ერთი ანეკდოტი მახსენდება, პანაშვიდზე მისული კაცი რომ გაიჭედება კართან, „არ მჯერა, არ მჯერას“ ძახილით. უკან რიგიდან გასძახებენ, - „ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო“.

 

ხომ უბრალო ანეკდოტია, მაგრამ აქედან სიმართლის თუ სიბრძნის ამოღება დღესაც არ შეუძლია ბევრს.

 

დემოკრატია სხვისი, თუნდაც განსხვავებული, აზრის პატივისცემაცაა.

 

მაგრამ არა სიტყვის თავისუფლების ქურქში გახვეული მუქარა ამომრჩევლებისადმი, აი, ისეთი, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის (იმ ტელეკომპანიის, რომლის დასაცავად ყოველთვის ვიმაღლებდი ხმას და ქუჩაში გამოვდიოდი) ხელმძღვანელი რომ აკეთებს:

 

ციტატა: „ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!“ - ციტატის დასასრული.

 

ჯერ ისაა საკითხავი, საიდან უნდა გამაძევოს ამ განცხადების პატრონმა. და რა მორალით?

 

ასეთ განცხადებას რომ აკეთებ, იმის მეასედი მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული ცხოვრებაში, რაც თუნდაც მე, - რა თქმა უნდა, უფასოდ! სამშობლოს სიყვარულით!

 

თორემ ათეულათასიანი ხელფასით, დავარცხნილ ტელევიზიას კი არა, სხვადასხვა ცხოველთა კონგლომერატ-ჯოგს ვუხელმძღვანელებ.

 

შენ ის მითხარი, საკუთარი შრომით აღებულ თანხიდან რამდენს მოიკლებ შენ და მოახმარ სამშობლოს, - რამდენი წელი დაბეჭდავ შენი ჯიბით ქართულ ჟურნალს ამერიკაში და საქორწილო მოგზაურობის ნახევარ დროს როგორ მოახმარ ემიგრანტთა საფლავებზე ძუნძულს და მათ მოძიება-აღნუსხვას...

 

აი, იმ ციტატის საპასუხოდ, საზოგადოებიდან გაძევებაზე რომ იმუქრებიან, დღეს კახი კავსაძის განცხადება გავრცელდა, - „ვისაც საქართველო უყვარს ტკივილამდე, ეს მათი ოჯახიაო“, – აცხადებს კახი კავსაძე, - სალომეს ვუჭერ მხარსო.

 

ჰოდა, „დაიმახსოვრეთ, გააძევეთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, სამაგალითოდ დასაჯეთ“ კახი კავსაძე, ხალხის მისდამი სიყვარულის ერთ დღეში განაცარტუტება არ გაგიჭირდებათ.

 

მე არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვარ!

 

ჟურნალისტისაგან და რედაქტორისაგან ეს არც უნდა გესმოდეთ.

 

მე იმ სიბინძურეზე ვსაუბრობ და ხმას ვიმაღლებ, რითაც წაილეკა ქართული მედია დღეს.

 

შემეძლო, სხვასავით წყალი ჩამეგუბებინა პირში, გავჩუმებულიყავი, თუმცა, სიტყვა „ღალატის“ განსხვავებული განმარტება მაქვს მე, მუხრანისეული:

 

„საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე

მამულზე ფიქრი,

ხანდახან

გულში

ღიმილით ვიტყვი: –

რა ჩემი ჭკუის საქმეა, ნეტა,

მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!

რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!

ანდა, რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,

ვითარცა სეტყვა,

ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,

იხულვებს ხოლმე,

იხულვებს ერთხმად –

ღ ა ლ ა ტ ი ა ო

მ ა გ გ ვ ა რ ი

ფ ი ქ რ ი !“

 

მოღალატე - საერთოდ, ამ იარლიყს ისტორიის ჟამთა ქარიშხალი აწებებს ადამიანს, - ცხელ გულზე მჯიღის ცემით არ დგინდება.

 

ასე იყო, ისტორიამ დაადგინა კახაბერ ყორღანაშვილის ღალატი - რისთვის შემოუძღვა ყიზილბაშებს; იასე ფალავანდიშვილის გათქმა შეთქმულებისა; ბერბიჭაშვილის მხეცობა და კიდევ მრავალი.

 

სალომეს მოღალატეობა თურმე ტალიავინის და სხვა მრავალი საერთაშორისო ავტორიტეტულ ტრიბუნათა დასკვნის გამეორებაა - რომ საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო!

 

ამას თავის წიგნში კონდოლიზა რაისიც და მაკ-კეინიც წერს.

 

თუმცა, ვისაუბროთ ყბადაღებულ ტალიავინის კომისიის დასკვნაზე.

 

ამ კომისიაში მუშაობდნენ მსოფლიოს ქვეყნების ორი საგარეო და ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრები, აგრეთვე ისეთი პროფესიონალები, როგორებიცაა გადამდგარი გენერალი ჟილ გალეტი საფრანგეთიდან, გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფ კეკისი შვეიცარიიდან და სხვა სამხედრო უმაღლესობა გაერთიანებული სამეფოდან და გერმანიიდან.

 

მათ პროფესიონალურად გამოიკვლიეს ფაქტები და ტერმინთა დეფინიცია.

 

და შავით თეთრზე დაწერეს: ქვეყნის შიგნით შემოსულ რუსულ ჯარებს დარტყმით პირველად ცხინვალში საქართველომ დაარტყა.

 

აი, ამის გამეორება-წაკითხვაში მოღალატის იარლიყი მიაწებეს ქალს, რომელიც რუსეთის გამო დაიბადა სამშობლოდან შორს და მისი დიპლომატიის შედეგით რუსულმა ჯარებმა დატოვეს ქვეყანა, რაზეც, მისი მზარდი რეიტინგის გამო, მოხსნით უპასუხეს.

 

„ახლა არ მოგწონთ ზურაბიშვილი?“ ეს იმ ცნობილი ფრაზის ინტონაციით საკითხავია.

 

ჯერ იყო და პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად სთხოვა სალომეს ხელი საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ საფრანგეთის ელჩი საქართველოში ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამხდარიყო.

 

ასეთი დიპლომატი არ გვყავსო, მიშას სიტყვებიც მახსოვს. არქივებში ამის მოძებნას არაფერი უნდა. რომ ეგონათ, გადამდგარი თუ მოხსნილი სალომეს ავტორიტეტი დავარდებოდა, პირიქით მოხდა, გაერო-ში ყველაზე მნიშვნელოვან ირანის პანელში სამუშაოდ მიიწვიეს და დედამიწაზე ურთულეს რეგიონში მშვიდობიანი ხელშეკრულების მიღება შეძლეს.

 

დაბრუნდა თბილისში და ევროპული საარჩევნო კამპანია შემოგვთავაზა - ხეებზე მითხაპნული აფიშების გარეშეც შეძლო არჩევნების მოგება.

 

ახლაა და, „ოცნების“ ნავში კი არ ჩახტა, იქით დაახრევინა თავი მისი სიძლიერისადმი და განათლებისადმი მმართველ პარტიას:

 

აი, ციტატა: „მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება; საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი“, - ციტატის დასასრული.

 

შემდეგ ქილიკი დაიწყეს მის ქართულზე. საფრანგეთში, უცხო გარემოში ნასწავლ ქართულზე.

 

ბანით ნათქვამ ქილიკზე: მოყოლით იცის ქართველობაო.

 

ერთმა, ქალის მისამართით ისიც თქვა: „ულვაშმოპარსული ორჯონიკიძეაო“.

 

სასაცილოა!

 

ბალანჩინმა, საერთოდ არ იცოდა ქართული, დღესაც მჯიღებს ვირტყამთ გულზე, ქართველიაო; სტალინი ქართულად მხოლოდ იგინებოდა და იმ სამი სიტყვის ქართულობა გვახარებს; გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების 70 პროცენტი არ არის შექმნილი ქართულ ენაზე...

 

ხუთი წლის წინ გამოცემული სალომეს წიგნიდან ციტატებით ვუპასუხებ ამ ბრალდებებს:

 

„მახსოვს წირვის შემდგომი საკვირაო თავყრილობები, სიმღერებითა და ცეკვებით გამხიარულებული საღამოები… ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც გვიახლოვებდა ჩვენს შორეულ მიწა-წყალს“. გვიახლოვებდაო, მაშინ საოცნებო სამშობლოს.

 

2004-ში, საქართველოში ჩამოსვლამდე ლევილის სასაფლაოზე მისულა:

 

„სასაფლაოს შემოვლამ ძველი სურათები გამიცოცხლა. ჩემ წინ ჩაიარა პატარა ქართული ემიგრაციის ყველა იმ ახლობელმა ადამიანმა, რომელმაც ესოდენ შორეული და ბუნდოვანი ქვეყანა ხატად მიქცია.

 

მამაჩემის საფლავთან გავჩერდი. ხმამაღლა ჩავძახე, რათა გავახსენო, თუ რა სულისკვეთებით გამზარდა. მივმართავ მას და მასთან ერთად ყველას, ვინც იქ განისვენებს:

 

„ხომ გინდოდათ, რომ ქართველად გავზრდილიყავი? ასეც მოხდა. ახლა თქვენი ჯერია, მიმფარველეთ, ჩემზე იზრუნეთ და დამეხმარეთ ისე, როგორც ზეციური სამყაროდან ეხმარებიან ხოლმე დაბლა მყოფს, ხსნის მაძიებელს“.

 

მახსოვს, ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე სალომეს წიგნი „საქართველოსკენ“.

 

სექტემბერში, საქართველოში, წიგნის მაღაზიებში ამაოდ ვეძებდი, რომ გამომცემლობა ამ საარჩევნოდ ისევ მრავალი ტირაჟით დაბეჭდავდა ამ წიგნს, - რათა მისი განვლილი გზიდან უფრო წარმატებით „გვექილიკა“ მის ქართველობაზე.

 

მე ის ვიცი, სალომეს არჩევით ჩემი ქვეყანა იმ ცოდვას ჩამოირეცხს, რაც მისი წინაპრების თაობის სამშობლოდან განდევნაში გამოიხატა. ახლა მივცემთ საშუალებას მათ მონაგარს, იმ წერტილიდან გააგრძელონ, სადაც შეჩერდა მათი წინაპარი, მაშინ - ჭეშმარიტად ქართული და რუსეთთან დამარცხებული მთავრობა.

 

ვინც მას დაიცავს, მოღალატეაო ქვეყნისო, ყველგან წერენ. ამიტომაც, ამ წერილის ბოლოში ჩემი სახელ-გვარის წინ თავადვე მოვაწერ,

 

მოღალატე მანუჩარ კაჭახიძე.

 

ღმერთმა უმრავლოს ჩემს ტკივილამდე საყვარელ სამშობლოს ჩემნაირი მოღალატეები და მე თუნდაც მიწამ ჩამიკრას ხვალვე, - ოღონდაც, ქართულმა მიწამ!

 

P.S. წერილს სურათსაც თან ვურთავ, გილიოტინაც რომ დავიმსახურო!“ - წერს მანუჩარ კაჭახიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner