logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ავიწყდებათ, როგორი „ავტომატჩიკებით“ თანდართული იყო სააკაშვილისა და ქადაგიძის ურთიერთობა კომერციულ ბანკებთან...
- +

11 მარტი. 2019. 18:33

 

 

ექსპერტი გია აბაშიძე აგრძელებს „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარი მოსაზრებების თავის facebook-გვერდზე გამოქვეყნებას.

 

„მამუკა ხაზარაძის „საგას“ გარშემო იკვეთება საქართველოს ეროვნული ბანკისა (სებ-ი) და TBC-ის ურთიერობის მთელი ანატომია. საზოგადოებამ დეტალურად და საჯაროდ შეიტყო ეროვნულ მარეგულირებელსა და კომერციულ სუბიექტს შორის საქმიანი მიმოწერის, ურთიერთობის გარკვევის არაერთი დეტალი, რაც ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.

 

ვისაც მოკლე ანდა შერჩევითი მეხსიერება აქვს, მგონი, ავიწყდება, როგორი ნიღბიანი და „ავტომატჩიკებით“ თანდართული იყო სააკაშვილისა და ქადაგიძის ურთიერთობა საქართველოს კომერციულ ბანკებთან...

 

ახლა ხაზარაძისადმი სოლიდარობის გამოჩენაზე რომ საუბრობენ ზოგიერთნი და არა ყველანი, რატომ არ მახსენდება მიშას მიერ მხოლოდ ბანკ „ქართუზე“ გამოქვეყნებული სპეცრეგულაციისას მათი თუნდაც ჩუმი პროტესტი & სოლიდარობა? სად იყვნენ მაშინ TBC და სხვა რამდენიმე გულანთებულნი, ახლა რომ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ საბანკო სექტორს?..

 

ვისაც გაინტერესებთ ხაზარაძე-ჯაფარაძის მიერ ფულის სავარაუდო რეცხვის შესახებ დეტალები და ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის აქტივობები, შეგიძლიათ ჩასქროლოთ:

 

- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა 2012 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შემოწმება. შემოწმებისას გამოვლინდა TBC ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევები, რაც მოგვიანებით სებ-ის დამატებითი შესწავლისას დადასტურდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ პროცესები სათავეს იღებს 2007-2008 წლებიდან, როდესაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კომპანიების (შპს „სამგორი M“ და შპს „სამგორი თრეიდის“) გამოყენებით, ბანკიდან ისესხეს ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარი. 2008 წლის დეკემბერში ეს თანხა ბანკის მიერ ბალანსიდან ჩამოიწერა, რითაც TBC ბანკის 2008 წლის მოგება ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამასთანავე, ფაქტობრივად არ განხორციელებულა სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების დასაკუთრება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ ჩატარდა თემატური შემოწმება TBC ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხის შესწავლის მიზნით. თემატურობიდან გამომდინარე, შემოწმება არ ითვალისწინებდა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის იდენტიფიცირებას. ვინაიდან ტრანზაქციები განხორციელდა ზემოხსენებული კომპანიების გავლით, ადმინისტრატორების მონაწილეობა პირდაპირ არ იკვეთებოდა. შესაბამისად, ამ შემოწმებისას ვერ მოხდა ხსენებული დარღვევების აღმოჩენა.

 

- ამასთანავე, ძალიან მოკლე ვადაში განხორციელდა ამ სესხების ჩამოწერა, რის გამოც აღნიშნული სესხები ვეღარ მოხვდა ეროვნული ბანკის შემდგომი შემოწმებების არეალში, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის კუთხით. TBC აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებამდე, ბანკმა გაიარა დეტალური აუდიტი, რომელშიც 2008 წლის სესხების აღმოჩენა, დიდი ალბათობით, ასევე ვერ მოხდებოდა, რადგან აუდიტის მომენტისათვის, ეს სესხები უკვე დიდი ხნის ჩამოწერილი იყო. შესაბამისად, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს ტრანზაქციები ადრე აღმოჩენილი იყო ან ბანკი უკვე იყო ამ საკითხზე დაჯარიმებული.

 

- უნდა აღინიშნოს, რომ სებ-ის საზედამხედველო ჩარჩო ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის. ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკები მუდმივად იყო და არის ეროვნული ბანკის ყურადღების ცენტრში. ოფიციალური ინფორმაციით, 2014 - 2017 წწ. ინტერესთა კონფლიქტის რისკების შემცირების მიზნით, სებ-ი თანმიმდევრულად ცდილობდა ბანკში კორპორაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. სხვა საკითხებთან ერთად, ეს საკითხი ხაზგასმული იყო 2018 წლის თებერვლის „რისკების შეფასების საერთო პროგრამის (General Risk Assessment Program) წერილში, რომელიც ბანკს უწესებს დამატებითი კაპიტალის მოთხოვნას.

 

- 2018 წლის სექტემბრის შემოწმების (2007-2008 წლის ტრანზაქციებს ეხებოდა) შედეგად აღმოჩენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამო, ეროვნული ბანკი, მისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. კერძოდ, 2018 წლის 19 ნოემბრის ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით:

 

TBC ბანკს აეკრძალა ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე, მათთან დაკავშირებულ პირებზე;

 

TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინა თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით;

 

TBC ბანკს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1,1 მლნ ლარის ოდენობით;

 

ეროვნული ბანკის მოთხოვნისა და ორთვიანი ვადის მიცემის მიუხედავად, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი პასუხმა ვერ დააკმაყოფილა ეროვნული ბანკის მოლოდინი.

 

 

- 2019 წლის 13 თებერვალს, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტზე განხილვის შედეგად, სებ-მა ბანკის შესაბამის ორგანოს მოთხოვა:

 

- ა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა;

 

- ბ) მინორიტარი აქციონერების მიერ შერჩეული ორი ახალი წევრის დამატება.

 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არ ეხება აღნიშნული პირების ყოფნას TBC ბანკის საბჭოს ზემდგომ ორგანოში TBC BANK GROUP PLC-ში (თიბისი ბანკის 100%-იანი მფლობელი ლონდონში) და ასევე არ ეხება მათ წილებს TBC ბანკში. აღნიშნული საზედამხედველო ზომები გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციულ მართვას. ასევე, სებ-ის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს გატარებული საზედამხედველო ზომები არ ვრცელდება უშუალოდ TBC ბანკზე. აღნიშნული ზომები მიმართულია მხოლოდ ბანკის მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და ერთი ან ორი პირის მხრიდან საბჭოზე გავლენის კონცენტრაციის თავიდან აცილებაზე.

 

ეროვნული ბანკი ასევე განმარტავს, რომ TBC არის სისტემური მნიშვნელობის ბანკი, შესაბამისად, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკის კორპორაციული მართვის სტრუქტურა და ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის შესაბამისი იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ვალდებული იყო, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა სისტემური მნიშვნელობის ბანკში კორპორაციული მმართველობის პრობლემებსა და საზედამხედველო ნორმების უხეშ დარღვევებზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ სებ-ის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუტია. მარეგულირებელის მოვალეობაა, მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად, სხვადასხვა გავლენისა თუ ინტერესის ჯგუფების დღის წესრიგის მიუხედავად...

 

P.S. ბატონი ხაზარაძის დღევანდელ საგაზეთო ინტერვიუს ამაღამ კარგად ჩავუჯდები, ჩავაანალიზებ და ჩემს მოსაზრებებს ხვალ შემოგთავაზებთ“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner