logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: ერთ წამში გავხდით დიდები - იქ დასრულდა ჩვენი ბავშვობა, ეკას აჩეხილ სხეულთან!
- +

9 აპრილი. 2019. 14:22

 

„როცა 9 აპრილი თენდება, მეხსიერება თავისით იწყებს იმ მოვლენების კადრებივით დატრიალებას, რაც მაშინ ხდებოდა და ამეკვიატება ხოლმე, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ერთი პოეტი ქალბატონის, ჯაფარაშვილის ლექსიდან სტრიქონები „აღარ მიყვარხარ, აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთა“...“ - წერს სოციალურ ქსელში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აპრილში ტიტებიც სხვანაირი სისხლისფერი ხდება ჩემთვის... გაზაფხულის ამ ყვავილს 9 აპრილის ტკივილი ახლავს, რადგან ტიტების ზღვა მახსენდება რუსთაველის გამზირზე... იქ, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარი, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი ორლესური ნიჩბებით აჩეხეს და საკუთარ დედას გულზე დააკლეს... დედას, რომელმაც საკუთარი შვილი ვერ დაიტირა, რადგან 6 თვე, შხამიანი გაზით მოწამლული, უგონოდ იყო...

 

...ხშირად მირეკავს ხოლმე ლალი ყანჩაველი, ეკას დედა... ხშირად მეკითხება - როგორი იყო ჩემი ეკა, ვიხსენებ და მისი არც ერთი ნაკლი არ მახსენდება, იქნებ დედა ვარ და ვცდები, იქნებ, ძალიან რომ მენატრება, იმიტომ მგონია, რომ უნაკლო იყო, იქნებ, 16 წლისას სამშობლო რომ ასე ძალიან უყვარდა, იმიტომ მგონია, რომ განსაკუთრებული იყოო... სულ ვპასუხობ - არ გეჩვენებათ, ლალი დეიდა, ის მართლა ასეთი იყო - არავისდარი ეკა!

 

...მას მერე, როცა ჩემი ბავშვობის ქუჩებზე დავდივარ, ხშირად გავაყოლებ იმ ქუჩას თვალს, ეკას სახელს რომ ატარებს... თვალზე ცრემლით ვიხსენებ მის აჩეხილ სხეულს, როცა 9 აპრილის დილას სახლში მოასვენეს და ჩვენ, მისი მეგობრები, უცებ, ერთ წამში გავხდით დიდები - იქ დასრულდა ჩვენი ბავშვობა, ეკას აჩეხილ სხეულთან!

 

...მეც მასთან ერთად ვიპარებოდი ხოლმე დემონსტრაციებზე, იმ ღამეს კი სიცხე მომცა და არ გამიშვა მამაჩემმა - დარაჯად მედგა, დედას ეუბნებოდა - ვიცი, ჩუმად იპარება ხოლმე დემონსტრაციებზე, ალბათ, იქ გაცივდა და ამაღამაც გაიპარება, კარები გადაკეტე და გასაღები დამალეო... თავად კი მთელი ღამე ბორგავდა... მერე, სადღაც 3 საათზე წამოდგა და წავიდა - სად მიდიხარო, დედამ მიაძახა - არაფერი უთხრა, თუმცა, სადღაც 6 საათისთვის მობრუნდა, მიწისფერი ედო სახეზე - იმ უჯიშოებმა ხალხი დახოცესო... ფეხით მიდიოდა თურმე რუსთაველზე, გზაში კი დარბეული ხალხი შეხვედრია, რომლებიც საშინელ ამბებს ჰყვებოდნენ... წამოვხტი სიცხიანი - ვაიმე, ეკა-მეთქი...

 

...როცა ეკა მოასვენეს, ჩანთაში მისმა დამ, ქეთიმ ერთი წყვილი თბილი წინდა უპოვა ეკას... ჩუმად ჩაუდია სახლიდან გასვლის წინ, უკვე იცოდა, რომ იმ ღამეს სახლში არ მობრუნდებოდა, იქ უნდა დარჩენილიყო, სადაც ყველა ერთხმად იძახდა: „საქართველოოოო, საქააართვეეელოოო“... და სამუდამოდ წავიდა... წავიდა იქ, სადაც გმირები მიდიან!

 

...მერე იყო ცრემლების, ტიტების ზღვა... მერე იყო სამძიმრიდან სამძიმარზე სიარული... მერე იყო ყველა დღე რუსთაველის გამზირზე, ყველა დღე საშინელი ტკივილით სავსე გარემო... სადაც ჯალათების მიერ გაშვებული მომწამვლელი აირის საშინელი კვალი ისევ იდგა და გვწამლავდა... სადაც ჩვენი აჩეხილი „თავისუფლების გმირთა“ სულები ჩვენთან ერთად, მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვიროდნენ: „საქააართვეეელოოოო!“

 

...ეკა ჩემზე 1 წლით უფროსი იყო... უკეთილშობილესი, თბილი, საყვარელი... მახსოვს, ერთხელ, გულსაბნევი მაჩუქა - ულამაზესი... 9 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე დავკარგე... განვიცადე, ძალიან. დამაწყნარა - არ იდარდო, კიდევ გაჩუქებო... ვეღარ მოასწრო... თუმცა, გულზე მისი სახელი სამუდამოდ მიგვაბნია მე და საქართველოს!

 

...2 წლის შემდეგ ამ ტრაგედიიდან 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა!...

 

...და მაინც... მე მტკივა... მტკივა აჩეხილი აპრილი და ეკასთან ერთად, ჯალათების მიერ ფეხით გათელილი გაზაფხულის უმანკო იის მსგავსი 21 სიცოცხლე...

 

და გულის გულში, იმდროინდელი ჩემი ხმა ისევ თვალცრემლიანი იმეორებს: „საააქააართვეეელოოო“! - წერს შორენა სიხარულიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner