logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა
- +

31 დეკემბერი. 2018. 19:14

 

 

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა დადებით დონეს მიაღწია და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

 

„ვისაც ჩემი ერთი წლის წინანდელი პოსტი გახსოვთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყველაზე დაბალი ნიშნული 2017 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ამჟამად, ასევე პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა, მცირე, მაგრამ დადებით დონეს – მშპ-ს 0.3%-ს მიაღწია. ისტორიულად, საქართველოში ეს მაჩვენებელი ყოველთვის უარყოფითი იყო. 2010 წლის შემდეგ კი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საშუალოდ მშპ-ს 11% აღწევდა. ამის გათვალისწინებით, მიმდინარე ანგარიშის ასეთი გაუმჯობესება უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე, ასევე ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე.

 

„ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რასაც უცხოელი ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ. ვიმედოვნებ, რომ როდესაც 2018 წლის საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება შენარჩუნდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – წერს გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×