logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა აშკარად არასტანდარტული და საგულისხმო იყო
- +

6 ნოემბერი. 2018. 16:32

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბიძინა ივანიშვილის მიმართვა აშკარად არასტანდარტული და საგულისხმო იყო. ცალკეულ თეზისებს არ მივყვები. გამგები მარტივად გაიგებდა, რაც ითქვა.

 

როგორც თქვენთვის, ჩემთვისაც მთავარი სამართლიანობის აღდგენის საკითხი იყო. იგრძნობა, რომ კოჰაბიტაცია ვეღარ გაგრძელდება. შესაძლოა, ეს მხოლოდ შთაბეჭდილება იყოს, მაგრამ კონტურები აშკარად ჩანს. იგრძნობა პასუხისმგებლობა კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში შეიქმნა - „ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“.

 

დიახ, მწარე სიმართლეა ეს.

 

მკაფიო, კონკრეტული და ადეკვატური იყო „ნაცმოძრაობის“ შეფასება რევანშისთვის გამზადებულ ჯგუფად, რომელიც რეალურად დიდი ხანია აღარაა პოლიტიკური პარტია.

 

ბევრი გაახარა ივანიშვილის დაპირებამ, რომ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა პატრიოტის ღვაწლი ახლა მაინც დაფასდება. მადლიერებასა და დაფასებაში ცუდი არაფერია. სწორედაც რომ დასაფასებელია ხალხი, ვინც თავის დროზე სააკაშვილის ტირანიას უპირისპირდებოდა.

 

ასევე, მნიშვნელოვანი იყო აქცენტირება საკადრო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე.

 

ითქვა, რომ ხელისუფლებაზე გაბრაზება არ უნდა გადაიზარდოს საკუთარ ქვეყანაზე გაბრაზებაში, რასაც ცალსახად ვეთანხმები.

 

დღეს ივანიშვილს საზოგადოების არაერთმა წევრმა შესთავაზა მისი გამოცდილება და რესურსი, რაშიც ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. ამას ხალხი ივანიშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას სთავაზობს.

 

დაფასების ნაწილში საჯაროდ ვამბობ: პირადად მე არც დაფასებას ველი და ვითხოვ, არც კერძო კეთილდღეობას. იმავეს ვიტყვი ჩვენს გუნდზეც! არავის არაფერი არ უნდა „ქართული ოცნებისგან“, გარდა იმისა, რომ ქვეყანამ და ხალხმა შვება იგრძნოს.

 

ისიც ვიცი, რომ თუ თეორიულად დაპირებული „კოჰაბიტაციის დასრულება“ მხოლოდ საარჩევნო დაპირებად დარჩება, კვლავ ბრძოლა გველის „ქართულ ოცნებასთან“. არავითარი კერძო ან პარტიული სიკეთისთვის, ან რაიმე მატერიალურის გამო, რაშიც ორი დღეა სააკაშვილის სასაცილო და სამარცხვინო ტროლები ბრალს მდებენ, არ ვაკეთებ არჩევანს,- დავდგე ჩემი ქვეყნის გვერდით ამ ვითარებაში. განსაცდელი უწოდა მას ბიძინა ივანიშვილმა. განსაცდელია, აბა, რა არის, როცა კრიმინალები ასეთ ჰონორზე არიან?!

 

ზუსტად ვიცი, არჩევნების შემდეგ, საარჩევნო სისტემის შეცვლის თემაზე სწორედ მმართველ გუნდთან სერიოზული ოპონირება გვექნება. ახლავე ვეუბნები მათ - ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და უკანდახევა არ იქნება! ამასთან, პლენარულ სხდომაზე გასატანია რეზოლუცია და ესეც არ ჩაივლის ნერვების გლეჯის გარეშე... ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?!

 

საერთოდ, კარგი იქნება, ფიცის გვწამდეს და ბოლო არ გვაკვირვებდეს, მაგრამ იმისთვისაც მზად ვარ, რომ ბოლომ (შესაძლოა) ისევ გამაკვირვოს, ამიტომ ყოველგვარი ზედმეტი ანალიზის და ემოციის გარეშე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მივყვები გზას, რომელიც მიმაჩნია, რომ მართალი გზაა - ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ 2004-2012 წლების რეალობაში. უნდა მოვიკრიფოთ ძალები. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ძალიან, ძალიან ბევრნი ვართ, ვისაც არ გვენატრება სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის არც სტილი და არც შედეგები! და გვინდა თავისუფალი, ბედნიერი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც მარტო მინისტრები და ჩვენ- დეპუტატები კი არ გავიხარებთ, პირველ რიგში, მშიერი ბავშვები, ავადმყოფი მოხუცები, დასახიჩრებული ვეტერანები, ობლები, უმწეოები გაიხარებენ“, - წერს ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner