logo_geo
eng_logo
„კიდევ მრავალი რამ მაქვს მასზე სათქმელი, მაგრამ...“ - რას წერს ანა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილზე
- +

15 დეკემბერი. 2018. 18:24

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს დღეც დადგა. დღეს ვასრულებ მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით, საპარლამენტო მდივანს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, მიმაჩნია, რომ განსხვავებით საჯარო მოხელეებისაგან, რომლებიც არ უნდა იცვლებოდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პარალელურად (და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით ბოლო დღეებში წამოწეული უკანონო და უსამართლო საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგიდან მოიხსნა ჩვენი, სამოქალაქო და დიპლომატიური კორპუსის ერთიანი ძალისხმევით, რიგი დეპუტატების პრინციპული პოზიციით), საპარლამენტო მდივანი, ისევე როგორც ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს; მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს შერჩეული... ამიტომ, დღეს მივმართე პრეზიდენტს გათავისუფლების თხოვნით.

 

მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. სამუშაოს დაწყების წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ უნდა ყოფილიყო ეს მოულოდნელი ჩემთვის, მაგრამ პრეზიდენტის პოზიცია სხვაა და თან საქართველოში ასე იშვიათად ხდება: ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ჩემი საჯარო საქმიანობიდან მიცნობდა და რომელთანაც მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი შეხვედრილი საჯარო შეხვედრებზე, მაღალი ნდობა გამომიცხადა და შემომთავაზა ეს პოზიცია. ეს ბევრს მეტყველებს მის შესახებ, და კიდევ მრავალი რამ მაქვს მასზე სათქმელი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემსახურა ქვეყნისთვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. ვცდილობდი, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ის, რაც არც ერთი დღე არ ყოფილა პრივილეგია, იყო დიდი პასუხისმგებლობა!

 

თითქმის ერთი, მრავალმხრივ საინტერესო წელი გავატარე აქ. ძალიან საჭირო, სასარგებლო პერსპექტივა შევიძინე ბევრი მიმართულებით. საინტერესო თავი შეემატა მემუარებს და ბევრი წლის შემდეგ, იქ მოვყვები.

 

გავიცანი ძალიან კარგი, გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც გამამდიდრეს და გამაძლიერეს. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მადლობა მათ ყველაფრისთვის! მათთან მეგობრობა გაგრძელდება.

 

აუცილებლად მინდა აღვნიშნო საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, ადამიანი, რომელიც თავისი სიღრმით, თავმდაბლობით და ყველანაირი სილამაზით, თავად ამშვენებდა პირველი ლედის სტატუსს და არა პირიქით. მასთან ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია იყო.

 

მადლობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მადლობა ყველას, ვინ მგულშემატკივრობდით, მათაც, ვინც მაკრიტიკებდით. ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც რაიმეს აკეთებს“, - წერს ნაცვლიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×