logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: დღეს გამორჩეული ქართველი მეფის ერეკლე მეორის დაბადების დღეა!
- +

7 ნოემბერი. 2018. 11:33

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს გამორჩეული ქართველი მეფის ერეკლე მეორის დაბადების დღეა. ერეკლე მეორე 1720 წლის 7 ნოემბერს ქალაქ თელავში დაიბადა. საქართველოს გამორჩეულ მეფეს ხალხმა სიყვარულით პატარა კახი უწოდა, ხოლო კახეთში დღემდე პაპას ეძახიან.

 

„ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი, თავისი დროის მოწინავე კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად, მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო აფორიაქებული ქვეყნისთვის“, ასე ახასიათებდნენ ერეკლეს ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია.

 

საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ შევა მისი სამხედრო და სტრატეგიული ნიჭი. 15 წლისამ ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში აიღო ხმალი და ღრმა მოხუცებულობამდე არ გაუგდია ხელიდან. მას მერე მთელი ცხოვრების მანძილზე ათეულობით ბრძოლა მოიგო. თავი გამოიჩინა სამშობლოსაგან ძალიან შორს, ნადირ შაჰის უცხოურ კამპანიებში როგორც ნიჭიერმა და მამაცმა უფლისწულმა.

 

ერეკლე გამორჩეულად ნიჭიერი პოლიტიკოსიც იყო. ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდგომ მიუხედავად თავადების ხშირად მოღალატეობრივი საქმიანობისა, ახერხებდა, ორი სამეფოს ერთიანობა შეენარჩუნებინა და რეფორმებიც გაეტარებინა, ჰქონოდა ვერცხლის წარმოება და შეექმნა რეგულარული ჯარის ჩანასახები, განევითარებინა ვაჭრობა, მრეწველობა და კულტურა სამეფოში. ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ მეექვსემ ჩამოატანინა ვლახეთიდან (რუმინეთი).

 

ერეკლე თავისი ხასიათითა და ცხოვრებით, საქართველოს, ქართველი ხალხის უდრეკობის, სიმტკიცისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავისი სამშობლოს კეთილდღეობისათვის იბრძოდა. მისი საქმეები ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაშიც.

 

გილოცავთ ერეკლეობას, ჩვენი ვალია, სამუდამოდ შევინახოთ ჩვენი გმირი მეფეების სახელი, რომელთა ღვაწლიც სამაგალითო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის აღმშენებლობის საქმეში“, - წერს სესიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner