logo_geo
eng_logo
ცნობილი პოლიტიკოსების სია, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს საზღვარგარეთ სასწავლებლად მიემგზავრებოდნენ
- +

16 ნოემბერი. 2018. 13:54

ვინ და რომელი მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ პროექტით „ცოდნის კარი“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაფუძნდა. ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღწერილია, სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებით, ნიჭიერი სტუდენტების ნაცვლად, საზღვარგარეთ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გამგზავრება და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ფაქტები.

 

„ის, რასაც ახლა წაიკითხავთ (თუ წაიკითხავთ, რა თქმა უნდა) ვრცელია, მაგრამ საინტერესო. ამ, სტატუსისთვის დიდი ტექსტის, რომელიც სტატიას უფრო ჰგავს, დაწერა გადამაწყვეტინა მიხეილ სააკაშვილის „მილოცვამ“, რომლითაც ის ახალჯვარდაწერილ ბერა ივანიშვილს მიმართავს: „ბერა, გილოცავ გაბედნიერებას, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, რომ რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა, სადაც თქვენ გემსახურებათ 4 ვერტმფრენი და თვითმფრინავი, რომელსაც რეგულარულად ჩამოაქვს საჭმელი ტიბეტიდან და ბევრი სხვა შორეული ადგილიდან, იმ საზოგადოების ფონზე, სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მაქსიმუმ 3 დოლარად დღეში, ხალხს ენატრება ელემენტარული და თქვენ კიდე ამ ხალხს ჩაუკეტეთ სალოცავის კარები, რომელიც არასდროს დაკეტილა აქამდე… თუ გინდა გაიგო, როგორია ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემს შვილს, რომელიც შენი თანატოლია და შეგიძლია ერთი კვირით ესტუმრო მას ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში. ან კიდევ, უფრო უკეთესი – შეუარე ჩემს ნაცნობ ტყიბულელ ოჯახს, სადაც ბებია და შვილიშვილი 3-ოთახიანი ბინიდან მხოლოდ ერთ ოთახს იყენებენ იმიტომ, რომ დანარჩენი ორის გათბობის ფული არ აქვთ და გასინჯე მათი „ზომიერი“ ულუფა.. ისე კი, გისურვებ ბედნიერებას!“

 

პირველ რიგში, გამიხარდა ის, რომ სააკაშვილის შვილი „ჩერდაკში“ აღარ ცხოვრობს და როგორც იქნა, სხვენიდან ქვემოთ, ოთახნახევრიან ბინაში გადმობარგებულა. არ დავსვამ კითხვას, როგორ, სად და რამდენად ახერხებს სააკაშვილის უღარიბესი ოჯახიდან „გამოსული“ მისი შვილი, ბინის ქირის გადახდას (ოჯახის შენახვის პარალელურად), არც მრავალჯერ თქმულს (უკვე დამტკიცებულს) გავიმეორებ, რომ სვეტიცხოვლის კარი, ბერას ქორწილის დღეს არავის ჩაურაზავს და არც „არასდროს დაკეტილა აქამდე“-ს გამოვეხმაურები. ეს ის დეტალებია, რომელიც სადავო აღარაა, ამიტომ არ დაგღლით.

ერთადერთი, რამაც დღეს ამ „სტატუსის“ დაწერა გადამაწყვეტინა არის სიტყვა – „ულუფა“.

 

ეს შესავლისთვის, ახლა დეტალები, ერთი „უბრალო“ „საქმიდან“:

 

2010 წელს, საქართველოს რიგით მერვე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლოზ (ნიკა) გილაურმა, მთავრობის დადგენილებით N58, პროგრამას „ცოდნის კარი“ ჩაუყარა საფუძველი. პროგრამა გულისხმობდა ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, სწავლის დაფინანსებას. მოგვიანებით, 2013 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, პარლამენტში გამოსვლისას, განაცხადა: „არსებობს ასეთი პროგრამა, „ცოდნის კარი“, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ნიჭიერ თანამემამულეებს, აიმაღლონ თავისი კვალიფიკაცია და სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლონ უცხოეთის წარმატებულ უნივერსიტეტებში“. რამდენიმე თვით ადრე, 23 ივლისს: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც სამინისტრო მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამებზე სწავლას უფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამას „ცოდნის კარი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს. 2013 წელს 29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორი და სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების 4 სტუდენტი დაფინანსდა“. 2010 წლიდან დღემდე, მედიისათვის, ბურუსით მოცულია ამ პროგრამის კომისიის წევრთა ვინაობა. ორი წლის წინ, ტელეკომპანია „იმედმა“ რამდენიმე დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც გაირკვა, რომ 2010 წელს კომისიის წევრები იყვნენ: დიმიტრი შაშკინი (თავმჯდომარე), კახა ბაინდურაშვილი, თინა ბურჯალიანი, ეკატერინე ზღულაძე, ნიკოლოზ (ნიკა) რურუა. ნიკა რურუამ „იმედის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მსგავსი კომისიის და საგანმანათლებლო პროექტის – „ცოდნის კარი“ – შესახებ არაფერი სმენია. ფაქტობრივად, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა აღიარა, რომ კომისიის მიერ შედგენილ ოქმებზე მისი ხელმოწერა გაყალბებული იყო. ეს მოხდა 2016 წელს! კანონით, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის უწყებას გამოძიება უნდა დაეწყო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა.

 

ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი, აქედან, არც მეტი არც ნაკლები, ნახევარი მილიონი მოხმარდა ჩინოვნიკების სწავლა-განათლებას. დიახ, ჩინოვნიკების სწავლა-განათლებას! იმ ჩინოვნიკებისა, რომელთაგან ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილე, ზოგიც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან ისეთ სტრატეგიულ თანამდებობაზე მუშაობდა, წესით, სასწავლი არც არაფერი უნდა ჰქონოდათ!

 

ნინო კალანდაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2010 წელს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში მიდის და 18 525 ლარად სწავლობს ინგლისურს. მომდევნო წელს მიდის ტაფტის უნივერსიტეტში და 28 298 ლარად სწავლობს, რას არ ვიცი. ჟურნალისტთან კომენტარისას, ნინო კალანდაძე აცხადებს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად მჭირდებოდა ეს დოკუმენტიო. აი, თურმე რაშია საქმე, მინისტრის მოადგილე ოფიციალური დოკუმენტებით, მიდის სასწავლებლად, რაც მას კვალიფიკაციის ამაღლება ჰგონია. ცნობისთვის, კვალიფიკაციის ამაღლება ხდება ფორუმებზე და სხვაგან, სხვა ვითარებაში. იმ დროს, როცა ნინო კალანდაძე, ყოფილი სტიუარდესა, „კვალიფიკაციას იმაღლებდა“ ჰარვარდსა და ტაფტში, მისი წლიური ხელფასი (მხოლოდ ხელფასი) 65 ათასი ლარი იყო.

 

რკინიგზის დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას სწავლა-განათლება სახელმწიფოს, ოქსფორდში, სედის ბიზნეს სკოლაში, 113 912 ლარი დაუჯდა. რკინიგზის „შეფის“ ხელფასს არ დავწერ, უბრალოდ გეტყვით, ბიუჯეტიდან გადახდილ მის სწავლის თანხას ბევრად აღემატება.

 

გიორგი ვაშაძე საქართველოს თავს აყვედრის და აცხადებს:

 

„მნიშვნელოვანი იყო ეს იმისთვის, რომ სწორედ იქ მიღებული ცოდნა გამომადგა იუსტიციის სახლების პროექტის განსახორციელებლად“.

 

გესმით თქვენ? თურმე იუსტიციის სახლს საქართველოში განათლებამიღებული ერთი ადამიანიც კი ვერ დააპროექტებდა! სახელმწიფოს გიორგი ვაშაძის „გაგენიოსება“ 35 ათასი ლარი დაუჯდა. ვაშაძემ იუსტიციის სახლის დაპროექტება, ჰარვარდში, ბიზნესსკოლაში „ისწავლა“ და ამ დროს ის იყო მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე.

 

„ეს ინვესტიცია ქვეყანას დაუბრუნდა იუსტიციის სახლების სახით“, – განაცხადა ვაშაძემ. გესმით? თურმე, ვაშაძის დიპლომი, ინვესტიცია ყოფილა! სწავლის პერიოდში ვაშაძის ხელფასზე არაფერს დავწერ.

 

შემდეგი: ოთარ ძიძიკაშვილი, პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი და ადმინისტრაციის თანამშრომელი ხელფასით წელიწადში 60 ათასი ლარი, 1900-ლარიანი ჩანთითა და 5000-ლარიანი საზაფხულო არდადეგებით. ძიძიკაშვილის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა სახელმწიფოს 111 897 ლარი დაუჯდა. სხვათა შორის, ძიძიკაშვილიც გვაყვედრის თავს და ჟურნალისტთან აცხადებს: საპენსიო რეფორმის ავტორი ვარ, ამ კითხვის დასმას როგორ მიბედავთ, არ უნდა მესწავლა?

 

შემდეგი: ვასილ სიხარულიძის, სააკაშვილის მრჩეველი საგარეო საკითხებში, 2010 წელს ჰარვარდის სამაგისტირო სკოლაში სწავლა სახელმწიფოს 134 142 ლარი დაუჯდა.

 

2011 წელს ლევან ბეჟაშვილის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში სწავლა 7139 ლარი დაჯდა.

 

2010-2012 წლებში ჰარვარდის ბიზნესსკოლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში ოთო კახიძის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის სწავლა ბიუჯეტს 95 057 ლარი დაუჯდა. 2012 წელს ტაფტის უნივერსიტეტში 42 455 ლარით დაფინანსდა თინათინ ბოკუჩავას სწავლა, ამ დროს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამ პერიოდში აღებულ ხელფასზე არაფერს ვიტყვი! ნიკა გვარამია, მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, სასწავლებლად წავიდა ჯორჯიას უნივერსიტეტში, სადაც ინგლისურ ენას დაეუფლა, ემორის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა გაიარა და საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტმა გადაიხადა 162 155 ლარი.

 

ზემოთ მოგახსენეთ, „ულუფაზე“ გამახსენდა-მეთქი, აი, მთავარი „ულუფა“, ინფორმაცია არქივიდან: ნიკოლოზ სააკაშვილი კერძო სკოლაში, ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში სწავლობს და 2011 წლის 1 ნოემბერს მისი ერთი წლის სწავლის გადასახადი, 5900 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა. დოკუმენტების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უფროსი შვილის, ედუარდ სააკაშვილის ამერიკულ აკადემიაში სწავლის საფასურიც (14 000 ლარი) ბიუჯეტიდან გადაიხადა. საუბარია 2010-2011 წლის სწავლის საფასურზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში“. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, ეს ის დროა, როცა სწავლა ყველა უნივერსიტეტში ფასიანია და არცერთი პროგრამა არ ფინანსდება. სწორედ იმ დროიდანაა „გადმოყოლილი“ უამრავი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. სხვათა შორის, გადადებული გამოცდების თუ სხვა პროცედურებისთვის, ყველაზე დიდი გადასახადი, სწორედ გიული ალასანიას უნივერსიტეტშია.

 

აქვე აღვნიშნავ, სააკაშვილმა მისი თაობის ის წარმომადგენლები, მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთაც ინგლისური ენა არ იცოდნენ, ერთი ხელის მოსმით „ჩარეცხა“. სააკაშვილმა, საკუთარი შეხედულებისამებრ, ჩარეცხა ის ადამიანებიც, ვინც ინგლისური იცოდნენ, კვალიფიკაციის ამაღლებაც სახელმწიფოს ხარჯზე არ სჭირდებოდათ. ეს ადამიანები გამოაცხადა მარგინალებად, ოდიოზურ ფიგურებად, საზოგადოება გახლიჩა და დააქუცმაცა, დააპირისპირა ერთმანეთთან, დღეს კი გამოდის და „ულუფებზე“ საუბრობს, თურმე ტყიბულში მისი ნაცნობი სამიდან ერთ ოთახში ცხოვრობს… მეტს არაფერს ვიტყვი… ან რა საჭიროა?…” – წერს დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner