logo_geo
eng_logo
„ოპოზიციური მედია ფიქრობს, რომ უფლება აქვს, სრულიად აღვირახსნილად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება“
- +

12 აპრილი. 2019. 16:35

 

 

„რატომ უნდა სჭირდებოდეს ჟურნალისტს, ან ვინმე სხვას, ბილწი სიტყვის მოშველიება რაიმე აზრის გამოსათქმელად? ადამიანის შენჯღრევა და გამწარება მძლავრი დახვეწილი ლექსიკის გამოყენებით უფრო ადვილი არაა?  ითვლება თუ არა ძალადობად გინება ადრესატის მიმართ? უნდა დავამკვიდროთ თუ არა ერის ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა იმდენად, რომ ის უხერხულობად აღარ ითვლებოდეს?“ - ამ კითხვებს  ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე „Georgia Today“-სთვის დაწერილ სტატიაში სვამს.

 

„რადგან მჯერა, რომ კატეგორიულობა მავნეა, ამიტომ ვცდილობ, არაფერი არ დავიჩემო ხოლმე კატეგორიულად, მაგრამ ხანდახან მაინც ვერ ვიკავებ თავს კატეგორიული შეკითხვებისგან - ჟურნალიზმის შეგრძნებას რა ვუთხრა! ჰოდა, სამი შეკითხვა მომივიდა ამ ოხერ თავში იმ დღეს და ვეღარ მოვისვენე - სტატია დავწერე, რომელიც ადგილობრივ ინგლისურენოვან ყოველკვირეულ გამოცემა „Georgia Today“-ში მოხვდა. აი, იმ სტატიაში დასმული შეკითხვებიც“, - წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ რუხაძე და საზოგადოებას სამსჯელოდ საკუთარ პუბლიკაციას სთავაზობს.

 

სტატიაში სათაურით - „ბილწსიტყვაობით გამოხატული სასოწარკვეთა“ საუბარია  ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ გარემოსა და მედიასივრცეში ხშირად გამოყენებულ ბილწსიტყვაობაზე,

 

„უხამსი სიტყვები დომინირებს სატელევიზიო პროგრამებში და რაც ყველაზე გასაოცარია, საზოგადოება ნელ-ნელა კომფორტულად გრძნობს თავს ლინგვისტურად დაბინძურებულ გარემოში. ფაქტობრივად, ეს ერთგვარ გასართობად იქცა პუბლიკისათვის და ეთერში უხამსმა საუბარმა მათი სმენა პორნო-ადაპტური გახადა.

 

კითხვა კი იმაში მდგომარეობს - არის თუ არა ეს სწორი და ელექტრონულ თუ ციფრულ მედიაში უხამსი ენის გამოყენება უნდა იყოს თუ არა დასჯადი? ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც აკრძალავს საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობას - რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა გაჯერდეს გარემო ამგვარი ტერმინების გამოყენებით - სანქცია არავის დაეკისრება. მეორე მხრივ კი არსებობს მეტ-ნაკლებად რბილი ეთიკის კოდექსი, რომელსაც მხოლოდ ნებაყოფლობითი ხასიათი აქვს და მისი დაცვა არ არის სავალდებულო მედიაპროფესიონალებისათვის.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა შევეგუოთ ამ შეუსაბამო და უხეშ ლექსიკას მედიაში თუ უნდა გავაპროტესტოთ? შეგუება მიუღებელია და უკმაყოფილების გამოხატვას შედეგი არ ექნება. იქნებ ფსიქოლოგიური დახმარებაა გამოსავალი? დაე სამედიცინო ექსპერტებმა შემოგვთავაზონ შესაბამისი პროფესიონალური დასკვნა, თუ რას ნიშნავს ეს ახალდაბადებული ტრენდი ლინგვისტური სიბინძურის, რომელიც ასე უხვად მოედინება და ერის იდეოლოგიურ და კულტურულ თავისებურებებზე ახდენს გავლენას“, - ამბობს ნუგზარ რუხაძე.

 

ავტორის აზრით, სიტუაცია ქართული მედიაში ბილწსიტყაობის გამოყენებასთან დაკავშირებით ცოტათი სასაცილოა, რადგან ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არასწორადაა აღქმული.

 

„აქ ტელევიზიაში უხამსი ენის გამოყენება ნორმად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციური მედია ფიქრობს, რომ უფლება აქვს, სრულიად აღვირახსნილად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე  გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, რათა მათი შეხედულებისამებრ ფორმირებული სიმართლე წარმოაჩინოს ყველა იმ გზით, რომელიც მათი აზრით დასაშვებია. ამასობაში, ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილების მიმღები სეგმენტი, რომელიც  არანაირი შესაბამისი კანონმდებლობით არ არის აღჭურვილი - დუმილს ინარჩუნებს, რადგან მაშინაც კი, თუკი კანონიერი გზით ყველაზე უფრო სამართლიან სვლას გააკეთებს „თავისუფალი“ მედიის წინააღმდეგ - ამან შესაძლოა დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

 

ასე რომ, ერი უნდა შეეგუოს უხამსობის უკონტროლო საყოველთაო გამოყენებას  მედიის მხრიდან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დასავლეთისგან არასასიამოვნო უარყოფითი რეაქცია არ იგრძნოს? ეს პათეტიკურად ჟღერს!“ - წერს ნუგზარ რუხაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner