logo_geo
eng_logo
ლევან ჭოტორლიშვილი: რატომ დაატარებდა ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი ფულს ოფშორ-ოფშორ, სანამ არ ჩამოწერეს?!
- +

19 თებერვალი. 2019. 17:53

 

 

პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ატყდა ერთი ამბავი ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემის მიერ ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტზე. მთელი ქვეყანა ამ ამბავმა მოიცვა, პროკურატურაში საქმეა აღძრული, ეროვნულმა ბანკმა - ხაზარაძე-ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდესო; ოპოზიციამ, ტრადიციულად, თავისი სცადა და მსხვერპლად შერაცხა ხაზარაძე (ალბათ, სამომავლო დამფინანსებლის როლშიც მარტივად წარმოიდგინეს); არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ახალ საჯილდაო ქვას მიაგნეს და ასე...

 

დაინიშნა ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრიფინგი. ვიფიქრეთ, რამეს მაინც გავიგებთ ახალს, ან ხაზარაძე „რკინის არგუმენტებს“ დადებს-თქო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რა?

 

კაცი ამბობს, ყველაფერში მართლები ვართ, აბსურდს გვაბრალებენო.

 

არგუმენტები?

 

არგუმენტები მერეო, ვისაც აინტერესებს, იმას გავაცნობთო.

 

მოკლედ, სიტყვაზე უნდა ვენდოთ, მაშინ, როცა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და ვერც 90-იანი წლების გამოცდილებაგამოვლილ ხალხს დააჯერებ მარტივად იმას, რასაც გვეუბნებიან.

 

თანაც, ასეა თუ ისე, არაერთი ფაქტი აჩენს ეჭვს: ხაზარაძის ადვოკატს წამოსცდა, 17 კი არა, 80 მილიონი იყოო, ბანკზე ვზრუნავდით და მის კეთილდღეობაზე დაიხარჯა ეს თანხაო.

 

 

გინდ 17 მილიონი იყოს და გინდ 80, იმ ათასობით მეანაბრეს რა პასუხს სცემენ, ვინც ამ მაქინაციებით ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ დააყენეს, როცა, დიდი ალბათობით, ოფშორებში, საეჭვო კომპანიებში სწორედ მათ ფულს ქაჩავდნენ და ბანკს ხელოვნურად აკოტრებდნენ?!

 

ამ ამბავში ყველაზე დიდი პარადოქსი მაინც ისაა, რომ ხაზარაძისგან გაწირული ბანკი და მეანაბრეები აგვისტოს ომმა „იხსნა“, როდესაც დევნილთა დასახმარებლად გამოყოფილი დასავლური ფინანსური დახმარების ნაწილი, სააკაშვილის გავლით - „თიბისი ბანკში“ მოხვდა.

 

ამ ფონზე, ხაზარაძემ წარმოუდგენლად დიდი ფანტაზია და აზრთა დიაპაზონი გამოავლინა, როცა თქვა, თითქოს არ იცოდა, რომ 17 მილიონი, რომელიც ავთო წერეთლისგან ისესხა და აღარ დაუბრუნა, თავად ავთო წერეთელს წინა დღეს „თიბისი ბანკიდან“ ჰქონდა ნასესხები.

 

მოკლედ, სრული აბსურდია, სადაც ყველაზე საინტერესო მაინც ის მგონია, რომ:

 

„თიბისი ბანკმა“ ეს მაქინაცია 4 წლის შემდეგ „გააპატიოსნა“...

 

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში სააკაშვილი დამარცხდა...

 

თუმცა, მოჩქარეს მოუგვიანდესო - საქმე უკანა რიცხვით, 29 სექტემბრით დამარხეს, 29 სექტემბერი კი უქმე დღე იყო...

 

ასევე, დღევანდელ ბრიფინგზე რამდენჯერმე გაჟღერდა, თანხა ბანკის კაპიტალში დავაბრუნეთო. თუ მართლა ამ მიზნით ჰქონდათ ფული ნასესხები, იმ დღესვე რატომ არ შეიტანეს, როცა ისესხეს, ან ოფშორ-ოფშორ რას დაატარებდნენ, სანამ არ ჩამოწერეს?!

 

რეალურად, ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ეროვნული ბანკი, რომელიც იუველირული სიზუსტით უდგებოდა კომერციული ბანკების საქმიანობას - ხაზარაძის ფინანსურ საგაზე კი თვალს ხუჭავდა...

 

P.S. საქმის ე.წ. ხანდაზმულობას ნურავინ მოიტანთ არგუმენტად. მარტივი ლოგიკაა - 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკიდან სააკაშვილის უკანასკნელი დასაყრდენი - გიორგი ქადაგიძე წავიდა, ბუნებრივია, სებ-ის ახალმა პრეზიდენტმა ბანკების შემოწმება დაიწყო. სწორედ ამ შემოწმების შედეგად გამოიკვეთა ეს სათუთად მიძინებული საქმეც“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×