logo_geo
eng_logo
ილია ჩაჩიბაია: უსუსურობის გამო ადამიანები ავარიულ სახლებში ცხოვრებით საკუთარი შვილების სიცოცხლეს სწირავენ, რასაც არათუ სხვები, თვითონაც ვეღარ ამჩნევენ...
- +

15 იანვარი. 2019. 00:47

 

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პატარა რომ ვიყავი ჩვენი ოჯახი ორსართულიან ხის სახლში ცხოვრობდა. ძალიან მხიარული ბავშვობა მქონდა, ზაფხულობით ვწუწაობდით, მდინარეზე დავდიოდით და მეზობელი ქვეყნიდან ბიძის მიერ გამოგზავნილი საჩუქრებით ვტკბებოდით. ყველაზე მეტად დღესასწაულებს, დაბადების დღეს და მამის სამსახურიდან დაბრუნებას ველოდი, რადგან სამივე მრავალფეროვან სასუსნავს უკავშირდებოდა.

 

სახლის მეორე სართულზე პატარა ოთახის ფანჯრიდან წითელი ვაშლის მოწყვეტა შეიძლებოდა; ჩემი და ჩემი ძმის საძინებელი კოხტა იყო: ორი საწოლი, წიგნებით სავსე მაგიდა და ლამაზი ბუხარი სიმყუდროვეს ქმნიდა. ჩემი ძმის წიგნებიდან მოვქექავდი ხოლმე ვიზუალურად ყველაზე ლამაზს და ძილის წინ ვკითხულობდი. შინაარსს თითქმის ვერ ვიგებდი, მაგრამ თავს მწიგნობრად წარმოვიდგენდი, რის გამოც მშობლები დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ.

 

ძალიან მომწონდა ჩვენი სახლი, უფრო კომფორტული საცხოვრებელი ადგილი ქვეყანაზე არ მეგულებოდა.

 

ერთ დღეს ნათესავი გვესტუმრა. იმჟამინდელი ხელისუფლების მინისტრი იყო. საგულდაგულოდ მოკოხტავებული სახლი სიამაყით დავათვალიერებინეთ. ჩემი ძმა საერთო ოთახშიც შეუძღვა, თამამი იყო, რადგან თავისი აძაღორებული მაგიდა წინა დღით დაელაგებინა.

 

ოფიციალურად გამოწყობილ სტუმარს წვერი ბოლომდე გაეპარსა; მელოტი, საშუალო სიმაღლის, სანდომიანი შუახნის მამაკაცი იყო. გაგვიღიმა, მოგვეფერა, ჯიბიდან რაღაც ტკბილეული ამოიღო და გვაჩუქა; მართალია, ბავშვებს საბრძოლო ვაზნები უფრო გაგვიხარდებოდა, - ვაგროვებდით, მაგრამ კარგად აღზრდილებს თავაზიანი მადლობის თქმა არ დაგვვიწყებია.

 

ბატონმა მინისტრმა მშობლებთან კარგახანს ისაუბრა, იცინოდნენ და ძველ ამბებს იგონებდნენ.

 

წასვლისას დამაიმედებელი მზერით გადმოგვხედა და ასეთივე ტონით გვითხრა: „დახმარება გჭირდებათ, ვხედავ. ჩემი იმედი გქონდეთ“.

 

წავიდა სტუმარი, ალბათ დაგვეხმარა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, კარგახანს შეფიქრიანებული დავრჩი: ვერ გამეგო, რატომ გვჭირდებოდა დახმარება. სახლი ხომ ასე საგულდაგულოდ გამშვენებული სხვა არავისთვის დაგვიხვედრებია. გვიჭირდა, მაგრამ არ ვშიმშილობდით...

 

ამ ამბიდან მრავალი წლის შემდეგ ჩემს სახლს ვესტუმრე. ჩვენი პატარა ოთახი თურმე იმდენად პატარა ყოფილა, რომ გავლა შეუძლებელია, ჩემი ძმის დიდი საწოლი იმდენად პატარა, რომ კაცი ფეხს ვერ გაშლის, მეორე სართულის ფანჯრიდან ვაშლის მოწყვეტა კი არა გადახტომა და უვნებლად დარჩენაც ყოფილა შესაძლებელი. გვიან მივხვდი, სახლში მამაჩემის ბიბლიოთეკის გარდა ძვირფასი ცოტა რამ თუ მოიპოვებოდა... დიახ, ძალიან გვიჭირდა, რასაც მე ვერ ვამჩნევდი...

 

იცით, რამ გამახსენა ეს ამბავი? - დღეს, ქუჩაში მივაბიჯებდი და ყურადღება მივაქციე მეფის დროს აშენებულ დაბზარულ შენობებს და ყველგან გამეფებულ სიღარიბეს. უფულობით გამოწვეული უსუსურობის გამო ადამიანები ავარიულ სახლებში ცხოვრებით საკუთარი შვილების სიცოცხლეს სწირავენ, რასაც არათუ სხვები, თვითონაც ვეღარ ამჩნევენ...“ , - წერს ჩაჩიბაია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×