logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მსხვილ აქციონერებს არაერთი სერიოზული შეკითხვა გაუჩნდათ გიორგი ქადაგიძის მიმართ
- +

21 თებერვალი. 2019. 13:46

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ექსპერტი ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძის თავმჯდომარეობის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ გიორგი ქადაგიძემ ლონდონის საფონდო ბირჟას გაფუჭებული პროდუქტის სახით შეასაღა „TBC“.

 

„როგორც ჩანს, ლონდონში „თიბისი ბანკის“ მსხვილმა მეწილეებმა [სამეთვალყურეო საბჭომ] გადახედეს რა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ჩადენილ ფინანსურ ცოდვებს, მიიღეს გადაწყვეტილება, ბანკის მენეჯმენტიდან გაუშვან ეს ორი პიროვნება. ამასთანავე, „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ერთ მილიონ ლარს გადაიხდის და ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას შეწყვეტს.

 

საინტერესოა, ბატონმა ხაზარაძემ რატომ არ გვამცნო ლონდონში მიღებული გადაწყვეტილების მეორე, გაცილებით საინტერესო პუნქტი? ის, რომ მსხვილ აქციონერებს გაუჩნდათ არაერთი სერიოზული შეკითხვა გიორგი ქადაგიძის მიმართ. სწორედ ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას მოხდა ფულის რეცხვისა და ამ ფაქტის „გაპრავების“ ის მძიმე შემთხვევა და მიუხედავად ამისა, სწორედ ქადაგიძის ხელშეწყობით „თიბისი ბანკი“ მოხვდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ანუ გიორგი ქადაგიძემ ლონდონის საფონდო ბირჟას გაფუჭებული პროდუქტის სახით შეასაღა „TBC“...

 

შეკითხვა კიდევ ბევრია. ქადაგიძე ამჟამად ილიაუნში გარკვეულ „დვიჟენიებშია“. საკითხავია, აწი თუ ეცლება მას პედაგოგიური საქმიანობისთვის, თუკი ფულის რეცხვის ქეისით ღრმად დაინტერესდნენ ლონდონის საფონდო ბირჟის „უსტაბაშები“?..

 

 

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch („JPMorgan“) და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. („Ashmore“), საერთო ჯამში, ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 26%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენ 7% მენეჯმენტსა და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით“, - წერს გია აბაშიძე.

 

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი“ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ „TBC Bank Group PLC“ („თიბისი ბანკის“ 100%-იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებს. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×