logo_geo
eng_logo
ვანო ზარდიაშვილი: დაუშვებელია პოლიციელზე ხელის აღმართვა, რომელიც, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს წარმოადგენს
- +

23 აპრილი. 2019. 12:07

 

„დაუშვებელია პოლიციელზე ხელის აღმართვა, რომელიც, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს წარმოადგენს“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში პანკისში განვითარებულ მოვლენებს და შს მინისტრის გიორგი გახარიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

 

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ შს მინისტრსა და ყველა პოლიციელს, რომელიც, თითოეული ადამიანის უფლებებთან ერთად, სახელმწიფოს ინტერესებს იცავს. დაუშვებელია პოლიციელზე ხელის აღმართვა, რომელიც, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს წარმოადგენს. ასევე, ჩვენმა თითოეულმა თანამოქალაქემ უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. მსგავსი ქმედებები არის დაუშვებელი, ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება, ჰესების მშენებლობა, ენერგოდამოუკიდებლობა არის პრიორიტეტი და ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები. შესაბამისად, ვისურვებდი და მოვუწოდებდი პანკისის მოსახლეობას, ამ საკითხს პრაგმატულად მოეკიდონ და ხელს ნუ შეუშლიან სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების განვითარებაში.

 

ეს არის მცირე ჰესი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასეთი ჰესები გარემოზე ზემოქმედებას ვერ ახდენენ და თუ ახდენს, მხოლოდ პოზიტიურს – ეს არის წყლის რეზერვუარი, ელექტროენერგია და ა.შ. ჰესის არსებობა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.

 

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ახლახან დანიშნული ნათია თურნავას გადაყენების მოთხოვნას – ეს დაუშვებელია.

 

არასამთავრობოები ერთი დღის დანიშნული მინისტრის გადადგომას რომ ითხოვენ, ეს უკვე მათ კომპეტენციასა და შეფასებაზე ნათლად მეტყველებს. როგორ შეიძლება, ორი დღის დანიშნული მინისტრის პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ?!“, - წერს ზარდიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის, მცირე ჰესის მშენებლობის გამო, დაპირისპირება მოხდა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის, – 12 ადგილობრივს და სპეცდანიშნულების რაზმის 15 თანამშრომელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner