logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: რა საოცარი დღეები, თვეები გვქონდა სრულიად საქართველოს...
- +

31 მარტი. 2019. 01:23

 

 

„31 მარტი... 80 წლის წინ, ამ დღეს, დაიბადა ზვიად გამსახურდია. 28 წლის წინ, ამ დღეს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე, რომელშიც მონაწილე საქართველოს მოსახლეობის (4 მილიონ ნახევარი) 98 პროცენტმა (მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის) მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას... რა საოცარი დღეები, თვეები გვქონდა სრულიად საქართველოს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზვიად გამსახურდიას 1979 წლიდან ხშირად ვხედავდი სიონის საკათედრო ტაძარში, ის განმარტოებით იდგა კოკოსთან ერთად, მის სახეზე აღბეჭდილი იყო დიდი ტკივილი და ფიქრები. როდესაც იგი ახლოს გავიცანი, გამაოცა მისმა სიღრმისეულმა მსჯელობამ. მასთან ერთად წავედით საგარეჯოში, სადაც მოსახლეობა ითხოვდა მეექვსე საუკუნის ეკლესიის ამოქმედებას, მაგრამ ხელისუფლება წინააღმდეგი იყო...

 

ერთხელ, სიონში მთხოვა მეორე სართულზე მგალობლებთან ასვლა და იაპონური „პანასონიკის“ დიქტოფონით საგალობლების ჩაწერა. მთელი წირვა ჩავიწერე, როდესაც ჩამოვიტანე და მოუსმინა ძალიან მოეწონა. მითხრა - ამას გავამრავლებ და შენც გექნებაო. ხოლო დიქტოფონი მე მისახსოვრა, რომელსაც სასოებით ვინახავ. რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ბევრი ხალხი იკრიბებოდა მის გარშემო. ახლა უკვე იგი დიდ სახალხო ლიდერად იქცა. მერე იყო 1989 წლის 9 აპრილი, 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნები, ეროვნული ძალების გამარჯვება, 1991 წლის რეფერენდუმი, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ამ დიდი ისტორიული მოვლენების არქიტექტორი ზვიად გამსახურდია იყო...

 

სად უნდა გავამხილოთ, 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ამ კაცზე სისხლის სამართლებრივი დევნა იყო გამოცხადებული, მას სამშობლოს ღალატში სდებდნენ ბრალს, იგი შეეწირა საქართველოს, მაგრამ მისი ღვაწლი და პიროვნება სათანადოდ არ დაფასებულა, დამოუკიდებელი საქართველოს სიკეთით მოსარგებლე მედროვეებმა არ იციან ზვიად გამსახურდიას ფასი და სიდიადე, დედაქალაქში მისი სახელობის ქუჩა არ გვაქვს, არც ძეგლის დადგმა უფიქრია ვინმეს. უფრო მეტიც, 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს გლოვის დღედ აღვნიშნავთ...“ - წერს სერგო ვარდოსანიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner