logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოპერატიული რეაგირების შედეგად კიდევ ერთი უბედური შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული!
- +

24 აპრილი. 2019. 13:23

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორი-სამი დღეა ძალიან უმნიშვნელო გაზის სუნი იგრძნობოდა სამზარეულოში; ერთი ფანჯარა მუდმივად გადმოწეულია ჩემთან და ეტყობა, თან ნიავდებოდა და არ იყო ძალიან შემაწუხებელი; გუშინ ორი-სამი ბუშტუკაც შევამჩნიე გაზის მრიცხველთან.

 

მაშინვე დავურეკე საავარიო სამსახურს 114-ზე და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ზუსტად 20 წუთში ბრიგადა ჩემთან იყო უკვე.

 

უაღრესად კვალიფიციური და წესიერი ხალხი გამოდგა - გვარად ხმიადაშვილი და თოდუა (სამწუხაროდ, მათი სახელები არ მიკითხავს - გამომრჩა ალბათ აღელვებულს)...

 

აღმოჩნდა, რომ გაზის მრიცხველი იყო დაზიანებული და სერიოზული ნაკადით უშვებდა გაზს; რა თქმა უნდა, მოიტანეს ახალი მრიცხველი და ერთი საათის განმავლობაში შეცვალეს!

 

მგონია, რომ გუშინ ჩემი სიფხიზლის და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოპერატიული, კვალიფიციური რეაგირებისა და ქმედების შედეგად კიდევ ერთი სერიოზული უბედური შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული!!!

 

უღრმესი მადლობა მინდა, მოვახსენო „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საავარიო სამსახურს 114-ს და განსაკუთრებით საავარიო ბრიგადის წევრებს - ბატონ ხმიადაშვილს და ბატონ თოდუას, რომლებიც გუშინ შუადღეს დიღმის მასივში იყვნენ ჩემს ბინაში გამოძახებულნი...

 

მეგობრებს კი მოგიწოდებთ, რომ იყოთ ფხიზლად და მაქსიმალური ყურადღებით გაზის მოწყობილობებთან! მუდმივად დატოვეთ სარკმელი ან ფანჯარა ნახევრად ან სრულად ღიად გაზის მოწყობილობებთან მიმდებარედ.

 

წარმოდგენაც არ მინდა იმისა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, დახურულ ფანჯრებში რომ დამეტოვებინა ბინა და ორი-სამი დღით რომ ვყოფილიყავი სოფელში წასული!!!

 

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას.

 

P.S. ახლა ვნახე ცნობა გლდანში ანალოგიური, მაგრამ უფრო მძიმე შედეგით დამთავრებულ შემთხვევაზე და უფრო ამან დამაჩქარა ამ პოსტის დაწერა...“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner