logo_geo
eng_logo
ოლიკო ჟღენტი: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ ერკვევა შემოქმედებით საკითხებში
- +

19 აპრილი. 2019. 13:28

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ოლიკო ჟღენტი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2013 – 2017 წლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობდი ჯერ როგორც ავტორი და რეჟისორი გადაცემისა „კინოქალაქი“ , შემდეგ კი - დოკუმენტური ფილმების ავტორად და რეჟისორად. ჩემი ავტორობით მომზადდა გადაცემათა ციკლი (50-ზე მეტი გადაცემა) და 24 -მდე დოკუმენტური ფილმი. აღნიშნული ფილმები და გადაცემები დღემდე იწვევს საზოგადოების ინტერესს.

 

2017 წლის 04 ნოემბერს, ტელევიზიის დირექტორისგან, ნათია კაპანაძისგან მივიღე წერილი (N 02-26/2265), საიდანაც გაირკვა, რომ 2018 წლიდან დოკუმენტური ფილმების შეძენა მოხდებოდა გარეწარმოების გზით. შესაბამისად, იგი აუქმებდა დოკუმენტური კინოს მიმართულებას.

 

როგორც შემდგომში დადასტურდა და მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გამართულმა დისკუსიებმა ცხადყო, დირექტორი მიზანმიმართულად ქმნიდა ავტორ-რეჟისორებისთვის შემაფერხებელ და ხელისშემშლელ გარემოებებს, რაც შემდგომში დოკუმენტური კინოს, როგორც მაუწყებლის პრიორიტეტული მიმართულების, გაუქმების წინაპირობა აღმოჩნდა. ასევე დადასტურდა, რომ აჭარის მაუწყებელი საკმარის ფინანსურ, ტექნიკურ და შემოქმედებით რესურსს ფლობდა იმისთვის, რომ შიდაწარმოების პირობებშიც ჩვენ - რეჟისორებს გაგვეგრძელებინა დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა. სამწუხაროდ დოკუმენტური კინოს გაუქმებით ტელევიზიამ დაკარგა როგორც კინოტრადიცია, ასევე, ფართო აუდიტორია, რომელიც წლების განმავლობაში რეიტინგული პროდუქციის მიწოდების შედეგად ჩამოყალიბდა.

 

ვინაიდან, 2017 წლის 30 დეკემბერს მაუწყებელთან ჩემი სახელშეკრულებო ურთიერთობა მთავრდებოდა, დირექტორმა, საქართველოს კანონისა და მაუწყებლის შესახებ პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, შემომთავაზა წარმედგინა ყოველკვირეული გადაცემის იდეა.

 

მიუხედავად იმისა, რომ დირექტორის გადაწყვეტილება დოკუმენტურის კინოს მიმართულების გაუქმებაზე უსაფუძვლო და ხისტი იყო (აღნიშნული სეგმენტი სწორედ შიდაწარმოების ბაზაზე საჭიროებდა განვითარებას და ხელშეწყობას), მე დადგენილ ვადებში წარვადგინე ყოველკვირეული გადაცემის პროექტი, რომელიც თავისი აქტუალურობით და შინაარსით სრულად ესადაგებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს.

 

ამის შემდეგ, 2017 წლის 20 დეკემბერს დირექტორისგან კვლავ მივიღე ოფიციალური წერილი. ამჯერად ის მთავაზობდა ახალ პროგრამაში, - შუადღის გადაცემაში მონაწილეობას და თანამშრომლობის ამგვარად გაგრძელებას (#02-26/2265).

 

ამ წერილობითი შეთავაზებების და სიტყვიერი არაერთი დაპირების მიუხედავად აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება ჩემთან სამუშაო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულებით (ბრძანება #02-05/63) ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამათავისუფლა სამსახურიდან. დირექტორმა სრულიად უგულებელყო ჩემი 4-წლიანი სამუშაო სტაჟი აჭარის მაუწყებელზე და პროფესიული გამოცდილება, მაშინ როცა მას, როგორც დამსაქმებელს, შრომის კოდექსი პირდაპირ ავალდებულებდა ჩემთან უვადო ხელშეკრულების გაფორმებას (ვინაიდან ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან გაფორმებული ხელშეკრულება აჭარბებდა 30 თვეს, შესაბამისად მეკუთვნოდა უვადო შრომითი ურთიერთობის გაფორმება).

 

2018 წლის 15 იანვარს „საქართველოს პენსიონერთა კავშირმა“ (14 რაიონული ორგანიზაციის ჩათვლით) წერილობით მიმართეს აჭარის ტელევიზიის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს.

 

წერილში დასაბუთებული იყო ჩემი საავტორო ტელე-პროექტის საზოგადოებრივი მნიშვნელობა, განხორციელების აუცილებლობა და აქტუალურობა (ტელეპროექტის გმირებს უხუცესი ასაკის, უფროსი თაობის ადამიანები წარმოადგენდნენ).

 

2018 წლის 16 იანვარს დირექტორისგან მივიღე წერილი (#02-24/26), სადაც მან „კვლავ გამოთქვა მზადყოფნა“, განეხილა ჩემ მიერ წარმოდგენილი „იდეის განთავსების საკითხი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერის შუადღის ზოლში“. პარალელურად დირექტორმა წერილი გაუგზავნა „საქართველოს პენსიონერთა კავშირს“ და ხაზგასმით დაუდასტურა, რომ შუადღის გადაცემა „აუცილებლად მიეძღვნებოდა“ ხანდაზმული ადამიანების თემას ოლღა ჟღენტთან თანამშრომლობის გათვალისწინებით.

 

როგორც აღმოჩნდა, ნათია კაპანაძის წერილობითი შეთავაზებები და ცრუ დაპირებები ემსახურებოდა მხოლოდ დროის გაწელვას და ჩემს შეცდომაში შეყვანას, რათა ერთი თვის ვადაში არ გასაჩივრებულიყო დირექტორის უკანონო ბრძანება ჩემთან სამუშაო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

 

წარუმატებელი და უშედეგო აღმოჩნდა დირექტორის მცდელობა, გარეწარმოებაზე გასულიყო 3 დოკუმენტური ფილმი (საბჭოთა წარსულისა და წითელი ტერორის თემაზე), ნაცვლად 12 დოკუმენტური ფილმისა, რომელზეც 4 რეჟისორი ვმუშაობდით, თანაც, ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია ბევრად უფრო კრეატიული, თემატური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ხარისხიანი და ეკონომიკური გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორის მიერ გამოცხადებული ტენდერი 2-ჯერ ჩავარდა. ტენდერის მონაწილეებს კი მიეცათ დისკვალიფიკაცია.

 

2018 წლის თებერვალში, დოკუმენტური კინორუბრიკის აღდგენის მოთხოვნით მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიმართა საზოგადოების ფართო ნაწილმა, მათ შორის საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობილმა მოღვაწეებმა. პეტიციას ხელს აწერდა 1000-ზე მეტი ადამიანი. მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა საზოგადოების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე ვერ ერკვევა შემოქმედებით საკითხებში, ის არ ასრულებს მაუწყებლის მთავარი დებულებით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ასევე ეურჩება მაუწყებლის კანონს სატელევიზიო გადაცემებში აისახოს საზოგადოებრივი ინტერესების მრავალფეროვნება და შესაბამისად დაცული იყოს სხვადასხვა ასაკის აუდიტორიის ინტერესებიც (საბავშვო, საყმაწვილო, ხანდაზმული ასაკის). იგი შენიღბულად თუ აშკარად გვატყუებდა და გვატყუებს მე და ჩემს კოლეგებს. მარტივად რომ ვთქვათ, ის ატყუებს საზოგადოებას. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება მაუწყებლის შემოქმედებით პროცესზე და ტელევიზიის იმიჯზე“, - წერს ოლიკო ჟღენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×