logo_geo
eng_logo
„თვითმკვლელობა არ არის ისეთი მარტივად ასახსნელი აქტი, რომ დამწუხრებული მეზობლების ვარაუდების საფუძველზე დაადგინო მისი მიზეზი“
- +

21 აპრილი. 2019. 12:32

 

მწერალი და ესეისტი პაატა ქურდაძე მარტვილში15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, ძალიან მწყრალად უნდა იყო მორალთან, ღირსებასთან, უბრალოდ ადამიანობასთან, რომ ასეთ საბრალო ხალხს, იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზო, კამერებით დააცხრე თავს პანაშვიდზე და აბსოლუტურად ვულგარული ფორმით წამების ტოლფასი დაკითხვები მოუწყო და ამით კიდევ ერთი თვითმკვლელობის პროვოცირება მოახდინო:

 

„თვითმკვლელობა არ არის ისეთი მარტივად ასახსნელი აქტი, რომ ასე, დამწუხრებული მეზობლების ემოციური ვარაუდების საფუძველზე დაადგინო მისი მიზეზი და ქვეყანას მოსდო. მთელი საღამოა აბსოლუტურად ყველა გამოთქვამს თავის აზრს გარდა იმ სპეციალისტებისა, ვის კომპეტენციაშიც შედის თვითმკვლელობის პრობლემა. მე არ ვიცი საქართველოში არსებობენ თუ არა სუიციდოლოგიის სპეციალისტები, მაგრამ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები რომ უამრავია, ეს ყველამ ვიცით. ნებისმიერი მათგანი დამიდასტურებს, რომ თვითმკვლელობის მიზეზის გარკვეული სიზუსტით დადგენის ერთადერთი საშუალება თავად თვითმკვლელის წერილობითი, ან რაიმე სხვა ფორმის დატოვებული შეტყობინებაა, რომ ამ მომენტში ადამიანი ფსიქიური პათოლოგიის მდგომარეობაში იმყოფება და დაზუსტებით თქმა თუ რა მოხდა მის თავში, რატომ მოიკლა თავი, თითქმის შეუძლებელია. მით უმეტეს, ასე უცებ არ ხდება თავად აქტზე გადასვლა. არსებობს უამრავი ნიშანი, რომელსაც იძლევა პიროვნება და აქტზე მაშინ გადადის, როდესაც გადარჩენის ყველა რესურსი ამოწურული აქვს.

 

თვითმკვლელობა მოზარდებში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა მთელს მსოფლიოში. როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. ჩვენი უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ პრევენციის სერვისები არ არსებობს და არა ეს სრულიად აბსურდულობამდე რეზოლუციური მტკიცება, რომ საბრალო ბიჭი შიმშილობდა და სირცხვილისგან მოიკლა თავი. თუ კი ეს მართლაც ასეა, ის რასაც ამ საღამოს ვუყურებ, საერთოდ ყოველგვარი მორალის მიღმაა, საბრალო ბიჭი რომ გადარჩენილიყო და ეს ყველაფერი ენახა და მოესმინა, თუ როგორ ამტკიცებენ საჯაროდ რომ „ბულკის“ გამო მოიკლა თავი, ალბათ მეორედ მოიკლავდა თავს სირცხვილისგან.

 

მართლა სამარცხვინოა ასე გამარტივება ახალგაზრდა, მოზარდი ადამიანის პიროვნული ტრაგედიის, მისი ფსიქიკის ტკივილის, ამ ყველაზე ძნელად მისაღები საშინელი გადაწყვეტილების.

 

ოჯახი?.. : გამოდის რომ ან სპეციალურად აშიმშილებდნენ ბავშვს, თვითონ კი მშვენივრად იკვებებოდნენ, რაც დამეთანხმებით კრიმინალია, ან თვითონ კიდევ უფრო მეტად შიმშილობდნენ, რომ ბავშვებს რაღაც ნამცეცი მაინც შეხვედროდათ და რაც ამ ვერსიაში ყველაზე ლოგიკურია. ეს თუ ასეა, მართლა ძალიან მწყრალად უნდა იყო მორალთან, ღირსებასთან, უბრალოდ ადამიანობასთან, რომ ასეთ საბრალო ხალხს, იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზო, (რასაც მთელს მსოფლიოში აკეთებენ პირველ რიგში) კამერებით დააცხრე თავს პანაშვიდზე და აბსოლუტურად ვულგარული ფორმით წამების ტოლფასი დაკითხვები მოუწყო და ამით კიდევ ერთი თვითმკვლელობის პროვოცირება მოახდინო.

 

უამრავი სისაძაგლე მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი... ეს საბრალო ბიჭი!.. დარწმუნებული ხართ, რომ სხვა პრობლემა არ ჰქონდა, მოზარდისთვის ცოტა უფრო წონადი, ვიდრე შიმშილი? მე არ ვარ დარწმუნებული, რადგან მქონია შეხება ადვილად მსხვრევად მოზარდებთან, რადგან ვიცი, რომ მოზარდებში სუიციდი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მზარდი პრობლემაა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში და არასდროს არ მივცემ თავს უფლებას ასე უცებ, რამდენიმე წუთში გავამარტივო თხუთმეტი წლის ბიჭის თავმოყვარეობა, მისი ტკივილი და ტრაგედია.

 

ამ სტატუსს რომ ვწერ, ამისაც კი მრცხვენია, იმდენად დელიკატური და სათუთია ეს უმძიმესი დრამა, რომლისგანაც ნამდვილი ბაზრის ბალაგანი მოაწყეს დღეს“, - წერს პაატა ქურდაძე.

 

 

17 აპრილს, მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×