logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: ყველა, ვინც მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით სპეკულირებს, ემსახურება იმას, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ
- +

19 აპრილი. 2019. 18:42

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მონპელიეში საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

დეპუტატის თქმით, ის, რაც მონპელიეში ხდება, ქვეყნისთვის დამაზიანებელი მოვლენაა.

 

„ის, რაც ახლა მონპელიეში ხდება, არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა. ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ, საქართველო არ იყოს აღიარებული „უსაფრთხო ქვეყნად“. ეს იცით, რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ.

 

ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ. ასეთი შედეგი პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა თუ ჯგუფის ინტერესიც ეს არის დღეს. არავის ანაღვლებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ იქნება. თუ ეს შედეგი დადგა, ეს იქნება თითოეული მოქალაქისთვის წართმეული უფლება, კანონიერად გადაადგილდეს შენგენის სივრცეში.

 

უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ინტერესი. მათ შორის ჩვენი ემიგრანტების, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამ საშუალება მისცა, ენახათ დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ოჯახის წევრები და ახლობლები. მიკვირს, ამ პროვოკაციაზე რომ მივდივართ და მზად ვართ, საკუთარი ხელით მოვისპოთ ეს შესაძლებლობა!“ - წერს თამარ ხულორდავა „facebook“-ის საკუთარ გვერდზე.

 

კვირაზე მეტია, საფრანგეთის ქალაქ მონპელი­ში საქართველოს ათეულობით მოქალაქე კარვებში ცხოვრობს. ე.წ. კარვების ქალაქში მშობლებთან ერთად 30-მდე ბავშვია. საქართველოდან ჩასულები საფრანგეთის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×