logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა მივანდოთ ისეთ კომპანიებს, რომ 2,5 მლრდ სადმე ოფშორში არ აღმოჩნდეს
- +

1 მარტი. 2019. 13:16

 

 

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ „TBC“-ის შესახებ გამართულ გუშინდელ ბრიფინგს ეხმაურება.

 

„თიბისის“ შესახებ ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს.

 

ჩამოვწეროთ პუნქტებად:

- ბანკმა გასცა 17 მლნ აშშ დოლარი სესხი კომპანიაზე, რომელსაც საბრუნავი საშუალებების შესავსებად სჭირდებოდა;

- იმავე დღეს 17 მლნ გადაირიცხა ბანკის მმართველების პირად ანგარიშებზე, რითაც, ერთი მხრივ, სესხის მიზნობრიობა დაირღვა, მეორე მხრივ, ბანკის და არა პირადი თანხების პირად ანგარიშებზე გადატანა მოხდა;

- ნახევარ წელში კომპანიებს სესხის დაფარვის ვადა ერთი წლით გაუგრძელეს (აბა, მობილურის განვადებაზე სცადეთ, არ გადაიხადოთ) ისე, რომ სესხის დაფარვა დაწყებული არ იყო;

- ამ გადაწყვეტილებიდან ერთ თვეში სესხს მიანიჭეს უიმედოს სტატუსი. რატომ, წლები იყო გასული და გადამხდელს არაფერი გააჩნდა თუ რა?

- სესხის თანხის გადაუხდელად გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანეს, ანუ ჩამოწერეს;

- არ შეაწუხეს თავდები პირები 17 მილიონის გამო?!;

- კომპანიებს, რომელთა სესხებს უიმედოს სტატუსი მიანიჭეს და სესხი ჩამოაწერეს (მანამდე ეს თანხები პირად ანგარიშზე გადაიტანეს. თეთრი კი არა, ჭრელი ძაფებითაა ნაკერი), ისევ აკრედიტებდნენ. ამ დროს მობილურის ან ტუალეტის ქაღალდის განვადების დარღვევის გამო, შავ სიაში შეჰყავხარ ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციას. საინტერესოა, სხვა კრედიტებზე რა ხდება, რომლებიც ამ ფირმებმა აიღეს?!

- ამის შემდეგ პირველი ორი კომპანია ახალი ოფშორული ფირმით ჩანაცვლდა, რომელმაც სესხის დაბრუნების ვალდებულება გააფორმა. რატომ?!

- ძველ და ახალ კომპანიებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2012 წელს გაფორმდა, ანუ 6 წლის წინათ. ხანდაზმულობა, ალბათ, აღარ ეხება.

- სესხის დაბრუნება დღემდე არ მომხდარა.

 

სპეციალურად დეფისებად გავწერე პროკურატურის ინფორმაცია, რათა უფრო მარტივად იყოს გასაგები.

 

ამის წაკითხვის შემდეგ საუბრები იმაზე, რომ აქამდე სად იყვნენ და ა.შ. ან ის, რომ ბანკს მიადგება საფრთხე, ან ანაკლიის პორტის მშენებლობის ამოფარება, არაადეკვატურია.

 

ვისაც ბანკის რეპუტაცია ადარდებს, ნუ ისაუბრებთ საერთოდ და ხმაურიც არ იქნება. მე პირადად ამ პოსტით ვხურავ ამ თემას. აქ ყველაფერი ნათელია.

 

მეტსაც გეტყვით, ზუსტად ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა მივანდოთ ისეთ კომპანიებს, რომ 2,5 მლრდ სადმე ოფშორში არ აღმოჩნდეს. სანკტ-პეტერბურგის სტადიონს 15 წელი აშენებდნენ და დაგეგმილზე 10-ჯერ მეტი დაჯდა.

 

გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ. უდავოდ ნიჭიერი ბიზნესმენები არიან და პიროვნულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ბევრისგან განსხვავებით, არასდროს დამიძახია ბანკირებისთვის მევახშეები და ნებისმიერი წარმატებული ბიზნესმენის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი.

 

უბრალოდ, ვისმენ აბსურდულ შეფასებებს. რაც ზემოთ ჩამოვწერე, ჯერ სასამართლოში უნდა დაამტკიცოს პროკურატურამ. თუმცა, ბანკის აქციონერები არ უარყოფენ.

 

დაბოლოს, ბანკის ბიზნესი 500 დოლარით არ იწყება. სავალუტო ჯიხური რომ აამუშაოთ, ყველაზე მცირე, საბრუნავად 10-15 ათასი დოლარი დაგჭირდებათ.

 

ასევე, საქართველოს საგარეო ვალის (მგონი, 16 მილიარდია) მეოთხედი კომერციულ საფინანსო ორგანიზაციებზე მოდის. საგარეო ვალი ეკონომიკაზე, ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე, შესაბამისად, ჩვენზეც აისახება. ასე რომ, ბანკების საქმიანობა მთლად მხოლოდ მათი საქმე არაა.

 

ვიმეორებ, თუ ბანკის რყევები გვადარდებს, გადავიდეთ მშვიდ რეჟიმში. ლარის კურსის არ იყოს, როცა მყარდება, ჩუმად ვართ, ეცემა - აჟიოტაჟს ვიწყებთ. პირიქით სჯობს ხოლმე. თუმცა ორივე პროცესს სიჩუმე უხდება. კურსზე ათამდე ფაქტორი მოქმედებს, ერთ-ერთი პანიკაა.

 

ჩემთვის თემა დაიხურა“, - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner