logo_geo
eng_logo
გიორგი კინტირაია: დღეს ამ პატარა ბიჭმა მთელი საქართველო აალაპარაკა...
- +

18 ოქტომბერი. 2018. 15:57

 

 

ჟურნალისტი გიორგი კინტირაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენიმე წლის წინ, დიღომში, თბილისის „დინამოს“ ბაზაზე პატარა დინამოელების თამაშს ვუყურებდი. იმ გუნდს ქართული ფეხბურთის აქტიურ გულშემატკივართათვის „ამერიდან“ კარგად ნაცნობი სულიკო („აბრეზა“) დავითაშვილი წვრთნიდა. შემტევ ხაზს სულიკოს შვილი, „აბრეზა უმცროსი“ აგვირგვინებდა და მატჩზე დამსწრეთა უმრავლესობა სწორედ მისი თამაშით იყო აღფრთოვანებული. მამამისივით ტანდაბალი, თუმცა ფიზიკურად ძლიერი „სულიკოვიჩი“ საკმაოდ კარგად თამაშობდა, აქტიურად უტევდა, მამის მსგავსად ემოციურობით გამოირჩეოდა და ამით მაყურებელზე კიდევ უფრო დიდ ეფექტს ახდენდა...

 

ჩემს ემოციებზეც დადებითად იმოქმედებდა მამის ყიჟინით გულანთებული ბიჭის თავგანწირული თამაში, რომ არა ერთი ქერა ბიჭი, რომელიც თითქოს არ ჩანდა, შავ სამუშაოს აკეთებდა, გუნდის ყველა შეტევას იგი იწყებდა და საოცარი, გამჭოლი გადაცემებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. ასეთ პატარა ასაკში არასდროს მინახავს ასეთი ტექნიკა და მოედნის ხედვა. ზუკა რუხაძეს ვკითხე, ვინაა ეს ბიჭი-მეთქი, მან გაიკითხ-გამოიკითხა და გიორგი ჩაკვეტაძეაო... მატჩის შემდეგ გასასვლელში შევხვდით ერთმანეთს, გავიცანი, გამარჯვება მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. ამ დღიდან მოყოლებული, შეძლებისდაგვარად, მუდმივად ვადევნებდი მის მატჩებს თვალს. როდესაც ყოფილ სამსახურში ახალგაზრდა ფეხბურთელთან ინტერვიუს ჩაწერა დამევალა, არც დავფიქრებულვარ, ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო და პირდაპირ გიორგის მივადექი. ის მაშინ ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო, თუმცა ისეთ პასუხებს მცემდა, ბევრ პროფესიონალ ფეხბურთელს შეშურდებოდა. დღეს ამ პატარა ბიჭმა მთელი საქართველო აალაპარაკა, ხვალ კი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს აღაფრთოვანებს... ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ყველა ადამიანს კოჭებში ეტყობა ნიჭი, თუმცა თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა - ეს ორი უმნიშვნელოვანესი თვისება გამოარჩევს ამ ფეხბურთელს, რაც ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს! წარმატებებს გისურვებ, გიორგი, მე კი მომავალშიც დავტკბები შენი ბრწყინვალე თამაშით...

 

P.S. როგორც წესი, ქართველ სპორტსმენებს შექება წყენთ ხოლმე და უკლებენ ტემპს, მაგრამ ეს ბიჭი ნამდვილად გამონაკლისია...“ - წერს კინტირაია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner