logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ასეთი წერილი 9 აპრილის შეფასებების შესახებ ყველა წამყვან პოლიტიკურ ლიდერს უნდა დაეწერა
- +

9 აპრილი. 2019. 11:35

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, 9 აპრილს უნდა ვზეიმობდეთ, რადგან ის 21 ჩვენი თანამოქალაქე უდიდეს იდეას შეეწირა.

 

„ვუცქირე საინფორმაციო გამოშვებებს, თოქ-შოუებს. მთელი დღე იხილავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

ჯერ ერთი, ყველა ადამიანს აქვს წერილის გამოქვეყნების უფლება. შეიძლება დაეთანხმო, შეიძლება - არა. შეიძლება განიხილო, გააკრიტიკო, იმსჯელო, შეიძლება გაატარო.

 

მაგრამ, არა, დაირაზმა ნახევარი საქართველო ერთი მესიჯბოქსით, გეგონება, ერთმანეთს აკოპირებდნენ, და მთელი დღე მიდის ქილიკი...

 

თურმე ისიც მნიშვნელოვანია, თვითონ წერს თუ დაუწერეს. თუ მთლიანად დაუწერეს ან ნაწილობრივ, მაგით რა მტკიცდება? და თუ მთლიანად მან დაწერა?

 

შინაარსზე თითქმის არავის უმსჯელია. ისე, გაკვრით, ისიც ასევე ქილიკით.

 

თუ ასე საქილიკოა, რას იხილავდით მთელი დღე?!

 

დილიდან ვფიქრობდი წაკითხვის შემდეგ აზრის გამოხატვას, მაგრამ არაა აქტუალური. ვის აინტერესებს?!

 

იცით, რა არის პრობლემა? ასეთი წერილი 9 აპრილის და უახლესი ისტორიის შეფასებების შესახებ ყველა წამყვან პოლიტიკურ ლიდერს უნდა დაეწერა.

 

მაშინ ერთი პოლიტიკური ლიდერის წერილის ქილიკით კი არ დავკავდებოდით, სხვადასხვა წერილების, მათი შეფასებების შედარებას მოვახდენდით.

 

ყველაზე დიდი პრობლემა კი იცით, რა არის? დღეს უამრავი გადაცემა უნდა ყოფილიყო 9 აპრილზე. დღეს, 8 აპრილს, და მთელი წინა დღეები, დარბევამდე, ზღვა ხალხი იდგა რუსთაველზე. უნდა გვესაუბრა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, გაგვეხსენებინა ის პროცესები, რაც მაშინ ხდებოდა.

 

9 აპრილს უნდა ვზეიმობდეთ, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, რადგან ის 21 ჩვენი თანამოქალაქე უდიდეს იდეას შეეწირა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

ესაა მთავარი თემა - 9 აპრილი“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გუშინ გაავრცელა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner