logo_geo
eng_logo
ამირან გომართელი: ლევან ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და მის „ნაცმოძრაობას“ „შაეკრა“
- +

4 ნოემბერი. 2018. 17:33

 

 

პროფესორი ამირან გომართელი ლევან ბერძენიშვილის მისამართით სოციალურ ქსელში წია წერილს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„ღია წერილი ლევან ბერძენიშვილს:

 

„რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“ - დიდი ამოცნობა არ სჭირდება, თუ რისთვის გავიხსენე ვაჟას ლექსის ლირიკული გმირის მაღალზნეობრივი შეგონება - ლევან ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და მის „ნაცმოძრაობას“ „შაეკრა“.

 

ვაშაძის „შტაბკვარწირაში“ ატუზული, ახალი პატრონის მაძიებელი ლევან ბერძენიშვილი იმდენად საცოდავად გამოიყურებოდა, რომ, არ დავმალავ, ბევრი ვიფიქრე, გამემეტებინა თუ არა ეს საბრალო არსება, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, სააკაშვილის მიერ რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებული ბერძენიშვილი ხვალ არ გაიმეორებს, პუტინის „პიარშჩიკის“, შკლიაროვის მიერ ვაშაძისათვის დაწერილ ნარატივს და სალომე ზურაბიშვილს არ გამოაცხადებს მოღალატედ და რუსეთის აგენტად. ვშიშობ, ცრუ და უბირი ოქრუაშვილის მსგავსად, ლევან ბერძენიშვილმაც სამშობლოს მოღალატეებად არ გამოაცხადოს მთელი ქართული ემიგრაცია (მიგვატოვესო, - თქვა ოქრუაშვილმა) და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ისეთი მამულიშვილები, როგორებიც იყვნენ: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი სპირიდონ კედია და მისი სახლიკაცი მექი კედია (სალომეს ბაბუა დედის მხრიდან), გნებავთ, ბიძამისი - მიხეილ კედია, რომელსაც ქართველ შინდლერად მოიხსენიებენ, რადგან გერმანიაში სიკვდილისაგან იხსნა ქართველი მაჰმადიანები; ანდა ივანე ზურაბიშვილი (სალომეს ბაბუა მამის მხრიდან). ასევე არსებობს იმის საშიშროებაც, რომ სამშობლოს მოღალატედ და რუსეთის აგენტად გამოცხადდეს ემიგრაციაში დაბადებული ზეინაბ კედია, სალომეს დედა, რადგან შვილებს გრამატიკულად გამართული ქართულით ვერ უყვებოდა ძილის წინ ჩვენებურ ზღაპრებს.

 

დარწმუნებული ვარ, ლევან ბერძენიშვილი გულში თავს იმართლებს, რა მექნა, უსახსროდ და უმეკავშირეოდ დარჩენილს პარტია უნდა გადამერჩინაო, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა იფიქროს, რის მაქნისია თავზე ნაცარწაყრილი და გაბახებული, სამნიძის უბიოგრაფიო ქალის ამარა დარჩენილი პარტია.

 

ვისაც ჩემი ლიტერატურული წერილები თუ ესეები წაუკითხავს, ვფიქრობ, დამეთანხმება, მაქსიმალურად ვერიდები ღვარძლსა და სარკაზმს, პიროვნების შეურაცხყოფასა თუ ნიშნისმოგებას (სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ამ მოწოდებით დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია, თუმც ისიც ვნახეთ, როგორ უპასუხეს). ახლაც მიჭირს, როცა ლევან ბერძენიშვილს საცოდავი და შესაბრალისი ვუწოდე, მაგრამ ჩვენი საცოდავი ქვეყანა უფრო მებრალება, როცა ქართველი კაცის ასეთ უპრინციპობასა და უღონობას ვხედავ, როცა მეფე-პოეტის თქმისა არ იყოს, ვერაფრით დაგვიძლევია საუკუნეებში გამოტარებული ავი სენი - „ასე ჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინდა მცირეთა, აზვავდებიან, იტყვიან: უჩემოდ ვინ იმღერეთა?“.

 

ჩემი გაცხარების მიზეზი მარტივია. ის მაწუხებს, რატომ წამოეგო სააკაშვილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რუსების ავანტურაზე? რატომ არ იყვირა მთელი მსოფლიოს გასაგონად? რატომ არ უხმო თბილისში ევროპელ პრეზიდენტებს (ისე, როგორც ეს ომის წაგების მერე გააკეთა): რუსები ტყვიებს გვიშენენ და მოგვეშველეთო? რა უფლება ჰქონდა ცხინვალის დაბომბვისა, გინდაც დაცარიელებულისა? რა უფლება ჰქონდა სააკაშვილს ქართული მოსახლეობის ცეცხლის ხაზს იქით დატოვებისა? რატომ აღიარა „ნაცმოძრაობამ“ ცხინვალის დაბომბვა? რატომ მოაწერა ამის თაობაზე ხელი დეკლარაციას, რომელსაც მუდამ აგვიფრიალებენ ცხვირწინ? რა აზრი აქვს ამ აღიარებისა და დანაშაულებრივი ქმედების სალომე ზურაბიშვილზე გადაბრალებას? სალომე ზურაბიშვილმა კი არა, მთელმა ერმა რომ ვიძახოთ, სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ელიტა ფრთიანი ანგელოზები იყვნენო, მათ მიერ ხელმოწერილი დეკლარაციისა და ტალიავინის დასკვნის შემდეგ დაგვიჯერებს ვინმე? თუ სირაქლემის პოზა გვიშველის?

 

მითხრას ვინმემ, გნებავთ ე.წ. ფსევდოგაერთიანებული ოპოზიციიდან და გნებავთ მათმა ახალმა მოკავშირემ, ლევან ბერძენიშვილმა 1993-ში დაკარგულ აფხაზეთს, სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ უაზრო ავანტურის შედეგად კოდორის ხეობა და შუაგულ ქართლში მთელი ახალგორი და უამრავი ქართული სოფელი რატომ დავამატეთ? რატომ გავმართეთ რუსთაველზე ტაშ-ფანდური და თავი მოვიტყუეთ, ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი მოვიგეთო? მანამდე კი ვითამაშ-ვიბურჭალეთ და თბილისში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთავრობა შევქმენით, ქვეყანას ათასობით ლტოლვილი შევმატეთ, თბილისიდან გორამდე, ნაწყალობევი ფულით, საქათმესავით სახლები ჩამოვამწკრივეთ (გულისტკივილით ვიხდი ბოდიშს ამ სახლების მაცხოვრებლების წინაშე) და შედეგად „ნაცმოძრაობის“ ელიტას ფული ვაშოვნინეთ.

 

მერე ვირტუალურ ყოფაში ცხოვრება დავიწყეთ - კლიპები გადავიღეთ, სიმღერები ჩავწერეთ, მომღერლები ვამღერეთ. ვირტუალურ სივრცეში აფხაზეთის დაბრუნებაც კი ვიზეიმეთ: კლიპის გახარებული და სახეგაბადრული მონაწილენი ერთმანეთს აფხაზეთში ეპატიჟებოდნენ. თუ არ ვცდები, ამ სიმღერას „მოდიხარ აფხაზეთში?!“ დავარქვით და კლიპის მონაწილეებს ღირსების ორდენები ჩამოვურიგეთ, თითქოსდა მართლაც დაიბრუნეს აფხაზეთი.

 

ლევან, ახლა პირდაპირ შენ მოგმართავ: შენ, რომელსაც არც იუმორის გრძნობა გაკლია და, სხვათა შორის, არც ცინიზმი, უპასუხე ერსა და ქვეყანას, იყო თუ არა სააკაშვილის მხრიდან ყოველივე ეს მართლაც ცინიზმი და ჩვენი აბუჩად აგდება. აი, ამაზე თვალის დახუჭვას და მიშასა „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებას ვერ გპატიობ, ლევან! საკუთარი ამბიციურობის ვერმოთოკვასა და მერკანტილიზმს ვერ გპატიობ, საკუთარი თავის მოტყუებასა და ხალხის გაბრიყვების მცდელობას ვერ გპატიობ, ლევან! მიშას და მისი „ნაცმოძრაობის“ ავანტურის შედეგად დაღუპულ რამდენიმე ასეულ ქართველ ვაჟკაცს ვერ გპატიობ, სააკაშვილის მიერ გაჩუქებულ ახალგორში, მშობლიური სახლ-კარის მოსანახულებლად ჩასულ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მოკვლას ვერ გპატიობ. და კიდევ ვინ მოთვლის... რაც იმ ცხრა წელიწადში „ნაცებმა“ სისხლი დაღვარეს, ნუ გაგიკვირდება და, ახლა იმის პასუხსაც შენგან ვითხოვ, „ნაცმოძრაობასთან“ შერიგებულო და სააკაშვილის ბოდიშის „დიდსულოვნად“ მიმღებო, ლევან! ოღონდ ის მაინტერესებს, სააკაშვილმა სხვებთანაც თუ დაგაბარა ბოდიში? თუნდაც საკუთარ ნათლიმამასთან, შენს ყოფილ თანამებრძოლ კობა დავითაშვილთან, თავი რომ გაუტეხა და სამუდამოდ დააინვალიდა. სხვებზე, ასეულობით მოკლულ, გაუპატიურებულ, თვალდათხრილსა თუ მაღაზიის სახურავებზე შემოგდებულ ცხედრებზე აღარაფერს გკითხავ, იმიტომ რომ მგონი, ამნეზია დაგემართა, ოღონდ ეს, არა მგონია, ასაკის ბრალი იყოს, ამას სამწუხარო ზნეობრივი (?!) საფუძველი აქვს.

 

აღარც კი ვიცი, „ნაცმოძრაობის“ რომელი დანაშაული გაგახსენო, ლევან! ვიცი, ვერ და არ გაიხსენებ, მაგრამ ერი და ქვეყანა ამის პასუხს ახლა შენგანაც მოითხოვს. მართალია, პოლიტიკური ამნეზია დაგემართა, მაგრამ, ვგონებ, შეძლებ, ცოტა რამ გაიხსენო ლიტერატურიდან. კერძოდ, საზოგადოების წინაშე გასაოცარი ზნეობრივი პასუხისმგებლობით აღვსილი ხევისბერის სიტყვები: „მოძმეთ სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს!“ ამაზე რა პასუხი გაქვს, ლევან! შენ რომ მიშამ ბოდიში მოგიხადა და რაღაც საცოდავ თანამდებობასა თუ ფულს დაგპირდა, ეს ვერაფერი პასუხია!“ - წერს ამირან გომართელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner