logo_geo
eng_logo
აღდგომის დღესასწაული გროზნოში - ზვიად გამსახურდიას მოგონება
- +

24 აპრილი. 2019. 13:45

 

 

ყოფილი პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საინტერესო ამბავს მოგიყვებით.

 

ვინაიდან, არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს ჩვენ ხალხს ჩეჩენ და ინგუშ ხალხზე, მომინდა, ეს ამბავი, თქვენთვის გამეზიარებინა.

 

გროზნოში დევნილი საქართველოს პრეზიდენტის და მისი მხარდამჭერების პატივისცემის ნიშნად, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა აღდგომა უქმე დღედ გამოაცხადა. ამ დღის შესახებ ჩემი დღიურის ჩანაწერებს ოდესმე აუცილებლად გაგიზიარებთ, მაგრამ გაცილებით საინტერესო მგონია, იცნობდეთ თავად ზვიად გამსახურდიას მოგონებას. ეს იყო 1992 წლის 27 აპრილი...

 

„ჩეჩნეთის მიწაზე ჩვენი სტუმრობის მანძილზე მრავალი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა. ერთ–ერთი იყო აღდგომის დღესასწაული. ჩვენ ვნახეთ ამ ხალხის რელიგიური ცხოვრება, რომელსაც ფანატიზმის ნატამალიც არ ეტყობა, მაგრამ არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია ჩვენს მიერ აღდგომის აღნიშვნაზე. გულისფანცქალით მოველოდით აღდგომას, წითელ პარასკევს. რამდენიმე მეგობარი ჩამოგვივიდა საქართველოდან, ჩამოგვიტანეს პასექი, სააღდგომო კვერცხი. აღდგომა ღამე ხატებთან გავატარეთ, დავანთეთ სანთლები, ვილოცეთ. გროზნოს ეკლესიაში სააღდგომო წირვა შესრულდა.

 

მოკრძალებული სააღდგომო სუფრა გავშალეთ. ვფიქრობდით, რომ ამ სუფრას, როგორც რიტუალურს, მუსულმანები ითაკილებდნენ. მაგრამ პირიქით მოხდა. როდესაც სუფრას შემოვუსხედით, ერთ-ერთი მასპინძელთაგანი შემოვიდა და ჩვენდა განსაცვიფრებლად შემოგვძახა: „ქრისტე აღსდგა!“. „ჭეშმარიტად!“ – შევძახეთ ჩვენ და გავმხნევდით. შემდეგ სხვა მუსულმანები შემოგვემატნენ. მობრძანდა თავად ჩეჩნეთის პრეზიდენტიც, ჩეჩენი ხალხის საყვარელი შვილი ბატონი ჯოჰარ დუდაევი.

 

მე ვისაუბრე სუფრაზე იმის შესახებ, როგორია მუსულმანთა შეხედულება ჩვენს მაცხოვარზე, რომელსაც ისინი დიდ წინასწარმეტყველს ისას უწოდებენ, რომ მთელ რიგ მუსულმანურ ქვეყნებში არსებობს „მარიამ ანეს“, ანუ „დედა მარიამის“ კულტი, რონ ჩვენი წმინდა გიორგი მუსულმანთათვის „ხიზრია“, მძლეთამძლე წმინდანი, რომ სუფისტური მისტიკა ქრისტიანული მისტიკიდან იღებს სათავეს.

 

სტუმრებმა არ იცოდნენ, რომ ძველ თბილისში, სადაც ერთ კვადრატულ კილომეტრზე რამდენიმე რელიგია თანაარსებობს, მეტეხის ხიდთან 50–იან წლებამდე იდგა დიდი მეჩეთი, სადაც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები იყო და დიდი ჯვარცმა. ეს მეჩეთი დაანგრიეს კომუნისტებმა, ისევე, როგორც არაერთი ქრისტიანული სალოცავი. შემდეგ აღვნიშნე, რომ მუსულმანი პოეტების: საადის, ნავოის, ჯალალედინ რუმის შემოქმედებაში ჩანს უდიდესი მოწიწება სახარებისა და ქრისტიანობის დამაარსებლის წინაშე; რომ უდიდესი ქრისტიანი პოეტი ვაჟა–ფშაველა უმღეროდა ქართველებისა და ჩეჩნების ძმობას, რომელთაც რელიგიური მრწამსი არ უშლიდა ხელს ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულში („ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ–მასპინძელი“), ვისაუბრე ალექსანდრე ყაზბეგზე, რომელიც ადიდებს ჩეჩნების ვაჟკაცობას და მამულისათვის თავდადებას, გვიხატავს შამილის დაუვიწყარ სახეს, გავიხსენე ვაჟას სიტყვები:

 

„ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა“, „იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა“.

 

ალბათ პოეტის ნათელმხილველი სული მომავალს სჭვრეტდა, როცა ამ ნაწარმოებებს ჰქმნიდა.

 

ხშირად მახსენდება დავით გურამიშვილიც, მაოცებს მსგავსება ჩვენი ბედისა ამ დიდი წინაპრის ბედთან. ისიც უცხოეთში გადახვეწილი, რწმენისა და აღდგომის ნათლით სულდგმულობდა ნოსტალგიით გულგასენილი:

 

„მოსკოვ ქალაქს მზეს ვეძებდით

და ვერ ვნახეთ აქ სუ დარო

სოლ აღდგომა გვირჩევნია

აქ სიცოცხლე გვაქვს უდარო.

კაპას ქარსა მჭვალი ეკრას,

რას გვიშველის ვთქვათ „სუდარო“,

შენ განკურნე მწუხარება,

აღდგომავ და ქვავ სუდარო!“

 

„სოლ აღდგომა“ მზე აღდგომას ნიშნავს. („სოლ“ - ლათინურად). ამ განწყობილებიდან ჩანს, რომ დავითი „ქრისტიანულ“ მოსკოვში ნაკლებ თანადგომას და თანაგრძნობას ხედავდა, ვიდრე ჩვენ - მუსულმანურ ჩეჩნეთში.

 

პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა, ქრისტიანთა პატივსაცემად, წლევანდელი აღდგომა მთელ ჩეჩნეთში უქმე დღედ გამოაცხადა“, - წერს ხერხეულიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×